ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროგრამების დასრულების საზეიმო ცერემონია გრუნიში

ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროგრამების დასრულების საზეიმო ცერემონია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, განახორციელა ორი უპრეცედენტო პროექტი: „TESOL - ინგლისური ენის სპეციალისტთა გადამზადებისა“ და „Paths to Publication - კვლევითი სემინარების“ პროგრამა, რომელთა საზეიმო დახურვის ცერემონია 2023 წლის 1 ივნისს გაიმართა.

 

3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, მეორე ეტაპზე 10 აკადემიური პერსონალი და სკოლის მასწავლებელი დააფინანსა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დოქტორმა ლარა-ალესიომ, რეგენტის პროფესორმა, ორმაგი ენისა და წიგნიერების შეძენის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა განაცხადა: „ტესოლ პროგრამის გავლა თითოეული პროფესიონალისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ჩვენს, მსოფლიო დონის საგანმანათლებლო - კვლევით ცენტრში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ორენოვანი განათლების სფეროში.“

 

პროფესიული განვითარების საერთაშორისო ვებინარები - „Paths to Publication”, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ ლექციებს. 2023 წლის გაზაფხულზე გრუნის 65 ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ჩაერთო პროექტში. ლექციებს უძღვებოდნენ ტეხას ა&მ - ის უნივერსიტეტის საუკეთესო სპეციალისტები.

 

პროგრამებს გრუნის მხრიდან კოორდინაციას უწევდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.

 

პროგრამების დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ონლაინ - ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი; პროფესორი ერინ სინგერი, ტესოლ და მოოპილ პროგრამების კოორდინატორი და პროფესორი მეთიუ იტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები; TESOL პროგრამის მონაწილესკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.

 

გრუნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რექტორმა მამუკა თავხელიძემ დამსახურების სიგელი და საუნივერსიტეტო მედალი - „ალმა მატერის რჩეული“, გადასცა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ: აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს, ლიკა გუმბერიძეს და ტეხას ა&მ უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორს, პროფესორ მეთიუ იტჩელსს. ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის დამსახურების სიგელი, ასევე, გადაეცა რექტორის მრჩეველს, ანა აბესაძეს აღნიშნულ პარტნიორობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.

 

ცერემონიის დასასრულს კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს ამ შესაძლებლობისათვის. ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ქართველების წარმატებული მონაწილეობა პროექტში და შემდგომი წინსვლა უსურვეს თითოეულ მათგანს.

 

 პარტნიორობის ფარგლებში გრუნი განაგრძობს თანამშრომლობას ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან.

 

2022 წლის 31 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლასთან.