გრუნის დელეგაციამ ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

გრუნის დელეგაციამ ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა


უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ლიეტუვის უმაღლესი განათლების სფეროს საქმიანობის გაცნობა და კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები- პროფესორი გია დეკანოზიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სტუდენტი ანი ფირცხალავა, სტუმრობდნენ მიკოლა რომერის სახელობისა და ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებს, ასევე, ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფილიალს.

 

მიკოლა რომერის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრები გაეცნენ პოსტკოვიდურ პერიოდში სასწავლო პროცესის მართვის პროცესს, შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას, სტუდენტური თვითმართველობის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

 

შეხვედრების პარალელურად, გრუნის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გია დეკანოზიშვილი მონაწილეობდა კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. მისმა მოხსენებამ -„კრიმინალისტიკის სწავლების პრობლემები პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათი გადაწყვეტის გზები“ - დიდი მოწონება დაიმსახურა. სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანსა და ამავდროულად, ლიეტუვის კრიმინალისტთა ასოციაციის დირექტორთან, ქალბატონ სნიეგუოლე მატულიენესთან. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და რობაქიძის უნივერსიტეტში კრიმინალისტთა შემდეგი საერთაშორისო კონგრესის ჩატარების თაობაზე. რომერის უნივერსიტეტში ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, „ერასმუს +“ - ის მთავარი კოორდინატორი, აუდრა ბუროკიენე. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრას ესწრებოდა სტუდენტი ანი ფირცხელავა, რომელსაც ეს შესაძლებლობა კონკურსში გამარჯვების შედეგად მიეცა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალშიც დაუჭერს მხარს უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების პროცესში სტუდენტების ჩართულობას.

 

შეხვედრები გაიმართა ასევე ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. შეხვედრას უძღვებოდნენ ვიცე რექტორი - ნიოლე ზინკევიჩიენე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იოლანტა პრეიდიენე. ორგანიზატორი გახლდათ პროექტების მენეჯერი და უცხოელი სტუდენტების კოორდინატორი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში - სოფიო ტაბატაძე. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფილიალშიც, სადაც უცხოელ კოლეგებთან გამართული საუბარი შეეხებოდა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობას, განათლების ინტერნაციონალიზაციასა და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელებას.

 

ქართულ დელეგაციას ხელძღვანელობდა და ყველა შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორი, ასოცირებული, აფილირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შეხვედრების თითოეულ ორგანიზტორსა და დიალოგში ჩართულ ყველა უცხოელ კოლეგას.