იტვირთება...
სექსუალური შევიწროება, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა
GeoEng

სექსუალური შევიწროება, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა

ყოველდღიურად მრავალი ქალი ხდება სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი. ძალადობისგან ქალთა დაცვა სახელმწიფო ორგანოთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ქალთა მიმართ ძალადობის განსაკუთრებულ ფორმას განეკუთვნება სექსუალური შევიწროება. განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული საკითხი ქალთა სამუშაო ადგილებსა და საჯარო სივრცეში. ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაიზარდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის რიცხვი, რაც უთუოდ დადებით მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, ამავდროულად ეს ფაქტორი იქცა საჯარო სივრცეში დასაქმებულ ქალთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევათა გაზრდის მიზეზად. ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ ქალთა უმრავლესობა ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სამუშაო ადგილზე ან საჯარო სივრცეში. მიუხედავად ამისა, მსხვერპლთა დიდი ნაწილი თავს არიდებს მსგავსი ფაქტის გამჟღვანებას და იშვიათად მიმართავს შესაბამის ორგანოებს დარღვეული უფლებების დაცვისა და აღდგენის მოთხოვნით. სწორედ ამიტომ შემთხვევათა დიდი ნაწილი ატარებს ლატენტურ, ფარულ ხასიათს. დაზარალებულის პასიური ქცევის მიზეზი შესაძლებელია რამოდენიმე იყოს, მათ შორის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადანაშულებს სექსუალური ძალადობის პროვოცირებაში. აგრეთვე, შესაბამისი ორგანოების მიმართ ნდობის არ ქონა, ოჯახის წევრების და ახლობლების რეაქცია და სხ.

 

ზემოაღნიშნული ქმედების ლატენტური ხასიათის მიუხედავად, პრობლემამ თავი მაინც არ დამალა და ბოლო წლებში ამ კუთხით საქართველოში არსებული ვითარება, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. საკითხის აქტუალობამ განაპირობა კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროებისგან ქალთა დაცვის ნორმების შემოღება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კანომდებლობის ეფექტურად ამოქმედების მექანიზმის შექმნა.

 

ზემოაღნიშნული ვითარება ცხადყოფს თუ რამდენად პრობლემურია საზოგადოებისათვის სექსუალური შევიწროების საკითხი. სწორედ ამ გარემოებამ დააყენა დღის წესრიგში მომხდარიყო ცვლილებები კანონმდებლობაში პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.

 

2017 წლიდან საქართველოში ამოქმედდა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია), რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ სახეთ გამოაცხადა სექსუალური შევიწროება და დასახა მსგავსი ქმედებისგან ქალთა დაცვის გზები. აქედან გამომდინარე, 2019 წლიდან, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე შრომის კანობმდბლობაში, ამოქმედდა სექსუალური შევიწროებისგან ქალთა დაცვის შესაბამისი ნორმები. აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაციით განხორციელდა ქალთა სექსუალური შევიწროებისგან დაცვა, როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე საჯარო სივრცეში. კერძოდ:

  1. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისგან ქალთა დაცვა მოწესრიგდა ერთი მხრივ შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით, მეორე მხრივ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონით.
  2. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროებისათვის პასუხისმგებლობა დაწესდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

სექსუალური შევიწროების კონკრტეტულ სახეობათა განხილვამდე, გვინდა განვიხილოთ თუ რას ნიშნავს სექსუალრი შევიწროება და რა ქმედებები მიაზრება ამ ცნებაში.

 

სექსუალრი შევიწროება წარმოადგენს არასასურველი ხასიათის სექსუალურ ქცევას. არასასურველი ხასიათის სექსუალურ ქცევას განეკუთვნება: პირისათვის სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და ასეთი ფრაზებით მიმართავა, გენიტალიების ჩვენება ან/და ნებისმიერი სხვა სექსუალური ხასიათის არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. ამასთანავე, სექსუალური ხასიათის ქცევა უნდა ატარებდეს არასასურველ ხასიათს. სექსუალური ხასიათის ქცევა არასასურველია, როცა პირი, რომელიც ამ ქმედებას ექვემდებარება, მას ასეთად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე თუ პირისათვის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ქცევა მისაღებია, მაშინ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ექნება.

 

ახლა კი განვიხილოთ სექსუალური შევიწროების ფორმები სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში.

 

თავდაპირველად დავახასიათოთ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს სქესის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის ფორმას. 2019 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით დაწესდა პასუხისმგებლობა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისათვის. შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელად იქნა მიჩნეული სექსუალური შევიწროება, ანუ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. კანონით აიკრძალა სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში. კანონმდებლობამ დაავალდებულა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ორგანოები განეხორციელებინათ შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. კანომდებლობის თანახმად, სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია მსგავს შემთხვევებში მიიღოს შესაბამისი დისციპლინარული ზომები მოძალადის სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.

 

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მაგალითი საკმაოდ ბევრია და მათი ამომწურავად ჩამოთვლა ძალზედ რთულია. ბოლო წლებში მასმედიის საშუალებებით არაერთხელ გაშუქდა თანამდებობის პირთა მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტები.

 

სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შესაძლოა ყოველთვის არ ეყოს იმის გამბედაობა, რომ აქტიურად შეეწინააღმდეგოს მოძალადეს. ამის მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ შესაძლოა იყოს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული მოსაზრება, რომ ამ ვითარების მაპროვოცირებელი ქალია, ახლო ნათესავების და ნაცნობების რეაქცია მომხდარზე, სამსახურის დაკარგვის შიში და ა.შ. სექსუალური ძალადობის დროს, მითითებულ მიზეზთა გამო მსხვერპლი ხშირად ვერ გამოხატავს აქტიურ პროტესტს მოძალადის წინააღმდეგ. სექსუალრ შევიწროებას ახასიათებს მსხვერპლის ნების დათრგუნვა, რაც მას ხელს უშლის დაიცვას საკუთარი თავი. ამდენად მსხვერპლის ნებისმიერი ფორმით გამოხატული უარის შემდეგ, მის მიმართ სექსუალური ხასიათის შემავიწროვებელი ქმედების გაგრძელება ითვლება ნების საწინააღმდეგო სექსუალური ხასიათის ქმედებად.

 

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების სამ ფორმას განასხვავებენ:

.სექსუალური ხასიათის ფიზიკური ქცევა;

.სექსუალური ხასიათის სიტყვიერი ფორმა;

.სექსუალური ხასიათის არასიტყვიერი ფორმა.

გვინდა ზოგადად დავახასიათოთ თითოეული მათგანი და მივუთითოთ კონკრეტული სახის ქმედებებზე.

 

ა. სექსუალური შინაარსის ფიზიკური ქცევის მატარებელი ქმედებებია:

  1. სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც გამოიხატება მოფერებით, ჩახუტებით, ხელის გადასმით, ჩქმეტით ან სხვა შეუფერებელი შეხებით;
  2. არასასურველი სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ძალადობა, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობა;
  3. სექსუალური ქცევის სანაცვლოდ სამსახურთან დაკავშირებული მუქარა ან წახალისება.

 

ბ.არასასურველი სექსუალური ხასიათის სიტყვიერ ფორმას გენკუთვნება:

  1. გარეგნობის, ასაკის, პირადი ცხოვრების შესახებ კომენტარები;
  2. სექსუალური სახის კომენტარები, ამბების მოყოლა და ხუმრობები;
  3. პაემანზე დაჟინებით დაპატიჟება ან შეხვედრის მოთხოვნა;
  4. სქესის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე შეურაცხყოფის მიყენება;
  5. ქედმაღლური და პატერნალისტური (მფარველობითი, მზრუნველობითი) შენიშვნების მიცემა და დამოკიდებულება.

 

გ. არასასურველი სექსუალური ხასიათის არასიტყვიერი ქცევა გამოიხატება:

  1. აშკარა, სექსუალურად გამოხატული, მასალის დემონსტრირებაში;
  2. სექსუალური ხასიათის მიუღებელ ჟესტიკულაციაში;
  3. სტვენაში.

 

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება შესაძლებელია დაიყოს ფორმების მიხედვითაც, კერძოდ:

1.Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში. Quid Pro Quo არის თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩადენილი ძალადობა. ასეთი ხდება ორ შემთხვევაში:

.როცა სამსახურებრივი წახალისება, დასაქმება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა, ნაკლები სამუშაოს მიცემა ხდება სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ. მოძალადე ძირითად შემთხვევაში არის სამსახურის უფროსი, დასაქმებულის აგენტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დასაქმებულის საქციელზე იქონიოს გავლენა;

.სექსუალურ კავშირზე უარი გავლენას ახდენს პირის სამსახურებრივ მდგომარეობაზე (მაგ. დაქვეითება).

2.მტრული სამუშაო გარემო, როდესაც სამუშაო ადგილზე დამაშინებელ, შეურაცხმყოფელ პირობებს ქმნის. ამ დროს შევიწროება ვლინდება ისეთ ფორმებში, როგორიცაა: არასასიამოვნო მზერა, ხუმრობა, მიუღებელი კომენტარი, პირის იზოლირება, უსამართლო კრიტიკა, არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, უხამსი შეთავაზება. ამდენად შევიწროების განმარტებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორედ ამ მახასიათებლებზე. ზოგიერთი კომპლიმენტი უტაქტოა, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და მასში სირცხვილის განცდას აჩენს. ზოგიერთ შემთხევაში ხელმძღვანელი პირები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ნაკლებად უწევენ ანგარიშს გარშემომყოფთა ემოციებს და დასაქმების ადგილებზე იმპულსურად არღვევენ ეთიკურ ნორმებს.

 

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში. 2019 წლიდან კანონმდებლობით დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჯარო ადგილებში სექსუალური შევიწროებისათვის. კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროებაა საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური შევიწროება წარმაოდგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას. საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ კომუნიკაციას, რომელიც გამოწვეულია მისი გენდერული იდენტობით, სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული თვითგამოხატვით და მიზნად ისახავს ან იწვევს, მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას.

 

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მაგალითად შეიძლება მიჩნეულ იქნას შემდეგი ქმედებები: შემფასებლური კომენტარები; დასტვენა და დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური მოტივით პირზე შეხება; სახელის ან საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარკვევით თქვა უარი, ან იგნორირება გაუწია ამ მოთხოვნას; ვულგარული ჟესტები; გენიტალიების ჩვენება საჯარო სივრცეში; სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას ან შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ძალადობრივი ან მტრული გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.

 

სექსუალური შევიწროება მსხვერპლის გრძნობების, ფიქრების და განზრახვის წინააღმდეგ არის მიმართული, მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია მსხვერპლის საჯარო სივრცეში მონაწილეობის ფორმის ან სიხშირის შეცვლა. ამავდროულად საჯარო სივრცე სამოქალაქო მონაწილეობისათვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, რაც ძალადობრივ გარემოს აღვივებს.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებას სიმშვიდეს უკარგავს და თრგუნავს. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვს მსხვერპლის მხრიდან, რაც გამოწვეულია საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპით, რომელიც მსგავს ვითარებაში ქალის ქცევას მიიჩნევს მოძალადის ქმედების მაპროვოცირებელ ფაქტორად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირება ვერ გადაჭრის პრობლემას თუ, არ მოხდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი უშუალო მონაწილეობით აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. კანონმდებლობის არსებობა საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან ტანდემში შესაძლებელს გახდის დაიცვას ქალები მსგავსი სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.