დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა, სკოლებში, დაიწყო გასვლითი ინტერაქტიური ტრენინგების ციკლი მოსწავლეებისათვის.
ტრენინგების მიზანია მედიაციის პოპულარიზაცია, სამედიაციო უნარების კულტურის დანარგვა, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და სხვა.
ტრენინგი, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, სახალისო ფორმით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მხრიდან დიდი დაინტერესებით, ჩართულობითა და დადებითი უკუკავშირით დასტურდება.
ტრენინგის თემატიკაა: რა არის მედიაცია და რატომ წარმოადგენს ის ცხოვრების თანამედროვე წესს; მოლაპარაკების მნიშვნელობა და ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები;
მედიაციის საფუძვლები, მედიატორის როლი და უნარები.
ინტერაქტიურ ტრენინგებს უძღვება გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ლიცენზირებული მედიატორი ნინა გერსამია. პრაქტიკული ტრენინგების ჯგუფურ ეტაპებს წარმართავენ გრუნის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, მედიაციის ცენტრის სტიპენდიანტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მედიაციის ცენტრის საქმიანობაში მისი დაარსების დღიდან: მარიამ კაპანაძე, ნინი გოცირიძე, მარიამ ნიშნიანიძე და ელენე გიორგაძე. მედიაციის სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ინტერაქტიური ტრენინგების საშუალებით გაუზიარონ ახალ თაობას.
დღემდე თბილისისა და რეგიონის სკოლების 250-მდე მოსწავლემ გაიარა ტრენინგი „შესავალი მედიაციაში“ და მიიღო მედიაციის საპატიო ელჩის სტატუსი.
დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრის, მიერ გასვლითი ტრენინგები დაიგეგმა გრუნის სტრატეგიული განვითარების ცენტრთან ერთად და ჩატარდა თბილისის 142-ე, 169-ე საჯარო სკოლებში, კერძო სკოლებში: IB მთიები, ანი-ZET, მარნეულის კერძო სკოლაში „მომავალი“.
მედიაციის ცენტრი აგრძელებს გასვლითი ტრენინგების ციკლს და 2024 წლის ბოლომდე ჯამში 10-მდე სკოლაში განახორციელებს ვიზიტს.
სკოლებში ჩატარებული ტრენინგების საუკეთესო მონაწილეები 2025 წლის იანვარში მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.