ვიდეოთვალთვალი და პერსონალური მონაცემების დამუშავება
GeoEng

ვიდეოთვალთვალი და პერსონალური მონაცემების დამუშავება

ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მონაცემთა დაცვის სამართლებრივი რეგულირების პროცესი საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია. მონაცემთა დაცვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (შემდგომში „კანონი“) მიღების შემდეგ, თუმცა 2013 წლამდე არ არსებობდა ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის შესრულებაზე ზედამხედველობას, დარღვევების პრევენციასა და მათ აღმოფხვრას. 2013 წლის 19 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N180 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მისი უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, რომლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიას უნდა უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ინსპექტორისა და მისი აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

 

საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას. მონაცემთა დაცვას დიდი ყურადღება ექცევა ევროპის მასშტაბით. ამის დადასტურებაა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებული არაერთი სავალდებულო სამართლებრივი თუ სარეკომენდაციო სახის დოკუმენტი. ამასთან, მოცემული სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული კავშირის სასამართლო პრაქტიკას.

 

პერსონალური მონაცემების დაცვა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი უფლებაა. მისი აქტუალურობა საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მატულობს. როგორც ვხედავთ, ერთი მხრივ სახეზეა მონაცემთა დამუშავების რეალობა, მეორე მხრივ - უმნიშვნელოვანესია ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალობა.

 

საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პიროვნების განვითარების, მისი ღირსების დაცვის, მოქალაქის შესახებ სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნული ქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსტიტუციურ გარანტიასა და საფუძველს.

 

მოქმედი კანონმდებლობით, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანაბეჭდი, ბანკიდან ამონაწერი, შემოსავლები, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირადი მიმოწერა, ინფორმაცია სასესხო ვალდებულებების შესახებ, ოჯახური მდგომარეობა, ადგილსამყოფელი, ნასამართლეობა და სხვ. წერილობითი ან ვერბალური კომუნიკაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას და გამოსახულებებსაც, ხმას ან ვიდეოთვალთვალის სისტემის ჩანაწერებს. ელექტრონულად ჩაწერილი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია ქაღალდზე, შესაძლოა იყოს პერსონალური მონაცემი. ადამიანის ქსოვილის უჯრედული სინჯებიც კი პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რამდენადაც ის შეიცავს პირის დნმ-ის კოდს.

 

არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან. განსაკუთრებულ კატეგორიაში შედის, ასევე, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

 

კანონის თანახმად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა ავტომატური დამუშავება არის მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება; მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება არის მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება.

 

მონაცემებს შეიძლება ამუშავებდეს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია, რომელთანაც შეხება გვიწევს. ნებისმიერი პირი, რომელიც განსაზღვრავს სხვების პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საშუალებებსა და მიზნებს, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად არის „დამმუშავებელი“. „უფლებამოსილი“ პირი კი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „დამმუშავებლის“ სახელით. ის პირი კი, რომლის მონაცემებიც მუშავდება, მონაცემთა დამუშავების „სუბიექტია“.

 

ვიდეოთვალთვალის განხორციელება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი გამოხატულებაა. ვიდეოთვალთვალის სისტემა განიმარტება, როგორც სივრცის, მოვლენის, საქმიანობის ან პირის ვიზუალური/აუდიო მონიტორინგი ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით. ვიდეოთვალთვალის სისტემა შესაძლებელია მუშაობდეს როგორც ჩაწერის (ჩანაწერების შექმნის), ისე - მიმდინარე (ნაკადური) მონაცემების რეალურ დროში გადაცემის რეჟიმში. ვიდეოთვალთვალი შესაძლოა ხორციელდებოდეს არა მხოლოდ ვიდეო–ნაკადის, არამედ - ფოტოსურათების გადაღების ან თერმალური გამოსახულების ჩაწერა/გადაცემისთვის. ვიდეოთვალის სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერი პერსონალურ მონაცემად განიხილება, როდესაც შესაძლებელია მასზე აღბეჭდილი ადამიანის სახის გამოსახულების გარჩევა (პირდაპირი იდენტიფიკაცია), ან ადამიანის სახის ნაკვთებს გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ სისტემის მიერ დაფიქსირებული ნივთების ან ადამიანის ქცევის მახასიათებლებით, მათი სხვა მონაცემებთან შედარებით შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება (არაპირდაპირი იდენტიფიკაცია).

 

თანამედროვე ცხოვრებაში ვიდეოთვალთვალი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. დაწესებულებები და მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ხშირად იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემებს. მათი განთავსება ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა მიზანს ემსახურება. შესაბამისად, უდიდესი ყურადღება უნდა ექცეოდეს მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას, რისთვისაც საჭიროა მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზნის არსებობა და ვიდეომონიტორინგის განხორციელების კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცევა. სწორედ ამიტომ, კანონი მკაცრად განსაზღვრავს ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების ისეთ მიზნებს, როგორიცაა დანაშაულის თავიდან აცილება, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

 

ვიდეომონიტორინგის განხორციელების არეალი კი საკმაოდ დიდია. ის ხორციელდება როგორც ქუჩებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საჯარო თუ კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებში.

 

მოქმედი კანონმდებლობით, ქუჩაში (მათ შორის, პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილზე) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეო ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისაგან.

 

საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. ამასთან, სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

 

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

 

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ უნდა ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის. საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი დაუშვებელია. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

 

საინტერესოა, სად გადის ზღვარი მოქალაქეთა უსაფთხოების მიზნით ვიდეომონიტორინგის განხორციელებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის. აღნიშნულ საკითხს კანონი არეგულირებს, რომლის თანახმადაც ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში .

 

ხშირად საკუთრების დაცვის მიზნით დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო სისტემამ შესაძლოა ხელყოს სხვა პირების, მაგალითად, მეზობლების ან თანამესაკუთრეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

 

კანონი ადგენს წესებს, რომელიც მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა დამუშავებისას აუცილებლად უნდა დაიცვას. ამ წესების დარღვევით მონაცემთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება კანონდარღვევაა შეიძლება პირს მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

 

მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს დამმუშავებლის მხრიდან ვიდეოჩანაწერების შენახვას, გავრცელებას, უფლებამოსილი პირისთვის ვიდეომონიტორინგის დავალებას, ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომასა და მონაცემთა უსაფრთხოებას. მიუხედავად ამისა, ამ ნაწილშიც ხშირია დარღვევის ფაქტები.

 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. დადასტურებული კანონდარღვევის ფაქტის არსებობისას კი კანონი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გაფრთხილების ან ჯარიმის სახით.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოვლენილი დარღვევები ცხადყოფს, რომ საჭიროა ვიდეოთვალთვალის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირება, რათა მკაფიოდ და ნათლად განისაზღვროს აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე სისტემის დაყენებისას მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები, აუდიომონიტორინგის განხორციელების კანონიერი მიზნები და საფუძვლები. ამასთან, ვინაიდან ვიდეოთვალთვალი პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმაა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც კერძო/საჯარო დაწესებულებებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, ზედმიწევნით დაიცვან კანონის მოთხოვნები.

 

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ვიდეოთვალთვალი გამოიყენებოდეს მხოლოდ დანაშაულის თავიდან აცილების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის და არა როგორც მოქალაქეთა ქცევის კონტროლის დამატებითი მექანიზმი. ვიდეოთვალთვალის მოწყობილობის განთავსებისას მონაცემთა ყველა დამმუშავებელი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ვალდებულია, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი განათავსოს თვალსაჩინო ადგილას, რათა ინფორმირების გზით უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პატივისცემა .