2026 წლის 26 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო ლიპარტია, მოწვეული ლექტორის სტატუსით მონაწილეობდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც ეძღვნებოდა თემას: „სამედიცინო კვლევების სამართლებრივი პერსპექტივები - რეგულირების გამოწვევები, მონაცემთა დაცვა და სამომავლო შესაძლებლობები“.
გრუნის პროფესორმა წაიკითხა ლექცია: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამედიცინო მომსახურებაში და პასუხისმგებლობის საკითხები სამედიცინო მომსახურების ხარვეზებისა და პროფესიული დაუდევრობის შემთხვევაში“.
განხილეს ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი და მისი გამოყენებით წარმოშობილი სამართლებრივი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებისას პაციენტის უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანისა და ალგორითმის პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე, სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებს. ლექციაზე გაანალიზდა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები, მათ შორის, ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სამართლის სტუდენტები: ჰამბურგის, ტაივანის, ბრაზილიისა და ლაპლანდიის უნივერსიტეტებიდან, რაც პროგრამას განსაკუთრებულ საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ მნიშვნელობას ანიჭებს.
ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა მადლობა გადაუხადა პროფესორ ნინო ლიპარტიას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი აკადემიური წვლილისთვის. მასპინძელი უნივერსიტეტის შეფასებით, ლექციამ სტუდენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო პროფესორის მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა პროგრამის აკადემიური შინაარსი და მონაწილეთა გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, ჰამბურგის უნივერსიტეტმა პროფესორ ნინო ლიპარტიას სწავლების ოფიციალური დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
