იტვირთება...
ტურიზმის როლი პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში
GeoEng

ტურიზმის როლი პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში

1. ტურიზმის როლი პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში

COVID 19-ით შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვებისა და ცვლილებების შედეგად დაკარგეს სამსახური. ტრადიციული ცხოვრების სტილის შეცვლა, გაურკვეველი სოციალური და ეკონომიკური მოლოდინი, სოციალური დისტანცირება, მძიმედ აისახა თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე.

ამ ეტაპისთვის პანდემია დასრულების ფაზისკენ მიდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა დაიწყონ ზრუნვა ტურიზმის აღსადგენად, რადგან ტურიზმი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების გამოჯანმრთელებასა და რეკრეაციას.

ტურიზმი და მოგზაურობა ყოველთვის იყო დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენასთან, ამიტომ ვიზიარებთ მკვლევართა იმ ნაწილის აზრს, რომლებიც პანდემიის შედეგად გამოწვეული მენტალური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად მიიჩნევენ ტურიზმის ისეთი მიმართულებების აღდგენას, როგორებიცაა სამედიცინო ტურიზმი, ტურიზმი სოფლად, ბალნეოლოგიური და რეკრეაციული ტურისტული მიმართულებები.

 

ტურიზმის რომელი მიმართულებები იქნება პოპულარული პანდემიის შემდეგ?

შედეგებიდან გამომდინარე, პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაზე პოპულარული სწორედ ტურიზმის ის მიმართულებები გახდება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენასთან. მსგავს ტურისტულ მიმართულებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ რეკრეაციული და სამკურნალო ტურიზმი, ტურიზმი სოფლად, ეკოტურიზმი. ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრია, შვეიცარია, გერმანია -უკვე მუშაობენ ისეთი ტურისტული მარშრუტების შექმნაზე, რომლებიც უშუალოდ პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრეალადაა შექმნილი.

 

არსებობს თუ არა საქართველოში შესაბამისი ტურისტული რესურსები?

ისტორიულად საქართველო მდიდარი იყო ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი კურორტებით. სამკურნალო ჰავის, წყლებისა და ტალახების სიმრავლე საქართველოში განაპირობებდა მრავალი ტურისტის ჩამოსვლას. დღესდღეობით არსებობს გამაჯანსაღებელი ცენტრები, თუმცა ასათვისებელია მრავალი რესურსი, რომელთა განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაჯანსაღებას, რეკრეაციას და აგრეთვე, იმ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარებას, რომელიც გამოიწვია პანდემიამ.

 

პანდემია, როგორც ახალი შესაძლებლობა შიდა ტურიზმის განვითარებისათვის

ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს გარემოში ხდება, გვაფიქრებს და გვაძლევს ახალ შესაძლებლობას, გავაკეთოთ ის, რაზეც აქამდე არასდროს არ გვიფიქრია. პანდემიამ საქართველოში გაზარდა შიდა ტურისტების რაოდენობა, ვინაიდან ქართველები იძულებულები გავხდით, გვემოგზაურა ქვეყნის შიგნით, დაგვესვენა და აღმოგვეჩინა ჩვენს ქვეყანაში არსებული კურორტები. შესაბამისად, პანდემიის შედეგად შეიქმნა, დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა ქართული ტურისტული ბიზნესი.

 

2. განათლების დაგეგმვა

განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს განათლება, დაგეგმოს და რაც მთავარია იბრძოლოს უკეთესი მომავალის შესაქმნელად. საქართველო გლობალიზაციის პირობებში ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, ვინაიდან მანამდე პოპულარული საგანმანთლებლო პროგრამები ნაკლებად საინტერესო და მიმზიდველი გახდა ქართველი სტუდენტებისათვის.

ადამიანის არჩევანსა და გემოვნებაზე მრავალი სოციალურ-კულტურული ფაქტორი ზემოქმედებს, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები, სკოლა თუ სხვა. განათლების დაგეგმვის დაწყება ადრეულ ასაკში იწყება. განათლების დაგეგმვის, აგრეთვე, პროფესიის არჩევისათვის მნიშნელოვანია საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების სიღრმისეული ანალიზი.

საქართველოში განათლების მხრივ ბევრი პრობლემა არსებობს. არსებული პრობლემებიდან გამოვარჩევდი დასაქმების დაბალ დონეს, ამიტომ თანამედროვე საგანმანთლებლო პროგრამები ბაზარზე, არსებული მოთხოვნის შესაბამისად, ქმნიან საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ დასაქმების უფრო მეტი შესაძლებლობა.

ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ფაქტორი არის მაღალი დასაქმების დონე. ყველა ბიზნესის საქმიანობა და ეკონომიკური აქტივობა მიმართული უნდა იყოს სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა, აგრეთვე, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში მიღებული ცოდნის რეალიზების საშუალება.

განათლების დაგეგმვაზე საუბრის დროს აუცილებელია შესაბამისი ასაკის განსაზღვრა. პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და ინდივიდუალურია, ამიტომ თითოეული ადამიანი განსხვავებულ ასაკში ირჩევს საქმიანობის სფეროს. ხშირია პროფესიის შეცვლის შემთხვევებიც, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, რადგან ადამიანთა ინტერესები ცვალებადია, შესაბამისად ,იცვლება სურვილები და მოთხოვნები განათლების მიმართ.

 

და მაინც რა საფეხურებს მოიცავს განათლების დაგეგმვა?

განათლების დაგეგმვის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია კარგად გაიგოთ თქვენი სურვილები, ოცნებები და მიზნები ცხოვრებაში, აუცილებელია ჩამოწეროთ ის საქმიანობები, რომლებიც გაგაბედნიერებდათ. პროფესიის არჩვევისას მნიშვნელოვანია ყოველგვარი სოციალური კლიშესგან გათავისუფლება და ფართოდ აზროვნება, შეზღუდვების დაწესება საკუთარ სურვილებზე მიგიყვანთ არასწორ გადაწყვეტილებამდე. აღნიშნულ საფეხურზე შესაძლებელია ოჯახური ტრადიციების გათვალისწინება კონკრეტული პროფესიისადმი, ბავშვობის მიდრეკილებების გაცნობა და საკუთარი მომავლის დანახვის უნარი. თქვენ მიერ არჩეული პროფესია უნდა იყოს თქვენი პიროვნების, ოჯახის, ტრადიციების, რესურსების შესაბამისი, რათა მომავალი საქმინობა იყოს თქვენთვის სიამოვნების მომტანი. აღნიშნულ ეტაპზე სასურველია რამდენიმე მიმართულების არჩევა.

განათლების დაგეგმვის შემდგომ ეტაპზე აუცილებელია არჩეული რამდენიმე მიმართულებიდან ერთი კონკრეტულის შერჩევა. ამ ეტაპზე აუცილებელია ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა, იმ უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების გაცნობა, რომლებიც თქვენ მიერ შერჩეული პროფესიის მიმართულებით ფლობენ საგანმანათლებლო პროგრამებს. მნიშვნელოვანია იმ სასწავლებლების არჩევა, რომლებიც მაქსიმალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს. განათლების დაგეგმვის აღნიშნულ საფეხურზე მიზანშეწონილია თქვენ მიერ შერჩეულ სფეროში მომუშავე ადამიანებთან გასაუბრება და მათი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

განათლების დაგეგმვის შემდგომ საფეხურზე მნიშვნელოვანია მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა, რომლებიც ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად, დაგეხმარებათ თქვენი მიზნების ასრულებაში. დასახული მიზნებისა და ამოცანების ნუსხა უნდა იყოს კონკრეტული. აღნიშნულ გეგმაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი თქვენი განათლების საფეხურები, არჩეული პროფესიის მისაღებად საჭირო ფინანსური რესურსების მიღების გზები, დასაქმების გეგმა და ა.შ.

განათლების დაგეგმვის შემდეგი ეტაპია სწავლა. სწავლა, ცოდნის გაღრმავება და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება არის თანამედროვე ადამიანის წარმატების საწინდარი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სამყარო კონკურენტულია, სადაც იმარჯვებს საუკეთესო. აღნიშნული საფეხური გამოირჩევა ძალიან ბევრი წინააღმდეგობითა და სირთულით, რომელთა გადალახვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არ დანებდეთ! ეს არის აღნიშნული ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ირწმუნეთ საკუთარი თავის და არასოდეს მიატოვოთ თქვენი ოცნებები.

 

3. რჩევები მომავალ დოქტორანტებს

დოქტორანტურა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საფეხურია. სწავლის სიყვარული, ახლის შეცნობის უნარი, შრომისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და მოვლენების სიღრმისეული ანალიზი - ეს ის უნარებია, რომლებიც აუცილებელია ყველა მომავალი დოქტორანტისთვის. გარდა აღნიშნული უნარებისა, მნიშვნელოვანია სადოქტორო კვლევის სწორად შერჩევა. კვლევა უნდა იყოს საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული, აღნიშნული კვლევის განხორციელების შემდგომ შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომელთა გათვალისწინება დაეხმარება საზოგადოების უკეთესი ცხოვრების ხელშეწყობას. სადოქტორო კვლევები უნდა შეირჩეს იმ სოციალური და ეკონომიკური სფეროებიდან, რომლებშიც არსებობს პრობლემა. პრობლემის ძიებისა და დანახვის უნარი არის, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი მომავალი მკვლევარისათვის.

სადოქტორო კვლევის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსების ანალიზი, ვინაიდან სადოქტორო კვლევა შრომატევადი საქმიანობაა, მნიშვნელოვანია ისეთი საკვლევი პრობლემის შერჩევა, რომლის შესწავლა პიროვნული ინტერესების გამომხატველია. რაც უფრო ახლოს არის სადოქტორო კვლევა თქვენს პიროვნებასთან, მით უფრო დიდია მისი წარმატების ალბათობაც.

კვლევებზე მუშაობა იწყება არსებული კვლევების გაცნობით, წერისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებით. საკვლევი პრობლემა დოქტორანტის მიერ დანახული უნდა იყოს მრავალი კუთხითა და პროფილით.

დოქტორანტი მზად უნდა იყოს ძალიან ბევრი წინააღმდეგობისათვის, ცვლილებისათვის, კრიტიკისთვის, რაც თავისთავად ხელს უწყობს საკვლევი პრობლემისა და თემატიკის დახვეწას. დოქტორანტის გზა არის რთული, თუმცა აღნიშნული სირთულეების გადალახვა ხელს უწყობს ახალი უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია მომავალი მეცნიერისათვის.

ჩემი აზრით, დოქტორანტისთვის აუცილებელ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს თანმიმდევრულობა და ორგანიზებულობა. შეუძლებელია დოქტორანტისთვის წაყენებული თანამედროვე კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება თანამედროვე პირობებში, როცა პარალელურად დოქტორანტების დიდი ნაწილი მუშაობს, თუ პიროვნულად არ იქნებით ორგანიზებული და ყოველდღიურად არ იმუშავებთ სადოქტორო კვლევაზე.

საკუთარი თავის რწმენა და დასახული მიზნებისკენ თანმიმდევრული სწრაფვა აუცილებლად მოგცემთ შედეგს. იყავით მზად გამოწვევებისთვის და გამოიმუშავეთ საკუთარი ნაშრომის, პოზიციის დაცვის უნარი.