სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების დახასიათება
GeoEng

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების დახასიათება

სიცოცხლე ადამიანის ერთ-ერთი უზენაესი ღირებულებაა და სიცოცხლის უფლება დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს ადამიანის უფლებას სიცოცხლეზე. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დანაშაულად აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაც. აქედან გამომდინარე, სიცოცხლე წაერმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებას და მისი ხელყოფა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წარმოადგენს დანაშაულს.

 

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების განხილვამდე, აუცილებელია განვმარტოთ „სიკვდილის“ და „სიცოცხლის“ ცნება, რომლის გარეშე შეუძლებელია მკვლელობის თავისებურებებზე მსჯელობა. ბუნებრივია, რომ მკვლელობა განუყოფლად არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან და სიკვდილთან. კანონმდებლობა იცავს ადამიანს მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ამიტომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის დასაწყისის, ასევე სიკვდილის დადგომის მომენტი.

 

სიცოცხლის დასაწყისად ითვლება ბავშვის დაბადების დაწყების მომენტი, ანუ დედის სხეულიდან ბავშვის სხეულის გამოყოფის დაწყების მომენტი. ამდენად მუცლად მყოფი ნაყოფი, რომელიც ბიოლოგიურად ცოცხალი არსებაა, სამართლებრივად ასეთად არ მიიჩნევა. სწორედ ეს შეფასება უდევს საფუძვლად აბორტის შედეგად ნაყოფის მოშორებას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა დგება უკანონო აბორტისათვის. კანონმდებელს მუცლად მყოფი ბიოლოგიურად სიცოცხლის მატარებელი არსება იურიდულადაც ცოცხალ ადამიანად რომ ჩაეთვალა, მოცემული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა დადგებოდა განზრახ მკვლელობისათვის და არა უკანონო აბორტისათვის. მსგავსი მიდგომით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც ორსული ქალის მკვლელობას აკვალიფიცირებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკველობის მუხლის მეორე ნაწილით და არა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის. მუცლად მყოფი ნაყოფი, რომ სიცოცხლის სტატუსის მატარებელი ყოფილიყო, მაშინ ორსული ქალის მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა დაწესედებოდა, ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის.

 

სიკვდილის დადგომის დროდ ითვლება მხოლოდ ბიოლოგიური სიკვდილი, ანუ ორგანიზმის დაღუპვის შეუქცევადი პროცესი. აღნიშნული პროცესი იწყება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის მომენტიდან. სწორედ ეს დრო მიიჩნევა სიკვდილის დადგომის მომენტად, ვინაიდან ამ პერიოდიდან არის სიკვდილი შეუქცევადი და გარდაუვალი. ამდენად სუნთქვითი პროცესის შეჩერება, პულსის არ არსებობა და კლინიკური სიკვდილისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების არსებობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს პირის სიკვდილს. კლინიკური სიკვდილი არ შეიძლება ჩავთვალოთ სიკვდილად, რადგანაც ამ მდგომარეობაში მყოფ პირს სიცოცხლის შენარჩუნების შანსი კიდევ აქვს.

 

როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის კანონმდებლობა იცავს სიცოცხლის უფლებას და დანაშაულად აცხადებს უკანონოდ სიცოცხლის ხელყოფას. შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მიჩნეული იქნეს კანონიერ ქმედებად? შეიძლება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია ადამიანის მკვლელობა ჩაითვალოს კანონიერ მოქმედებად. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს აუცილებელი მოგერიება, ანუ ვითარება, როდესაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხდება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის დასაცავად. მაგალითად, დანით შეიარაღებული თავდამსხმელის სიცოცხლის ხელყოფა, როცა ეს უკანასკნელი აპირებდა მომგერიებლისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ან გაუპატიურებას, რადგანაც კანონმდებელი ხელმყოფის სიცოცხლის უფლებას უთანაბრებს მსხვერპლის სქესობრივი ხელშეუხებლობის უფლებას და სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი დაზიანებისგან თავდაცვის უფლებას. მაგ: ნინომ თავში ჩაარტყა ქვა ზაზას, ამ უკანასკნელის მხრიდან მისი გაუპატიურების მცდელობის მომენტში. ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი მოგერიების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოდ შემთხვევა, როცა გიორგიმ მოკლა ზურა, როცა ზურა მას თავს დაესხა ბეისბოლის ე.წ. „ბიტით“ შეიარაღებული.

 

თეორიასა და პრაქტიკაში განზრახ მკვლელობები სამ სახეობად იყოფა. კერძოდ:

  1. შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, რომელსაც განეკუთვნება მაგალითად, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე. ასეთ მკვლელობას კანონმდებელი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს დედის განსაკუთრებული ფსიქიური მდგომარეობის გამო, რაც ახასიათებს მშობიარობას და მშობიარობის შემდგომ დროის მოკლე პერიოდს. მაგალითად, მაიამ საკუთარ სახლში გააჩინა ბავშვი, რომელიც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა. მშობიარობისთანავე მაიამ განიზრახა არასასურველი ახალშობილის სიცოცხლის მოსპობა და მშობიარობის დასრულებისთანავე გაგუდა ახალშობილი. შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას წარმოადგენს ასევე მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით. მაგალითად, ზურა დაავადებულია ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადიით, მას აწუხებს აუტანელი ტკივილები. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით საკუთარ შვილიშვილს ნანას სთხოვა ინექციის გზით შეეყვანა მისთვის საწამლავი. ნანამ შეასრულა ზურას დაჟინებული თხოვნა და მისი ნების შესაბამისად, ზურას ძლიერი ფიზიკური ტკივილსგან გათავისუფლების მიზნით, ინექციის გაკეთებით ჩაიდინა მისი მკვლელობა.
  2. განზრახ მკვლელობა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. ასეთ მკვლელობას უწოდებენ მარტივ მკვლელობას. მარტივ მკვლელობებს განეკუთვნება შურისძიების, ეჭვიანობის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები. მაგ: დიმიტრიმ ურთიერთშელაპარაკების დროს, ცეხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მოკლა გიორგი.
  3. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. აღნიშნულ მკვლელობას, მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას უწოდებენ. კანონით, განზრახ მკვლელობის 16 დამამძიმებელი გარემოება არსებობს, რომელიც მსხვერპლთა რაოდენობის, დანაშაულის მოტივის, დანაშაულის ჩადენის ხერხის, დაზარალებულთა რაოდენობის და სხვა გარემოების შესაბამისად, სამ ნაწილად იყოფა. განვიხილოთ სამივე ნაწილის ზოგიერთი თავისებურება.

 

პირველი ნაწილი ითვალისწინებს 3 დამამძიმებელ გარემოებას, მათ შორის განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. მაგალითად, ბადრიმ მეზობლის ბინიდან მოიპარა ნივთები და ბინიდან გამოსვლის მომენტში ის შენიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა რეზომ. იმ მიზნით, რომ ამ გამჟღავნებულიყო დანაშაული, ბადრიმ მოკლა რეზო.

 

მეორე ნაწილი შედგება 7 დამამძიმებელი გარემოებისგან, ერთ-ერთია განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ. მაგალითად, ღალატის გამო ცოლზე განაწყენებულმა შალვამ, შურისძიების მიზნით ჩაიდინა ოჯახის წევრის,მეუღლის მკვლელობა.

 

მესამე ნაწილი ყველაზე მძიმეა და ითვალისწინებს 6 დამამძიმებელ გარემოებას. ერთ-ერთია მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. გვინდა მაგილითისთვის მოვიყვანოთ თბილისში მომხდარი აღნიშნული მკვლელობის მცდელობის გახმაურებული შემთხვევა: შოთამ შურისძიების მოტივით, განიზრახა მასთან წარსულში სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი სოფოს, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. 2020 წლის 30 ივნისს ღამის საათებში, დაზარალებული გაიყვანა სახლიდან და მოტყუებით წაიყვანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც შეიძინა ბენზინი. სოფოს სახლთან დაბრუნების შემდგომ მათ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც შოთამ მიაყენა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავის მხრივ დაზარალებულმაც მიაყენა შოთას სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ შოთამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის განზრახვით, ისეთი საშუალებით, რაც იწვევს განსაკუთრებულად ძლიერ ტკივილს, მის მიერ შეძენილი წინასწარ გამზადებულ ავზში მოთავსებული ბენზინი მიასხა დაზარალებულს ფეხებზე, ასევე ბენზინი დაასხა მის ირგვლივ და ეზოს ტერიტორიაზე, რათა სოფოს გაქცევა ვერ მოესწრო. ამის შემდეგ შ.გ. გავიდა უსაფრთხო მანძილზე და სანთებელით ცეცხლი მოუკიდა ბენზინს, რომელიც აალდა და ცეცხლი წაეკიდა სოფოს. შოთა ცეცხლწაკიდებულ სოფოს შორიდან უყურებდა თუ როგორ ედებოდა მას ალი სხეულზე და როგორ ითხოვდა შველას, თუმცა დაზარალებულს არ დაეხმარა. დაზარალებულის ყვირილზე ადგილზე შეიკრიბა ხალხი, რომლებმაც მოახერხეს სოფოს გადარჩენა და მის სხეულზე ცეცხლის ჩაქრობა, შოთა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად სოფომ სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა ორივე წინამხარზე, მარცხენა მტევანზე, ორივე ბარძაყზე, ორივე მუხლის სახსრის მიდამოში, ორივე წვივზე, ორივე კოჭ-წვივის სახსრის და ორივე ტერფის მიდამოში. შოთა მოგვიანებით დაკავებული იქნა. ამ ქმედებისათვიოს შოთას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით. აღნიშნულ მაგალითში კარგად ჩანს დამნაშავის განზრახვა განსაკუთრებული ტკივილის გამომწვევი ხერხით (ცეცხლის წაკიდებით) ჩაიდინოს მსხვერპლის მკვლელობა.

 

გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან გარეობაზე. როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება, როცა დამნაშავის მოქმედებაში ერთობლივად არის განზრახ მკვლელობის, როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარეომება? მაგალითისთვის მოვიყვანოთ ზემოხსენებული შემთხვევა, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაპას, მისივე დაჟინებული თხოვნით და ნების შესაბამისად, ძლიერი ტკივიილსგან თავის დაღწევის მიზნით, შვილიშვილი გაუკეთებს სასიკვდილო ინექციას და მოკლავს მას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა-მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა -ოჯახის წევრის მიმართ. ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება შემამსუბუქებელ გარემოებას და შვილიშვილს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის ე.ი. მსხვერპლის თხოვნით მკვლელობისათვის. აქედან გამომდინარე თუ ერთ ქმედებაშია, მკვლელობის როგორც შემამსუბუქებელი ასევე დამამძიებელი გარეოება, ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოების მუხლით.

 

გვინდა შევეხოთ მსხვერპლის თხოვნით მკვლელობის ზოგიერთ თავისებურებას. ამ დროს უნდა განვიხილოთ ევთანაზიის საკითხი. ისჯება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია ანუ სიცოცხლის შეწყვეტა. საქართველოს სისხლის სამართლის კანომდებლობა ევთანაზიას ანუ სიცოცხლის შეწყვეტას მსხვერპლის თხოვნით დასჯად ქმედებად მიიჩნევს. დღეისათვის არსებობს ქვეყნები სადაც ევთანაზია ლეგალიზებულია, მათ რიცხვს განეკუთვნება: ნიდერლანდების სამეფო, ბელგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, კოლუმბია და აშშ-ს სამი შტატი (ვაშინგტონი, ორეგონი, ვერმონტი).

 

საქართველოს სამართლებრივ სივრცეში განასხვავებენ ორი სახის ევთანაზიას, კერძოდ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას.

 

აქტიური ევთანაზია წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ პირის მოკვდინებას აქტიური ქმედებით, ინექციის მეშვეობით სხვა საშუალებათა მიცემით, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს და ისჯება , როგორც მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით.

 

პასიური ევთანაზია კი ლეგალიზებულია. კერძოდ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, პაციენტს აქვს მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმის უფლება. ამ კანონის თანახმად: „ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე, შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მართლსაწინააღმდეგოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხევევბი, როცა სიცოხლის ხელყოფა მართლზომიერ ქმედებად ფასდება. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება აუცილებელი მოგერიება და პასიური ევთანაზია, რომელიც სიცოცხლის ხელყოფის მართლზომიერ ფორმებს წარმოადგენს.

 

დაბოლოს უნდა ითქვას, რომ ევთანაზია დაკავშირებული ადამიანის ორ ფუნდამენტურ უფლებასთან ერთი მხრივ თავისუფლებასთან და მეორე მხრივ სიცოცხლის უფლებასთან. ამ ორი ღირებულებიდან საქართველოს კანონმდებლობა უპირატესობას სიცოცხლის უფლებას ანიჭებს, რის გამოც, აქტიური ევთანაზია და სიცოცხლის სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დანაშაულებრივ ქმედებათა კატეგორიას განეკუთვნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია სიცოცხლის უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებას, რომელიც დაცულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. თუმცა, ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რის გამოც, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია სიცოცხლის ხელყოფა შეფასდეს მართლზომიერ ქმედებად.