გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ანტიპლაგიატის კვირეული, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აერთიანებდა საჯარო ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებს, დისკუსიებსა და სტუდენტურ კონკურსებს. კვირეულის მიზანი იყო აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერება, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისება და პასუხისმგებლიანი აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენა.
კვირეულის განმავლობაში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში, რომლებიც შეეხებოდა აკადემიური წერის სტანდარტებს, ციტირების წესებს, პარაფრაზირების ტექნიკას, ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებასა და კვლევის კეთილსინდისიერების საკითხებს. ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხარისხიანი განათლება ეფუძნება დამოუკიდებელ შრომას, აკადემიურ ეთიკასა და ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემას.
ანტიპლაგიატის კვირეულში აქტიურად ჩართულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის „პარაფრაზირება პლაგიატის გარეშე“ მონაწილეებმა წარმოაჩინეს აკადემიური წერის, ტექსტის დამოუკიდებლად გადამუშავებისა და კეთილსინდისიერი პარაფრაზირების უნარები, გამარჯვებულებს უნივერსიტეტისგან გადაეცათ აიპადები.
კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე სტუდენტებს მიმართეს: რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო - კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და პროექტის ორგანიზატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხატია მარკოზაშვილმა. აღინიშნა, რომ აკადემიური კეთილსინდისიერება არ არის მხოლოდ უნივერსიტეტში მოქმედი წესი ან რეგულაცია, იგი წარმოადგენს პიროვნულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრავს პროფესიულ ეთიკას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოების ნდობას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებშიც სწორედ დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული ანალიზი და პატიოსანი შრომა ქმნის ცოდნის ნამდვილ ღირებულებას.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებას, ხარისხიანი განათლების მხარდაჭერასა და სტუდენტებში პასუხისმგებლიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბებას.
კვირეული დასრულდა მთავარი გზავნილით:
„პლაგიატი დროებითი გამოსავალია, ცოდნა - მუდმივი ღირებულება“
