პირველი ქართული აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა
ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის ქართულ აზროვნებაზე და, გარკვეუწილად, განსაზღვრა კიდეც მისი ბედი (გრიგოლ რობაქიძე, დავით კასრაძე, კონსტანტინე გამსახურდია, კონსტანტინე კაპანელი). მიუხედავად ამისა, ქართულ ენაზე დღემდე არ არსებობს ფრიდრიხ ნიცშეს თხზულებების აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა. უფრო მეტიც, დღემდე ამ დიდი გერმანელი მოაზროვნის მხოლოდ ერთი ნაშრომი „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ იყო ქართულად თარგმნილი. სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა ამ დიდი გერმანელი მოაზროვნის რჩეული (მთავარი) ფილოსოფიური თხზულებების ქართული თარგმანები სათანადო შენიშვნებით, კომენტარებითა და თანმხლები გამოკვლევებით.
წინამდებარე სერიის მთავარი რედაქტორია პროფ. თენგიზ ირემაძე, ხოლო სერიის რედაქტორები არიან: პროფ. ლალი ზაქარაძე და ასისტენტ-პროფ. გიორგი თავაძე. სერიის საკონსულტაციო საბჭოში შედიან ცნობილი ქართველი და გერმანელი ფილოსოფოსები: გიორგი ბარამიძე, გურამ თევზაძე, უდო რაინჰოლდ იეკი, დოდო ლაბუჩიძე, ჰელმუტ შნაიდერი.
2011 წელს, ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზულებათა პირველი ქართული აკადემიურ-კრიტიკული გამოცემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი ტომის გამოცემა: „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“ (გერმანულიდან ქართულად თარგმნა, შენიშვნები, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი თავაძემ; წინათქმა თენგიზ ირემაძისა; ტომის სამეცნიერო რედაქტორები: თენგიზ ირემაძე და ლალი ზაქარაძე).
2016 წელს გამოიცემა წინამდებარე აკადემიური გამოცემის მეორე ტომი: „კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“.