ირაკლი კახიძე
სადოქტორო ნაშრომის დასახელება:
„ძალაუფლების ეპიფენომენთა სტრუქტურული ტრანსფორმაცია ინფორმაციულ საზოგადოებაში“
სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი:
პროფ. თენგიზ ირემაძე
(გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი)
I. საკვლევი პრობლემა
XX საუკუნის ბოლოდან ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდივიდის ცოდნისა და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობები, ყოველივე ამან კი უზრუნველყო ეკონომიკის არნახული ზრდა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. ინფორმაციული საზოგადოების როლის შესახებ არსებული განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თითქმის ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ მოცემული ეპოქის უმთავრესი ნიშანია ინფორმაციის და თეორიული ცოდნის როლის არნახული ზრდა საზოგადოების ცხოვრებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ძალაუფლებრივმა ურთიერთობებმა, კაცობრიობა შევიდა განვითარების ახალ ფაზაში, სადაც ინდუსტრიული განვითარების ფორმები იცვლება ინფორმაციული ატრიბუტებით, როგორიცაა ტელევიზია, ინტერნეტი, კომპიუტერი, მობილური კავშირგაბმულობა, ქსელური მეწარმეობა და ა.შ. განსაკუთრებით იზრდება განათლების როლი, რადგან იგი შევიდა საბაზრო ურთიერთობებში და გახდა „ინფორმაციული საქონელი“. ცვლილებების მასშტაბი იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ ადამიანის საქმიანობის ისეთ ასპექტებსაც კი შეეხო, როგორიცაა ომი. დღევანდელ ეპოქაში ომის ტრადიციული წარმოების ფორმებს ანაცვლებს ეკონომიკური კონფლიქტები და ინფორმაციული ომები. ამავე დროს, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება კარგ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საზოგადოების ფართო ფენებისათვის იყოს ხელმისაწვდომი ძალაუფლება, რაც გამოიხატება ელექტრონული დემოკრატიის და ელექტრონული მთავრობის განვითარებაში.
II. ჰიპოთეზა და კვლევის მიზნები
კვლევის მიზანია ძალაუფლების სტრუქტურული ტრანსფორმაციის პროცესის დასაბუთება და ახალი სტრატიფიკაციული სტრუქტურის თავისებურებების ჩვენება ინფორმაციულ საზოგადოებაში. მოცემული მოვლენის უმთავრეს მიზეზად განიხილება ინფორმაციულ- ტექნოლოგიური რევოლუცია და მისგან მომდინარე ცვლილებები, რომელმაც ასახვა ჰპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სადისერტაციო ნაშრომში დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ინფორმაციული საზოგადოების და ძალაუფლების თეორიების ანალიზი და გლობალური „ინფორმატიზაციის“ კონტექსტში, მოხდება ცოდნის და ინფორმაციის ძალაუფლებაზე დეტერმინაციის წარმოჩენა. დისერტაციაში, ასევე, განხილული იქნება ინფორმაციულ საზოგადოებაში ტექნოლოგიური განვითარების დონიდან გამომდინარე ახალი სოციალური სტრატიფიკაცია და ციფრული უთანასწორობიდან მომდინარე საფრთხეები.
დისერტაციაში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ განსაზღვრავს ძალაუფლების რესურსებს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განვითარება და მეცნიერული ცოდნა.
III. პრობლემის სამეცნიერო კონტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული საზოგადოების ცნება ფართოდ დამკვიდრდა როგორც სოციალურ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო ცოდნისა და ძალაუფლების თავისებურებებს ინფორმაციულ საზოგადოებაში არაერთხელ შეეხო არაერთი ცნობილი მკვლევარი, ჯერ კიდევ არსებობს საკითხთა ფართო წრე, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. დისერტაციაში ინფორმაციული საზოგადოების თეორიულ კონტექსტში განხილული იქნება დ. ბელის და ი. ტოფლერის თეორიები, რომლებმაც პირველებმა მოხდინეს სისტემური რეფლექსია მეცნიერული ცოდნისა და მისგან მომდინარე ინოვაციების მნიშვნელობაზე განათლებისა და ეკონომიკის სფეროში. ნაშრომში დასმული პრობლემატიკის აკადემიურად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია ესპანური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის მ. კასტელსის ნაშრომები; იგი დეტალურად აღწერს ქსელური საზოგადოების თვისებრივ პარამეტრებს, რომელშიც ინფორმაციის მიერ პოლიტიკური და სოციალური ორგანიზაციის ინსტიტუციონალური ფორმების ჩანაცვლების პერსპექტივა არსებობს. ახალი საზოგადოებრივი წყობის და ინფორმაციული საზოგადოების ძირითადი თეორიების კვლევის თვალსაზრისით, ყურადღება გამახვილებეული იქნება ფ. ვებსტერის ნაშრომზე „ინფორმაციული საზოგადოების თეორია“, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თავად საკითხის მრავალწახნაგოვნებამ და აქტუალურობამ მიგვიყვანა ინფორმაციული საზოგადოების სხვადასხვა თეორიების წარმოშობასთან. ძალაუფლების კვლევის კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მ. ფუკოს ნაშრომებზე; იგი აკრიტიკებს ძალაუფლების კლასიკურ გაგებას და პ. ბურდიეს მოსაზრებებს ინფორმაციის როლისა და თეორიული ცოდნის მნიშვნელობაზე ძალაუფლებისათვის ბრძოლაში. დისერტაციაში, ასევე, განხილული იქნება ჰ. არენდტის, ი. ჰაბერმასის, მ. ვებერსი, ფ. ნიცშეს, ე. გიდენსის, ი.მასუდას და სხვ. მოაზროვნეთა შეხედულებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
IV. კვლევის მეთოდოლოგია
ზემოთ დასახული კვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევითი ნაშრომის ფარგლებში გამოყენებული იქნება კომპარატივისტული და ფილოსოფიური ანალიზის სხვადასხვა მეთოდები. ნაშრომში განხილული თეორიული კონცეფციები, ასევე, წარმოდგენილი იქნება ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიის ჭრილში. დისერტაციაში, ასევე, გამოყენებული იქნება დოკუმენტების ანალიზის მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ საქართველოში ინფორმაციული საზოგადოების დამკვიდრების ცალკეულ ინდიკატორებს, კერძოდ, „ელექტრონულ დემოკრატიასა“ და „ელექტრონული მთავრობის“ პრინციპების დანერგვის ტენდენციებს.
V. კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტები
მკვლევარები, რომლებიც ინფორმაციიული საზოგადოების თეორიებზე მუშაობენ, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან მომდინარე პროგრესის როლზე კაცობრიობის ისტორიაში. კერძოდ, ინფორმაციულმა რევოლუციამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენებას; ამავე დროს, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ადამიანის როლი და დემოკრატიული ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში. მაგრამ, ამავდროულად, განვითარების მოცემულ ეტაპზე არსებობს გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც თანამედროვე ეპოქის თანამდევი პროცესია და ყოველივე ამას სჭირდება მეცნიერული ანალიზი და შესაბამისი ინტერპერტაცია. მით უმეტეს, რომ მოცემული საკითხი ქართულ რეალობაში ნაკლებადაა გამოკვლეული. სადისერტაციო ნაშრომი, ასევე, მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად შესწავლასა და გააზრებას.