დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, "გლობალური დიასპორული კვირეული 2015–ს" ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართა „დიასპორის საინფორმაციო დღე“.
„დიასპორის საინფორმაციო დღე“ გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, რომელმაც, ღონისძიების ჩასატარებლად, საუნივერსიტეტო სივრცის დათმობისათვის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორი კონსტანს ციუმისი, „Gremada Calvo-Sotelo law firm” (ესპანეთი) წარმომადგენელი რიკარდო კორდე ლასტრა, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა. აგრეთვე, სამთავრობო, საერთაშორისო, არასამთავრობო და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირებას ევროინტეგრაციის პროცესისა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ. სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს საინფორმაციო კუთხეები; გამოიფინა ქართული პროდუქცია; მოხდა ქართული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. მაყურებელთა წინაშე ქართული ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით წარდგნენ ფოლკლორული კოლექტივები „შავნაბადა“; „ჰერულა“ და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლი „ნართები“, ხოლო ხრიდოლის აკადემიამ გამართა ასპარეზობა ხრიდოლში.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ხელი მოაწერს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებასა და სხვადასხვა შემოქმედებითი თუ კვლევითი პროექტების განხორციელებას.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge