გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები ერთ კვირას შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ გრიგოლეთში მდებარე სასტუმრო „ანდამატში“ გაატარებენ. პროექტის ბენეფიციარები რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან დღეს მშობლებმა და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა გააცილეს.
სპეციალურად ამ პროექტისთვის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის პროფესორებმა შეიმუშავეს ფსიქო-თერაპიის პროგრამა „ემოციის მართვა“. აღნიშნული კურსი საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ის სტიქიით დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ამ მძიმე დღეებში მიღებული სტრესის დაძლევას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდებისთვის, რომელთა ასაკი 13-დან 22 წლამდეა, სასტუმროში ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი კომფორტული დასვენებისათვის, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსია აჭარის ღირშესანიშნაობებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობის სანახავად, ასევე მოეწყობა სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.
ერთკვირიანი კურსი 16 ივლისს დასრულდება. ახალგაზრდების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას და სხვა ყველა ხარჯს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.