შეხვედრა ავთანდილ მიქაბერიძესთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ავთანდილ მიქაბერიძესთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე მრავალი წელია ათენში ცხოვრობს. აქ იგი ხელმძღვანელობს მის მიერვე დაარსებულ ორ ინსტიტუციას: ის არის ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.

 

2014 წლის 21 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა ავთანდილ მიქაბერიძესთან, რომელიც რამდენიმე დღით იყო ჩამოსული თბილისში. შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

შეხვედრას უძღვებოდა ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, რომელმაც სტუმარი მოკლე შესავალი სიტყვით წარუდგინა საზოგადოებას.

 

დოქტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ დამსწრეთ უამბო ათენის ქართული ინსტიტუტის მიერ გაწეული სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ, გააცნო მათ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, რომელიც ბევრს აკეთებს საბერძნეთში ემიგრირებულ ქართველთა შორის საგანმანათლებლო თუ კულტურული მუშაობის კუთხით, ცდილობს, რომ ქართველებად აღიზარდონ საბერძნეთში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც მოწყვეტილი არიან მშობლიურ გარემოს და მოკლებული არიან ქართულად განათლების მიღების საშუალებას.

 

ავთანდილ მიქაბრიძემ წაიკითხა საინტერესო მოხსენება თემაზე: „X-XI საუკუნეების ქართული ემიგრაციის ისტორიის საკითხები“. მან მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენებით აუდიტორიას გააცნო საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობის მრავალმხრივ საყურადღებო ისტორია. შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

 

 

იმავე დღეს ავთანდილ მიქაბერიძე შეხვდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს. საუბარი შეეხებოდა  უნივერსიტეტის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს ათენის ქართულ ინსტიტუტთან და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“.