გრუნის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ

გრუნის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის სასწავლო და ჟურნალისტური პროდუქციის წარმოების პროცესი სულ უფრო აქტიურდება.

 

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მედიასკოლის მეორე კურსის სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო დეპარტამენტს ეწვივნენ, სადაც მათ ეკა გოგიჩაიშვილმა უმასპინძლა. სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნენ საარქივო ჟურნალისტიკის, როგორც დისციპლინის, არსს და თანამედროვე დოკუმენტურ ფილმებში ძველი ვიდეომასალების გამოყენების სპეციფიკას. მომავალმა ჟურნალისტებმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელთან თათია პაჭკორიასთან ერთად გაშიფრეს, დაახარისხეს და ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს მათთვის საჭირო, მრავალი წლის განმავლობაში არქივში დაცული უნიკალური ვიდეომასალები.

 

სტუდენტები, ასევე, გაეცნენ საინფორმაციო პროგრამა “მოამბის“ მუშაობის სპეციფიკას, როგორც ტექნიკური, ისე ჟურნალისტური აქტივობის მხრივ. თანამედროვე ნიუსრუმში სტუდენტებს მეგზურობა გაუწია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა შონიამ. მომავალმა ჟურნალიტებმა დაათვალერეს ულტრათანამედროვე სტუდიები, რედაქციები და გაეცნენ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც კონკურენტულ მედიაბაზარზე შესასვლელად არის აუცილებელი.

 

ლიზი ჩიმჩიური - ჟურნალსტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო დეპარტამენტში სტუმრობით საშუალება მომეცა გავცნობოდი არქივთან მუშაობის პრაქტიკულ ნაწილს, რაც ამ დრომდე ნამდვილად არ ვიცოდი. კონკრეტული ფილმისთვის შევარჩიეთ ის უნიკალური კადრები, რომლებიც 90-იან წლებში გადაიღეს წინა თაობის ჟურნალისტებმა. ეს მართლაც სასწაული იყო, გავშიფრეთ რვა სამსაათიანი მასალა. არქივთან წვდომა და მუშაობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა მომავალი ჟურნალიტებისთვის. გავიაზრე ყველა ის შეცდომა, რასაც საწყის ეტაპზე უშვებდნენ ჩვენი უფროსი კოლეგები და ვეცდები აქტიურ ჟურნალისტიკაში ყოფნისას იგივე არ გავიმეორეო. არქივთან შეხების გარდა, ძალიან გამიხარდა, რომ ჟურნალისტების მუშაობის ცოცხალ პროცესსაც დავესწარი. საკუთარი თვალით ვნახე თუ როგორ წერენ ტექსტებს ნიუსრუმში, როგორ მზადდება სტუდია საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე და რამხელა შრომა იხარჯება იმისთვის, რომ დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მაყურებლამდე მივიდეს. ვნახეთ ულტრათანამედროვე სატელევიზიო სამონტაჟოები, აპარატურა, პირდაპირი ჩართვის რეალური სცენები და მოკარნახეები. მოკლედ რომ ვთქვა, ამ დღემ უკეთესად შემაგრძნობინა ჩემი პროფესიის არსი და პასუხისმგებლობა.

 

გურანდა გოგილაძე - ჟურნალსტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო დეპარტამენტში სტუმრობისას საშუალება მოგვეცა გავცნობოდით ამ დისციპლინაში მუშაობის წესებს. ჩვენი უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელთან თათია პაჭკორიასთან ერთად, გავშიფრეთ და ჩვენი პროექტისთვის ამოვარჩიეთ არქივში დაცული უნიკალური ვიდეომასალები. ასევე, გავეცანით თანამედროვე ნიუსრუმის შიდარედაქციულ რუტინას. ვფიქრობ, მომავალი ჟურნალიტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ პრაქტიკული ნიუანსის გაცნობა, რაც ტელევიზიის კულუარებს ეხება.

 

განსაკუთრებით საინტერესო იყო შიდა სამზარეულო, რადგან სწორედ აქ ხდება საკუთარი პროფესიის არსის გაცნობიერება, კერძოდ ის, თუ რა პროცესს გადის თითოეული ჟურნალისტი თავისი რუბრიკის, სიუჟეტის თუ პირდაპირი ჩათვის მოსამზადებლად. გაოცებული ვარ, რადგან თავად შევესწარი იმ ფორსმაჟორულ პროცესს, რომელშიც მუშაობა უხდებათ თანამედროვე ჟურნალისტებს. უკვე ისე მოვიწამლე ტელევიზიით, ალბათ ყველაფერს გავაკეთებ ამ სივრცეში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად.