ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროგრამების მონაწილეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროგრამების მონაწილეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გრუნიში


2024 წლის 16 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ინგლისური ენის სპეციალისტთა გადამზადების- „TESOL“ პროგრამის მესამე ეტაპი და კვლევითი სემინარების -„Paths to Publication“-ის მეორე ეტაპი. ორივე პროგრამა განხორციელდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში.

 

3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, მესამე ეტაპზე საქართველოს რეგიონის სკოლების 12 მასწავლებელი დააფინანსა სრულად, სულ კი პროგრამის ფარგლებში გრუნიმ 23 მასწავლებელი მოამზადა.

 

ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ორმაგი ენისა და წიგნიერების შეძენის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, რეგენტმა პროფესორმა - ლარა-ალესიომ, განაცხადა: „ტესოლ პროგრამის გავლა თითოეული პროფესიონალისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ჩვენს, მსოფლიო დონის საგანმანათლებლო - კვლევით ცენტრში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ორენოვანი განათლების სფეროში.“

 

პროფესიული განვითარების საერთაშორისო კვლევითი სემინარები - „Paths to Publication”, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ ლექციებს. 2023 წლის შემოდგომის სემესტრში, გრუნის 60 ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ჩაერთო პროექტში. ლექციებს უძღვებოდნენ ტეხას ა&მ - ის უნივერსიტეტის საუკეთესო სპეციალისტები. პროგრამებს გრუნის მხრიდან კოორდინაციას უწევდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.

 

პროგრამების დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის მრჩეველი, ალექს დენიელსი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ონლაინ - ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი და პროფესორი მეთიუ იტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები; TESOL პროგრამის მონაწილე სკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.

 

რექტორმა მამუკა თავხელიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა ტესოლ პროგრამის წინა სემესტრის კურსდამთავრებულს, ნატო ჯავახიას, რომელიც ამ ნაკადზე მოხალისე მენტორად ჩაერთო ტესოლ პროგრამაში და დაეხმარა არაერთ კურსდამთავრებულს.

 

ცერემონიის დასასრულს კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს ამ შესაძლებლობისათვის. ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ქართველების წარმატებული მონაწილეობა პროექტში და შემდგომი წინსვლა უსურვეს თითოეულ მათგანს.

 

 პარტნიორობის ფარგლებში გრუნი განაგრძობს თანამშრომლობას ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან.

 

2022 წლის 31 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლასთან.