„მედიატორი, ეს მომავლის პროფესიაა“

„მედიატორი, ეს მომავლის პროფესიაა“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი მედიაციის, როგორც დარგის, პრაქტიკულად შესწავლა და პოპულარიზაციაა. მისი შექმნის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ცენტრი ქვეყანაში დავების მოგვარების ალტერნატიული კულტურის დანერგვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

რაც შეეხება ცენტრის ფუნქციასა და საქმიანობას, ის პირველ რიგში დაეხმარება გრუნის სტუდენტებს, მედიაციის სალექციო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ; ასევე, მედიაციისა და არბიტრაჟის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, განხორციელდება სამეცნიერო კვლევები, შემუშავდება კანონპროექტები, დაიგეგმება ერთობლივი დისკუსიები, შეჯამდება შედეგები, განვითარდება თანამშრომლობა საერთაშორისო ექსპერტებთან და წამყვან სპეციალისტებთან და მთელი ეს პროცესი სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართება.

 

ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრუნის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, მედიატორთა ასოციაციის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ცენტრის დაარსების იდეა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს ეკუთვნის, რომელმაც საზეიმო ცერემონია გახსნა და დეტალურად ისაუბრა მედიაციისა და მისი განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. აღნიშნა, რომ ცენტრის დაარსება არის წინაპირობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში გვეყოლება თაობა, რომელსაც ეცოდინება, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატიული მექანიზმები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დაზოგონ დრო, ხარჯი, ადამიანური რესურსი და სადავო საკითხების შესახებ გადაწყვეტილებები ისე მიიღონ, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს. ეს კი, ირაკლი ყანდაშვილის თქმით, ორ რამეს განაპირობებს: მშვიდობიანი სოციუმის არსებობასა და დიალოგის კულტურის განვითარებას, რისი დეფიციტიც ქვეყანაში დღეისათვის ნამდვილად არის.

 

„მიხარია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ იდეას მხარს უჭერენ და ავითარებენ. ამ მხრივ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გამორჩეულია. უახლოეს პერიოდში საშუალო სკოლებშიც იგეგმება მედიაციის სავალდებულო სწავლების შეტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალმა თაობამ სკოლიდანვე უნდა იცოდეს, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მისი რეგულირების მექანიზმი მხოლოდ სამართალწარმოება და სასამართლო არ არის, რომ ასევე არსებობს მედიაცია და არბიტრაჟი“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

 

მედიაციის სწავლების მნიშვნელობის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მამუკა თავხელიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სამართლის საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო საგნად იქნა შეტანილი და სწორედ აქედან გაჩნდა ცენტრის შექმნის იდეაც. მისი თქმით, დღევანდელ საზოგადოებაში მედიაციის, კომპრომისის, შერიგების უნარების გამომუშავება გარდაუვალი აუცილებლობაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცენტრიც, რომელიც შეეცდება, რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი მედიაციის იდეის გავრცელებასა და დანერგვას.

 

„ცენტრის საქმიანობა არ დარჩება მხოლოდ ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, ვეცდებით უფრო გავაფართოოთ და სხვა უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ. ცენტრის მუშაობაში სტუდენტების მონაწილეობის ხარისხიც მაღალი იქნება. მისი შექმნის ერთ - ერთი მთავარი საფუძველიც ხომ ამ საკითხებით მათი დიდი დაინტერესებაა. მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, ეს იდეა სკოლებშიც გვინდა გავავრცელოთ, რადგან მედიაციის უნარების ჩამოყალიბება სკოლიდან უნდა დაიწყოს. სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც კომპრომისული, ჰუმანისტური იდეების ჩამოყალიბებას უნდა ჩაეყაროს საფუძველი და ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა უნივერსიტეტმა?! თუ ამას შევძლებთ, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია. იმედი მაქვს, ცენტრის საქმიანობა ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც თავად ამ სასწავლო კურსის განხორციელება პრაქტიკაში.

განათლების სამინისტროსგან ყოველმხრივი მხარდაჭერა გვაქვს და იმედია, კიდევ უფრო გაიზრდება დაინტერესება, რადგან პროფესიონალ მედიატორთა და, ზოგადად, ამ უნარით აღჭურვილი თაობების აღზრდა სცილდება ერთი უნივერსიტეტის ინტერესის სფეროს, ეს საქვეყნო საქმეა, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში სწორედ კომპრომისისადმი მზაობის დეფიციტი იგრძნობა” - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მსგავსი საჭირო და დროული სიახლეების დანერგვაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთ პირველია. მისი თქმით, ამ მიმართულების შექმნის თაობაზე შესაბამისი კანონი ორი წლის წინ იქნა მიღებული და ამ ხნის განმავლობაში იგი მნიშვნელოვნად განვითარდა, გაიზარდა ცნობადობა და ინტერესი მისი, როგორც დისციპლინის მიმართ. ამაში კი დიდი წვლილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და მის ხელმძღვანელობას მიუძღვის. ეს შრომა კი უკვალოდ არ ჩაივლის და თავის შედეგს უახლოეს მომავალში გამოიღებს.

 

„რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საგანმანათლებლო სივრცეში დავნერგოთ. ამიტომ მისასალმებელია ის პრეცედენტი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შექმნა. ვიცი, რომ სამართლის სკოლებში ეს მიმართულება ისწავლება როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნად. ამიერიდან კი, ამ უნივერსიტეტში იმუშავებს ცენტრი, სადაც სტუდენტები, პროფესორ - მასწავლებლები და დაინტერესებული პირები უფრო მეტი ჩართულობით შეძლებენ ამ დარგის შესწავლას, განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

იმედია, მალე დადგება დრო, როცა სამართლის დარგობრივ მახასიათებლებში, დაიწყება ფიქრი მედიაციის სავალდებულო საგნად შემოღების თაობაზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს მომავლის პროფესიაა. აუცილებელია, რომ ახალმა თაობამ ეს დისციპლინა კარგად იცოდეს “- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ.

 

საზეიმო ღონისძიება ლენტის გაჭრითა და მედიაციის ცენტრის გახსნით დასრულდა, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა.