მოტყუება, როგორც სხვისი ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ხერხი
GeoEng

მოტყუება, როგორც სხვისი ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ხერხი

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით. სხვისი საკუთრების უკანონოდ დაუფლება ან ქონებრივი დაზიანება შესაძლებელია სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მათ შორის ფარულად, აშკარად, ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით, მოტყუებით და სხვა უკანონო გზებით. წინამდებარე სტატიის ფარგლებში გვინდა ზოგადად დავახასიათოთ მოტყუებით სხვისი ქონების დაუფლებასთან და ქონებრივ დაზიანებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაულებრივი ქმედება და ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთი მათგანის თავისებურებაზე. მიმოხილვა შეეხება ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელსაც განეკუთვნება თაღლითობა და მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.

 

აღნიშნული საკითხის შერჩევა განპირობებულია ამ დანაშაულთა ჩადენის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 1900 პირი. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენის გამო პასუხისგებაში მიცემულ პირთა ოდენობა ყველა სხვა დანაშაულის ჩამდენ პირებზე მეტია და თავის მხრივ, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა შორის ქურდობის შემდეგ, მეორე და მესამე პოზიციას იკავებს. შესაბამისად, თაღლითობისათვის და მოტყუებით სხვისი ქონებრივი დაზიანებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირებიც. კერძოდ საანგარიშო პერიოდში ქურდობით პასუხისგებაშია მიცემული 327 პირი, თაღლითობით 36 პირი და 35 პირი მოტყუებით ქონებრივი დაზიანების გამო. ამავე პერიოდში დევნა შეწყდა სულ 19 პირის მიმართ, აქედან მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მუხლით დევნა არც ერთი პირის მიმართ არ შეწყვეტილა, ხოლო თაღლითობის მუხლით დევნა შეწყდა მხოლოდ 1 პირის მიმართ. სტატისტიკა ცხადყოფს თუ რაოდენ მაღალია ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის რაოდენობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, აქტუალურია ამ ქმედებათა კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დანაშაულებრივი ქმედება მიმართულია საკუთრების წინააღმდეგ და ხელყოფს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით დაცულ საკუთრების უფლებას. საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით კი, თაღლითობა მეტი საშიშროების მატარებელია, რაც ასახულია დანაშაულის სანქციაში. კერძოდ, თაღლითობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისათვის დაწესებული სანქციით.

 

ორივე დანაშაული დამნაშავის მფლობელობაში არსებული ნივთის უკანონო დაუფლებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანება განსხვავებული დანაშაულებრივი ქმედებებია, მათ შორის არსებობს მსგავსებაც, რაც საგამოძიებო თუ სასამართლო პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეს ქმნის. ამ ქმედებათა კვალიფიციური გამოძიება დამოკიდებულია მათ შორის არსებული საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენაზე.

 

თაღლითობის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლება.თაღლითობის დროს დამნაშავე ატყუებს დაზარალებულს და ამ გზით ეუფლება ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთს, რითაც ამცირებს მსხვეპრლის გამგებლობაში არსებულ ქონებას ან/და თანხას. მოტყუებით ქონებრივი დაზიანების დროს კი დამნაშავის მხრიდან გამოყენებული ტყუილი, შესაძლებლობას ართმევს დაზარალებულს გაზარდოს საკუთარი ქონება, რომელიც დამნაშავის მხრიდან კეთილსინდისიერი მოქმედების შემთხვევაში უპირობოდ გაიზრდებოდა. აღნიშნული საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით, როგორც აღვნიშნეთ, მოვახდენთ მათთვის დამახასიათებელი ნიშნების და კონკრეტული მაგალითების განხილვას.

 

თაღლითობის დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. იგი გულისხმობს მსხვერპლის დეზინფორმირებას, წინასწარი შეცნობით მის შეცდომაში შეყვანას. აქვე უნდა აღინიშნოს ქმედების, ანუ მოტყუების ფორმა: შესაძლებელია ტყული ორი სახის მოქმედებაში გამოიხატოს, კერძოდ, აქტიური და პასიური ტყუილის სახით. პირველ შემთხვევაში დამნაშავე არასწორ ინფორმაციას აწვდის დაზარალებულს ( აქტიური ტყული) და ასეთი გზით ეუფლება მის ქონებას. მაგ: ა-მ განიზრახა ბ-ს კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლება. გაზნრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან სთხოვა ბ-ს ესესხებინა მისთვის 25 000 ლარი, რომლის დაბრუნებასაც ერთ კვირაში დაპირდა. ბ-მ აღნიშნული თანხა გადასცა ა-ს, რის შემდეგაც ბ. მიიმალა.

 

თაღლითობის ჩადენის მეორე სახეობაა სრული ინფორმაციის დამალვა, რომელიც კეთილსინდისერი დამოკიდებულების პირობებში დაზარალებულს ეცოდინებოდა (პასიური ტყული). მაგ: ა-მ გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილის ბაზრობაზე გაყიდვა. მანქანის ღირებულების გაზრდის მიზნით, მან გადააკეთა ა/მანქანის გამოშვების წელი, კერძოდ VIN კოდში 2013 წლის ნაცვლად მიუთითა 2019 წელი, ამასთანავე მანქანის გარბენი შეამცირა 80 000 კმ-ით. აღნიშნული ინფორმაცია არ გაუმჟღავნა მყიდველს და ისე მიყიდა მას ქონება. აღნიშნული გზით ა-მ ფაქტობრივად 10 000 ლარად ღირებული ავტომანქანა 19000 ლარად მიყიდა ბ-ს და მოტყუებით მიისაკუთრა ამ უკანასკნელისგან 9000 ლარი.

 

ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების დროს, როგორც აღინიშნა, დანაშაულის ჩადენის ხერხს ტყუილი წარმოადგენს. კერძოდ, დამნაშავე მსხვერპლს ქონებრივ ზიანს აყენებს განზრახ მცდარი ინფორმირების გზით, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს არასწორი ინფორმაციის ან დაპირების მიცემაში, ან რეალობის განზრახ დაფარვაში. მაგ: ა-მ, ბ-მ და გ-მ განიზრახეს ერთ-ერთ რესტორანში ქეიფი და შემდეგ თანხის გადაუხდელად რესტორნის დატოვება. რესტორანში მათ შეუკვეთეს 200 ლარის ღირებულების კერძები და სასმელი. ქეიფის დასრულების შემდეგ კი ფარულად დატოვეს რესტორნის შენობა და თავი აარიდეს თანხის გადახდას, რითაც რესტორანს მიაყენეს 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ორივე დანაშაულის ჩადენის დროს, ტყუილი შეიძლება გამოიხატოს, როგორც არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში და დამალვაში, აგერთვე მსხვერპლის ნდობის ბოროტად გამოყენებაში. ნდობის ბოროტად გამოყენება, ორივე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს, წინ უნდა უსწრებდეს ნივთის დაუფლებას და წარმოადგენდეს ნივთის დაუფლების საშუალებას.

 

ზემოაღნიშნულ დანაშაულთა შორის არსებობს კიდევ ერთი განსხვავება, რაც გამოიხატება დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხასიათში ანუ დანაშაუელებრივ შედეგში. სწორედ დანაშაულებრივი შედეგი დამდგარი ზიანის სახით, განასხვავებს ამ ორ დანაშაულს ერთმანეთისგან. ზემოხსენებული კაზუსების მიხედვით განვიხილოთ ეს სხვაობა. პირელ კაზუსში ა-ს მიერ ტყულის გამოყენებით, რაც გამოიხატა ავტომანქანის გამოშვების წლისა და გარბენის შემცირებაში, მოხდა ბ-ს ქონებრივი ფონდის ფულადი თანხის შემცირება 9000 ლარით. რაც შეეხება მეორე კაზუსს, მოცემულ შემთხვევაში, დამანაშავეთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, რესტორნის მფლობელის, ქონება კი არ შემცირდა, არამედ მან არ მიიღო სარგებელი გაწეული მომსახურებისათვის, რასაც კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში უპირობოდ მიიღებდა. მართალია ორივე ზემოაღნიშნულში სახეზეა დანაშაულის ჩადენა ტყუილის გამოყენებით, მაგრამ მეორე კაზუსში, რესტორანში თანხის გადაუხდელობა არ მოიცავს თაღლითობის ნიშნებს, რადგანაც კლიენტების მიერ ტყულის გამოყენებით რესტორნის მესაკუთრის ქონება კი არ შემცირდა, არამედ არ მოხდა მესაკუთრის ფონდში თანხის შეტანა, ანუ ფონდის გაზრდა.

 

მოტყუებით ქონებრივი დაზიანების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ანუ მესაკუთრე ვერ იღებს იმ სარგებელს რაც მას წესით უნდა მიეღო. რაც შეეხება თაღლითობას აქ იგულისხმება მოტყუებით სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლება მესაკუთრის ქონების შემცირების გზით.

 

პრაქტიკაში აქტუალურია თაღლითობის, როგორც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით დარეგულირებული ქმედების გამიჯვნის საკითხი, სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებული სამოქალაქო დავისაგან. ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს თაღლითობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, მაშინ როცა რეალურად დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ააქვს და საქმე გვაქვს სამოქალაქო დავასთან. მაგ: გიორგიმ ნაცნობ დავითს ერთი თვით ასესხა 5 000 ლარი, რომლითაც ამ უკანასკნელს უნდა დაეწყო მცირე ბიზნესი, რის შედეგადაც გაისტუმრებდა ვალს. დავითმა სათანადოდ ვერ გათვალა კომერციული რისკები, რის გამოც გაკოტრდა და გიორგისგან ნასესხები თანხის გასტუმრება ვერ მოახრეხა. მოცემულ შემთხვევაში დავითის ქმედება არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს და წარმოადგენს ქონებრივი დავის საგანს, რაც სამოქალაქო კანონდებლობით რეგულირდება. დავითის ქმედებაში თაღლითობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ გიორგისგან თანხის სესხების დროს დავითს ნამდვილად ჰქონდა გადაწყვეტილი ბიზნესის დაწყება და ამ გზით მისი გასტუმრება, რაც არასწორი მენეჯმენტის გამო ვერ განახორციელა. დავითის მხრიდან თაღლითობას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დავითი თავიდანვე მოატყუებდა გიორგის, რომ ფული თითქოს და ბიზნესისთვის ესაჭიროებოდა და ასეთი გზით დაეუფლებოდა თანხას.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, რითაც მსხვერპლის ქონება მცირდება. მოტყუებით ქონებრივი დაზიანების დროს კი დაზარალებულის ქონება არ მცირდება და მას არაფერი აკლდება. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ვერ ღებულობს სარგებელს გაწეული მომსახურების გამო, რომელიც მას კანონით თუ დადებული ხელშეკრულებით, ეკუთვნოდა და უნდა მიეღო კიდეც. თაღლითობის განსხვავება სამოქალაქო დავას მიკუთვნებული ქმედებისგან იმაში მდგომარეობს, რომ თაღლითობის დროს დამნაშავეს თავიდანვე სურს დაზარალებულის კუთვნილი თანხის მოტყუებით მისაკუთრება და ამ მიზნის მისაღწევად ატყუებს მსხვერპლს, რომ თითქოს თანხა ესაჭიროება კონკრეტული საქმიანობისათვის. სამოქალაქო დავის დროს კი პირს ნამდვილად სურს თანხის კონკრეტული საქმიანობისათვის გამოყენება, რასაც არ უმალავს მსხვერპლს, თუმცა ამას სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს.

 

ზემოხსენებული გარემოებების დადგენა და გამოკვლევა შესაძლბელობას აძლევს, როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლო ორგანოებს ერთის მხრივ, ერთმანეთისგან განასხვაონ თაღლითობა და სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული დავა, ხოლო მეორეს მხრივ მოახდინონ თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ერთმანეთისგან გამიჯვნა.