იტვირთება...
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუციური იმპლემენტაციის კონცეპტუალური ხედვა
GeoEng

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუციური იმპლემენტაციის კონცეპტუალური ხედვა

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სტრატეგიული სახელმწიფოებრივი ამოცანაა, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკისთვის კონსტიტუციას აქვს ფუნდამენტური პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანება მტკიცე, შეუქცევადი ევროპული პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე წარმოადგენდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხოლოდ ქართულ, ცალმხრივ დეკლარაციას.

 

ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ განაცხადის წარდგენისა და ევროპული ორგანოების მიერ მისი განხილვის პროცესის დაწყების შემდეგ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია გასცდა ეროვნულ სივრცეს და ევროპული პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი გახდა. საწყის ეტაპზე ევროპის კავშირი მსჯელობს საქართველოსთვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც დიდი ალბათობით ევროპელ და ქართველ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს შორის პოლიტიკურად შეთანხმებულია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში ამ პროცესის დაწყება მნიშვნელოვნად განაპირობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთის მიერ ევროპული უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურის დარღვევამ. თავის მხრივ, საქართველოც მზად აღმოჩნდა ევროპული ინტეგრაციის ევროპული პერსპექტივისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს განაცხადს არ წარადგენდა.

 

ევროპის კავშირში ინტეგრაცია რთული, ხანგრძლივი, კომპლექსური პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და მოითხოვს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ძალისხმევას, მათ შორის, ეროვნული სამართლებრივი სისტემის ტრანსფორმაციის, მოდიფიკაციის, მმართველობითი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების რეფორმირების მიმართულებით.

 

საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებით), ევროპის კავშირის კანონმდებლობის 35 საკითხთან (თავთან) მიმართებაში ევროპულ კომისიასთან მოლაპარაკებების პროცესი უნდა დასრულდეს, მომზადდეს და ხელი მოეწეროს გაწევრიანების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის რატიფიკაცია უნდა განახორციელოს ყველა ხელშემკვრელმა მხარემ. ყველა შუალედურ პროცედურაში შესაბამისმა ევროპულმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღონ პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილებები. გაწევრიანების თითოეულ ეტაპზე გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური კონტექსტი, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზე.

 

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც ყველაზე უფრო ადექვატური, ეფექტიანი, შედეგიანი იქნება გაწევრიანების პროცესში სწრაფი პროგრესის უზრუნველყოფისთვის.

 

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის ერთადერთი პოლიტიკური ლოკომოტივი, არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, უნდა იყოს საქართველოს მთავრობა, რადგან იგი არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს საგარეო პოლიტიკას. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საქართველოს პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი საგარეო პოლიტიკის სფეროში მიიღოს უმაღლესი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შეითავსოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციები.

 

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის ინსტიტუციური ლოკომოტივი უნდა იყოს ევროპის კავშირის საქმეთა სამინისტრო (ან ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო). ამგვარი სამინისტროს არსებობა აპრობირებულია სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში (მაგ.: წევრი ქვეყნებიდან ჩეხეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, კანდიდატი სახელმწიფოებიდან სერბეთში (მონტენეგროში არსებობს ევროპული ინტეგრაციის სამსახური, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში - ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა)). სამინისტროს უფლებამოსილებები უნდა ვრცელდებოდეს ევროპული ინტეგრაციის ყველა სფეროსა და დარგზე. სამინისტრო კოორდინაციას უნდა უწევდეს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ჰარმონიზაციას დაქვემდებარებულ სფეროებში ქართული ნორმატიული აქტების მომზადების პროცესს, ევროპული ინტეგრაციისთვის რელევანტურ სფეროებში რეფორმებს და ა.შ. სამინისტროს ესაჭიროება ევროპულ ინტეგრაციაზე მორგებული სპეციფიკური შიდა ინსტიტუციური სტრუქტურა.

 

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის სისტემატიზაციისა და ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ევროპის კავშირში გაწევრიანების სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქცია უნდა იკისროს ევროპის კავშირის საქმეთა სამინისტრომ.

 

ევროპის კავშირში გაწევრიანების სახელმწიფო კომისიის წევრი უწყებები იქნებიან სამინისტროები, სხვადასხვა სსიპ-ები, წევრობა უნდა ეთხოვოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს. ევროპის კავშირში გაწევრიანების სახელმწიფო კომისიის ფარგლებში მიზანშეწონილია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები კავშირის კანონმდებლობის შესაბამის თავებთან/საკითხებთან მიმართებაში.

 

ევროპის კავშირში გაწევრიანების სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც მას ანიჭებს პოლიტიკურ-სამართლებრივ ძალას და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, კანონპროექტს) წარუდგენს განსახილველად საქართველოს პარლამენტს.

 

საქართველოს პარლამენტმა ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო საქმიანობით და მიიღოს საკანონმდებლო აქტები ყველა თავთან მიმართებით. ასევე მან უნდა გააძლიეროს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის პროცესი.

 

მოლაპარაკების პროცესის პროგრესისა და ინსტიტუციური მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვროს ევროპის კავშირთან მოლაპარაკების განმახორციელებელი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ერთი მხრივ, მუდმივი წევრებით, მეორე მხრივ, მოწვეული წევრებით მოსალაპარაკებელი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.

 

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში განსაკურებული როლი უნდა ჰქონდეს არასამთავრობო სექტორს, რომლებიც ამ მიმართულებით ერთი მხრივ, დააკვირდებიან და შეაფასებენ სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობას, მეორე მხრივ, წარმოადგენენ თავიანთ ხედვებსა და ინიციატიცებს.

 

ამგვარი ინსტიტუციური კონსტრუქციის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იქნება სისტემატიზირებული, უფრო ქმედითი, ფუნქციურად დიფერენეცირებული და შედეგზე ორიენტირებული.

 

გიორგი მირიანაშვილი

სამართლის დოქტორი,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი საკონსტიტუციო და

ევროპული სამართლის მიმართულებით,

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი,

საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი