2010 წელს იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ფონდმა (ბონი, გერმანია) დააფინანსა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში (2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით).
პროფ. ჰელმუტ შნაიდერის აქტიური მონაწილეობით გამოიცა არაერთი სამეცნიერო კრებული, ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების დარგში. ამავე პერიოდში ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოვიდა პროფ. შნაიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „ფილოსოფიური გეოგრაფია“, რომელმაც დიდი რეზონანსი ჰპოვა ქართულ სამეცნიერო წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. გარდა ამისა, პროფ. შნაიდერი ინტენსიურად მუშაობდა სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. უნივერსიტეტის სტუდენტისა და სამეცნიერო პერსონალის დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა ლექცია-სემინარებმა ჰეგელის ესთეტიკისა და სამართლის ფილოსოფიის, ფილოსოფიური გეოგრაფიის, უტოპიური ქალაქის სიმბოლიკისა და ადამიანის ნების თავისუფლების პრობლემების შესახებ. პროფ. შნაიდერმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო 2011 წელს გამოქვეყნებული რვაენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის „ფილოსოფია გლობალური ცვლილებების ეპოქაში“ (რედაქტორი - პროფ. თენგიზ ირემაძე) მომზადებასა და გამოცემაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში მომზადდა და გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, ბურკჰარდ მოიზიშის დაბადებიდან 65 წლისთავს მიეძღვნა.