2026 წლის 19-27 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები, ანი ჩხაიძე და ელენე სააკაშვილი, პოლონეთში, ქალაქ პუკში, გამართული საერთაშორისო სემინარის - „Stop the Noise“, მუშაობაში მონაწილეობდნენ.
პროექტში გრუნის სტუდენტების ჩართვა პარტნიორი ორგანიზაციის, GYDA-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით განხორციელდა, რამაც სტუდენტებს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.
სემინარის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის ანიმაციის ტექნიკის - “Stop Motion”, გაცნობა და იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება მარტივი, ყოველდღიური ნივთების, ფოტოების, ბუნებრივი ელემენტებისა და სმარტფონების გამოყენებით საინტერესო ვიზუალური ისტორიების შექმნა.
სემინარის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ და ჯგუფურ აქტივობებს დაეთმო. მონაწილეები საკუთარი იდეებისა და წარმოსახვის გამოყენებით ქმნიდნენ სხვადასხვა საგანს, იღებდნენ ფოტოებს და სპეციალური Stop Motion აპლიკაციის დახმარებით კადრ-კადრ აწყობდნენ ანიმაციებს. სამუშაო პროცესი ეფუძნებოდა სწავლა-კეთების პრინციპს - „Learning by Doing“. თითოეული ნამუშევარი მონაწილეების ინდივიდუალური ხედვისა და გუნდური თანამშრომლობის შედეგი იყო.
სემინარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა კულტურული საღამო. საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, საბერძნეთისა და პაკისტანის ახალგაზრდებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების ისტორიები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გაუზიარეს.
საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად, სემინარის მონაწილეებმა პოლონეთის რამდენიმე ქალაქის - გდანსკი, ჰელი და გდინი - ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს.
საერთაშორისო სემინარში მონაწილეობამ სტუდენტებს ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შესძინა, განუვითარა შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
