გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანია სტომატოლოგიური განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება, თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკის ინტეგრირება და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტსა და CURADEN-ს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, კერძოდ: გრუნიში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის - iTOP (Individually Trained Oral Prophylaxis) - დანერგვას, სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრის -„გრუნივერსის“ ექიმებისთვის პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე პრევენციული სტომატოლოგიის სწავლების მეთოდოლოგიის ინტეგრირებასა და სტუდენტებისთვის CURADEN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნას.
კომპანია CURADEN მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია პრევენციული სტომატოლოგიის, პირის ღრუს ჰიგიენისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებით. კომპანიის მიერ შექმნილი iTOP მეთოდოლოგია დღეს წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტსა და კლინიკაში და წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე სტანდარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის განათლებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გრუნის კანცლერი - გიორგი თავხელიძე, რექტორის მოადგილე ინტერნაციონალიზაციის საკითხებში - თამარ ლაღიძე, სტომატოლოგიის სკოლის დეკანი - ანა თეგეტაშვილი, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრის - „გრუნივერსის“ ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო წილოსანი.
კომპანია CURADEN-ის მხრიდან უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: ანა ბოკუჩავა - Curaden-ის ხელმძღვანელი საქართველოში და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სათავო კომპანიაში (შვეიცარია), ანა თავართქილაძე - iTOP-ის საერთაშორისო ტრენერი, პაროდონტოლოგი და საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და თათია როხვაძე - iTOP-ის საერთაშორისო ტრენერი და პაროდონტოლოგი.
შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა CURADEN-ის საქმიანობა, საერთაშორისო ხედვა და iTOP-ის საგანმანათლებლო კონცეფცია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომლებსაც ახალი თანამშრომლობა გრუნის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს.
წარმატებული საერთაშორისო კომპანიის პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვას, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განვითარებასა და მომავალი სტომატოლოგების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
