მემორანდუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 20 მარტს ესტუმრა. შეთანხმებისამებრ, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი ითვალიწინებს კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობასა და ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა/განხორციელებას, რაც მიმართულია სამართლებრივი კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის სტრატეგიული პროცესის განვითარების ხელშეწყობისაკენ.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მოეწერა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონსტანტინე კუბლაშვილს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი სიგელი და მანტია გადასცა.

 

ვიზიტის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციაც წაიკითხა, რაც სტუდენტებთან ინტერაქტივით გაგრძელდა.

 

კონსტანტინე კუბლაშვილმა, უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაც დაათვალიერა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გია დეკანოზიშვილმა სტუმარს სწავლების ახალი მეთოდები გააცნო, რითაც ბატონმა კონსტანტინემ კმაყოფილება გამოთქვა და ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობას და სწავლების სისტემებს მაღალი შეფასება მისცა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი, უნივერსიტეტის რექტორის სამუშაო ოთახში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა. კონსტანტინე კუბლაშვილმა უნივერსიტეტის გამორჩეულ სტუმართა ჩანაწერების წიგნში სამახსოვროდ პირადი შთაბეჭდილებები და ავტოგრაფი დატოვა.