გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 21 დეკემბერს გაიმართა ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია. სიტყვებით გამოვიდნენ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი. მათ დამსწრეთ გააცნეს ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, ოდერის ფრანკფურტის (გერმანია) ევროპული უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე კარტოზიამ.
პრეზენტაციის ფარგლებში 21-22 დეკემბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ემიგრაციის წარსული და დღევანდელობა“. კონფერენციაში მონაწილეობენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, მელბურნის უნივერსიტეტის და ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა 18 მოხსენება ქართული ემიგრაციის სხვადასხვა საკითხზე. კონფერენციაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური-ლამიხი.
ისევ პრეზენტაციის ფარგლებში, 22 დეკემბერს ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პაატა ნაცვლიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა ინსტიტუტში მომზადებული ორი წიგნი: „მიხაკო წერეთლის წერილები თამარ და აკაკი პაპავებს“ და „ სამსონ ფირცხალავას წერილები თამარ და აკაკი პაპავებს“. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საზოგადოება მალე მიიღებს სამეცნიერო ჟურნალს „ქართული ემიგრაცია“, რომელიც ამიერიდან წელიწადში ორჯერ გამოვა და ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტისა და გიორგი მაჩაბლის ფონდის ერთობლივი გამოცემა იქნება.
თეზისები იხილეთ აქ