მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია განათლების თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინების გარეშე. მედიცინის სკოლის აკადემიური პროგრამა ხორციელდება საქართველოში მოქმედი განათლების სისტემის კანონმდებლობის გათვალისწინებით ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პრინციპების შესაბამისად. სკოლა ახორციელებს როგორც დიპლომამდელ (დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა), ისე დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამებს (სარეზიდენტო პროგრამები). მედიცინის სკოლის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალი პროფესიული ეთიკის და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური სტომატოლოგების ახალი თაობა. ყოველივე ამას უზრუნველყოფს მედიცინის სკოლის არა მარტო მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და თანამედროვე სტანდარტების მქონე საუნივერსიტეტო მატერიულ-ტექნიკურ რესურსი, არამედ - საგანმანათლებლო პროცესში განხორციელებული კონცეპტუალური ცვლილებები. კერძოდ -. სწავლების „CBCR“ - მეთოდის („შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება“) და „OSCE“-ის ტიპის შეფასების სისტემის („ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა“) იმპლემენტაცია. სწორედ „CBCR“ -მეთოდი ავითარებს დამოუკიდებელ კლინიკურ აზროვნებას და ამზადებს სტუდენტს „რეალური ცხოვრებისთვის“, ეხმარება მას, უკეთ გაითავისოს მომავალი პროფესიის პრაქტიკული ასპექტები. ხოლო სტუდენტის კლინიკური კომპეტენციების შეფასების „OSCE“-ის სისტემა აღიარებულია სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ძირითად სტანდარტად სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
სრულყოფილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღებას უზრუნველყოფს ფუნდამენტური თეორიული ცოდნის გამყარება კლინიკური ინტეგრაციის პირობებში. ამ მიზნით, სწავლების პროცესი ხორციელდება პრესტიჟულ, უნივერსიტეტთან აფილირებული მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც სტუდენტები გადიან კლინიკური ინტეგრაციის კურსს სხვადასხვა დისციპლინაში (შინაგანი სნეულებანი, ზოგადი და კერძრო ქირურგია, რეანიმატოლოგია, მეან- გინეკოლოგია, თვალის სნეულებანი, ოტორინოლარინგოლოგია, ფსიქიატრია, ყბა-სახის ქირურგია, ყბა-სახის ონკოლოგია, დენტალური იმპლანტოლოგია და სხვ.). სწავლების I, II და III დონეზე სტუდენტები პროფესიული კლინიკურ უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით მუშაობენ თანამედროვე საფანტომო ტრენაჟორულ ლაბორატორიაში მულაჟებსა და ფანტომებზე, ხოლო IV და V დონის სტუდენტები კლინიკურ გამოცდილებას იღებენ საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთან აფილირებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში. სწორედ სწავლების ეფექტური სისტემის შედეგია ის ფაქტი, რომ ჩვენი კურსდამთავრბულები გამოირჩევიან სასერტიფიკაციო გამოცდების ძალიან მაღალი შედეგებით და რეალური დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.
ჩვენი სკოლის ყველაზე წარჩინებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიღონ გაცვლით პროგრამებში უნივერსიტეტის უცხოურ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში.
მედიცინის სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიციები საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ, თუკი, თქვენ მყარად გაქვთ გადაწყვეტილი, გახდეთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და გამორჩეული ექიმი-სტომატოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწორედ ის უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ნამდვილად შეიქმნება თქვენი წარმატებული მომავალი.
პატივისცემით, დეკანის მოვალეობის შემსრულებელორი, პროფესორი ნინო წილოსანი