გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და იურისტ სტუდენტთა კლუბის „დიკე“ ინიციატივით, კონკურსი „მედიატორი 2014“ დაიწყო. კონკურსის მონაწილეებს პირველი ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები, იურისტ სტუდენტთა კლუბის წევრები: თამარ საძაგლიშვილი, ვასილ გოდერძიშვილი, მარიამ ბაღათურია, ნინო ლიქოკელი. კონკურსში მონაწილეობს თბილისის 11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილე აბიტურიენტები გაივლიან ტრენინგკურსს მედიაციაში, სადაც გამოჩენილი აქტივობის მიხედვით, შეირჩევა კანდიდატები და მოხდება საკონკურსო ჯგუფების ორგანიზება.
მეორე ეტაპზე ტრენერები, დაჯგუფებულ მონაწილეებში უზრუნველყოფენ მედიაციის სიმულირებას, სადაც შესრულებული დავალების ხარისხიდან გამომდინარე, ჟიური გამოავლენს კონკურსის ფინალში მოთამაშე ჯგუფებს.
ხოლო, კონკურსის დასკვნით, ფინალურ ტურში გამოვლინდება კონკურსი „მედიატორი 2014“ გამარჯვებული ჯგუფი, რომელთაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურს დაუფინანსებს.
მედიაცია (ლათ. Mediare - შუამავლობა) დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის ფორმაა, მესამე ნეიტრალური მიუკერძოებელი მხარის მედიატორის (შუამავლის) დახმარებით.
მედიაცია წარმოადგენს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ყველაზე ჰუმანურ ფორმას. მედიაციის პროცედურის დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ეყრდნობიან რა მედიატორის გამოცდილებას, ცოდნასა და უნარს, დამოუკიდებლად მიდიან ურთიერთხელსაყრელ გადაწყვეტილებამდე.
მედიაციის შესწავლა საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის არის ორმხრივად სასარგებლო, ისინი მედიაციის სასწავლო კურსის გავლით დაეუფლებიან როგორც დებატების (პოლიტიკური და სასამართლო ფორმატის ერთგვარ ნაწილს) ისე, მოლაპარაკებების ხელოვნებას.