ნოვაციები სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებაში
GeoEng

ნოვაციები სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებაში

წინა წლებში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულმა მოვლენებმა და უამრავმა ნეგატიურმა შედეგებმა, კერძოდ, 2014-2015 წლებში სავალუტო რყევებმა, მაღალი დოლარიზაციის პირობებმა, შინამეორნეობების სესხებზე მარტივად ხელმისაწვდომობამ მაღალი რისკის ქვეშ დააყენა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მარტივად აღებული სესხები (გამოუვალ მდგომარეობაში საჭირო ფინანსურ სახსრებზე სწრაფი ხელმისაწვდომობა) გლობალური ტენდენციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების პრუდუქტია, თუმცა სარგებელთან ერთად, ამ პროცესს თან ახლავს რისკები, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში, განსკუთრებით მაღალია. კერძოდ, მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მსესხებლებს უჭირთ ობიექტურად შეაფასონ ვალის ტვირთი და მისი მომსახურების შესაძლებლობა. ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი თავის სამომავლო ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში. ასეთ პირობებში, სესხების გამარტივებულად ხელმისაწვდომობამ აჩვენა საფრთხე, უმრავლესობამ აიღო ჭარბი ვალი და გახდა ვალაუვალი, გაუარესდა მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა და გაიზრდა მათი საზოგადოებიდან გარიყვის რისკები. რაც თავისთავად უდიდესი პრობლემაა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის (განმარტებითი ბარათი).

 

ექსპერტთა აზრით, საჭირო გახდა მთავრობის ჩარევა გარკვეული რეგულაციებით, რომლებმაც ფინანსური სექტორი აიძულა შეექმნა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო. საბოლოოდ დიდმა რეგულაციებმა ყველასთვის, ვინც ფულის გასესხების ბიზნესში იყო ჩართული, დაუმკვიდრა დაკრედიტების საერთო წესები და დაუქვემდებარა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

 

აღნიშნული რეგულაციების შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებასა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატა 6241-ე მუხლი, რომლითაც შეიცვალა უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი - უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 

აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ჭარბვალიანობის მართვისათვის. სავალდებულო უნაღდო ანგარიშწორების გზა ეფექტური მექანიზმია ასეთი სარისკო სასესხო/საკრედიტო ურთიერთობების კონტროლისა და ზედამხედველობის საკითხში.

 

მოქმედი კანონმდებლობით, უნაღდო ანგარიშწორება - ეს არის, ანგარიშწორება საგადასახადო საბუთებით ან ანგარიშწორება ელექტრონული საბუთების საფუძველზე („უქაღალდო ანგარიშწორება“) ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.

 

პრაქტიკამ აჩვენა, რომ უნაღდო ანგარიშწორების სისტემა წარმოადგენს სწრაფგანვითარებად მომსახურებას, რომელიც საგრძნობლად ამცირებს დროის დანახარჯს და ამავდროულად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის (საშუალებას იძლევა განხორციელდეს მაკროეკონომიკური პროცესების მონიტორინგი, ამ გზით ხდება ფულის მიწოდების კონტროლი). ამასთან, უნაღდო ანგარიშწორების განხორციელების ამსახველი მასალები, წარმოადგენენ უფრო სწრაფად და მარტივად მოსაპოვებელ მყარ მტკიცებულებებს (იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად განხორციელდა გადახდა). ასევე განსხვავებით ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევებისა, როცა ფულის გადაცემა ხდება ხელიდან ხელში, უნაღდო ანგარიშწორებისას საჭირო არ ხდება მიღება-ჩაბარების აქტების ცალკე გაფორმება და უტყუარობისათვის მათი სათანადო წესით დამოწმება, რომელიც დამატებით მოითხოვს ზედმეტ ხარჯებს და დროს. ამასთან, უნაღდო ანგარიშწორების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ავტომატურად ხდება გადახდის ფაქტის ასახვა შესაბამის ელექტრონულ სისტემაში (ელექტრონული ფულის ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისთანავე) და განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი მასალები ფინანსური დაწესებულებების მიერ ინახება საიმედოდ, უვადოდ და მათი შემთხვევითი განადგურების და დაკარგვის რისკი თითქმის არ არსებობს. ასევე უპირატესობა ვლინდება იმაშიც, რომ ელექტრონული ფულის გაყალბება, განსხვავებით მატერიალური ფულის ბანკნოტებისგან, შეუძლებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როცა ფულადი ვალდებულების შესრულება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან, უნაღდო ანგარიშწორება გამორიცხავს ფულის დათვლასთან დაკავშირებულ შეცდომებსაც, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ნაღდი ანგარიშწორების დროს.

 

2018 წლის 21 ივლისს სამოქალაქო კოდექსს დაემატა 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდა ყველა სახის სესხზე, ასევე იპოთეკური სესხებისათვის მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიურად გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზეც.

 

აღნიშნული ცვლილებაც ცალსახად ჭარბვალიანობის მართვას ემსახურება. კანონის წინა რედაქციით არ არსებობდა შეზღუდვა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარზე, რაც ნამდვილად ქმნიდა მსესხებლების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნის საფრთხეს. კრედიტორის უკეთეს მდგომარეობაში ჩაყენებით, შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ხშირ შემთხვევაში მსესხებელი გადახდისუუნარო ხდებოდა. აღნიშნული ცვლილებით, დაბალანსდა სესხის/კრედიტის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. 

 

ხსენებული რედაქციით, განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რაც უდაოდ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მსესხებლის, როგორც სუსტი მხარის დაცვის უზრუნველყოფისათვის და რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისათვის.

 

მსესხებლის მდგომარეობას აუმჯობესებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 პუნქტში განხორციელებული ცვლილებები.

 

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.

 

ასეთი შეზღუდვის მიზანია, რომ კრედიტორმა შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირების გზით არ მოახდინოს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ზრდა და, შედეგად, ვადაგადაცილებისას არსებულ ძირზე დამატებით, 1.5-მაგ ოდენობაზე მეტი ხარჯის მომხმარებლისთვის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ვრცელდება არამარტო ლიმიტს ზემოთ მსესხებლისთვის თანხების მოთხოვნასა და/ან აღებაზე, არამედ მისი გათვალისწინება უნდა მოხდეს მსესხებელთან დადებულ ხელშეკრულებაშიც.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო 625-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომლის თანახმადაც, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი“. აღნიშნულიდან დგინდება, რომ 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

 

ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი აღებული უჭირთ მისი გადახდა და შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. ამიტომ მიიჩნევა, რომ აღნიშნული ცვლილება ხელშეკრულების ორივე მხარისათვის ხელსაყრელია (საუკეთესოა), რამდენადაც მსესხებლისთვის უმჯობესია ეროვნულ ვალუტაში გადაიხადოს გადასახდელი თანხა, ხოლო კრედიტორის ინტერესი კი არის მიიღოს მოვალის მხრიდან დროული და ჯეროვანი შესრულება.

 

ზემოაღნიშნულმა საკანონმდელო ცვლილებებმა, რომელთა მიზანიც იყო დახვეწილიყო რეგულაციები ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების/კრედიტების უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივ საშუალებებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში და ასევე მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირება, დიდი ზეგავლენა მოახდინა კერძო გამსესხებლებზე ე.წ. „მევახშეებზე“. ისინი განხორციელებულ რეგულაციებამდე, პირადი სამომხმარებლო თუ სხვა მიზნით გასცემდნენ სესხებს, რომელთა უზრუნველსაყოფადაც მსესხებელი ტვირთავდა საკუთარ უძრავ ქონებას, ხშირ შემთხვევაში კი - თავის ერთადერთ საცხოვრებელს, რითაც ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში უსახლკარობის საფრთხეს იქმნიდა. მართალია სესხად აღებული ფულადი თანხით იგი გარკვეულ სარგებელს ნახულობდა, თუმცა ხშირად მოვალის სოციალური მდგომარეობა თუ სხვა ნეგატიური ფაქტორი, რომელიც შესაძლებელია დამდგარიყო სასესხო ურთიერთობაში ჩაბმის შემდეგ, ხდიდა ვალაუვალს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კერძო გამსესხებლისგან აღებული თანხა მოვალის მხრიდან, ხმარდებოდა ბანკებთან არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. კერძო გამსესხებლების სექტორის მიმართ, სხვადასხვა წყაროებში ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ საქართველოში კერძო გამსესხებლები ახორციელებენ მტაცებლური სესხების პოლიტიკას და მათ საქმიანობასთან აკავშირებენ უსახლკარობისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემებს.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ კერძო გამსესხებლებზე დაწესდა, მხოლოდ მათ მიერ გაცემულ სესხებზე აიკრძალა სანივთო სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებების - გირავნობისა და იპოთეკის გამოყენება (ეს წესი კი უცვლელი დარჩა საბანკო სექტორისათვის). ამასთან, გამონაკლი დადგინდა იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ საცხოვრებელი მიზნით და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ იურიდიულ მისამართად გამოყენების მიზნით.

 

და ბოლოს, კანონსა და გამოუვალ მდგომარეობას შორის აღმოჩენილი პირი ხშირად მიმართავს იმ ალტერნატიულ გამოსავალს, რომლითაც ის კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება. ასეთად შეიძლება დავასახელო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ისე სანოტარო ბიუროებში უხვად გვხვდება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის უფლებების რეგისტრაცია.

 

პრაქტიკამ დაგვანახა, რომ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების რიცხვა საგრძნობლად იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური პირებისგან მიღებულ ფულად სახსრებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

 

ყოველივე ზემოთ თქმული ნათელი მაგალითია იმისა, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დასახვეწი საკანონმდებლო დონეზე.