სანოტარო მედიაცია
GeoEng

სანოტარო მედიაცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო-სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად კერძო არბიტრაჟები იქცა თავისი მრავალფეროვნებითა და დავის გადაწყვეტის უფრო მოკლე მექანიზმების გამოყენებით. მაგრამ პრაქტიკა მოწმობს, რომ მხოლოდ არბიტრაჟები არ არის საკმარისი კერძო-სამართლებრივი დავების განტვირთვისა და ეფექტური გადაწყვეტისათვის.

 

ამიტომ აუცილებელია სხვა, დამატებითი, ახალი, ინოვაციური ინსტიტუტების შემოტანა სამართალში, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის დავების გადაწყვეტას. ამგვარ ინსტიტუტად კი თამამად შეგვიძლია მედიაციის ინსტიტუტი ჩავთვალოთ.

 

მედიაცია, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მესამე პირის დახმარებით წარმოებული მოლაპარაკების ტექნიკა თავისი თანამედროვე ფორმებით საქართველოში სიახლეს წარმოადგენს.

 

საქართველოში არსებული მედიაციის სხვადასხვა სახეობებთაგან ერთ-ერთია სანოტარო მედიაცია. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში „კანონი“), მოხდა სანოტარო მედიაციის ინსტიტუტის დეფინიცირება. კანონმდებელმა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსის შინაარსი მედიატორის ფუნქციებითაც აღჭურვა. კერძოდ, 2012 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კანონს დაემატა 381 მუხლი „სანოტარო მედიაცია“. ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციას (შემდგომში „ინსტრუქცია“) დაემატა XI თავი (2013 წლის 12 აგვისტო), რომლითაც განისაზღვრა სანოტარო მედიაციის წარმოების ზოგადი პრინციპები, სანოტარო მედიაციის პროცესში ნოტარიუსის მონაწილეობის წესი და მისი უფლებამოსილებები, აგრეთვე სანოტარო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

ინსტრუქციის თანახმად (მუხლი 100), სანოტარო მედიაცია არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ერთი ან მეტი მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.

 

მედიატორი ნოტარიუსი არის ნოტარიუსი, რომელიც ავტორიზებულია და ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრის მიერ დანიშნულია ნოტარიუსად, ხოლო მეორე მხრივ, სერტიფიცირებულია როგორც მედიატორი. მაშასადამე, სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ. ამასთან, სანოტარო მედიაციაში მონაწილე ნოტარიუსი ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას, თუ მედიატორ ნოტარიუსს შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს ნოტარიუსის უფლებამოსილება.

 

მედიაციის ქვემდებარე სამართლებრივი დავებია:

ა) საოჯახო სამართლებრივი დავები (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);

ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივი დავები;

გ) სამეზობლო სამართლებრივი დავები;

დ) ვალდებულებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები;

ე) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევები;

ვ) სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავები, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.

 

მედიაციის წარმოების პრინციპები: მედიატორი ნოტარიუსი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და უნდა უზრუნველყოს, რომ მედიაციის პროცესის განმავლობაში დაცული იყოს მხარეების შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი. მედიატორ ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევისათვის, თუ მედიაციის შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. მედიატორ ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებისას. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა მოთხოვნით, მედიაციის პროცესში მონაწილე ყველა პირს ეკისრება კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება, რომლის თაობაზეც ეს პირები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის აქტს. თუ მხარეები სხვაგვარად არ დაადგენენ, სამედიაციო შეთანხმებით განისაზღვრება, რომ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია და დოკუმენტი არ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ დავის განმხილველ სხვა ორგანოში. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარემ კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო, ან ამ დოკუმენტაციას/ინფორმაციას მხარე ისედაც ფლობდა (გამონაკლისის სახით შეიძლება ითქვას, რომ საოჯახო მედიაციის პროცესის დროს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე ექმნება საჯარო წესრიგსა და ბავშვის უპირატეს ინტერესებს).

 

მოქმედი კანონმდებლობით მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ნებისმიერ შემთხვევაში მედიატორი ნოტარიუსი ვალდებულია, მხარეებს შეუქმნას მედიაციისათვის საჭირო სათანადო გარემო. ამასთან, მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით. მედიაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობები განსახილველ საკითხებთან, აგრეთვე, დავის გადაჭრის სხვა შესაძლო გზებთან დაკავშირებით არჩევანის გასაკეთებლად/გადაწყვეტილების მისაღებად.

 

კანონმდებლობით დასაშვებია მედიაციის პროცესში მხარის მონაწილეობა როგორც უშუალოდ, ისე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის უშუალოდ მონაწილეობა. ასევე მედიატორ ნოტარიუსს უფლება აქვს, მხარისათვის იურიდიული დახმარების მიზნით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის ჩართვა. მხარის უარი ადვოკატის ჩართვაზე შესაძლოა, გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. თუმცა აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი, როცა საქმე ეხება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნოტარიუსი მედიატორის მიერ მედიაციის პროცესის წარმართვას.

 

მედიაციის დაწყების საფუძველია დავის მონაწილე ყველა მხარის თანხმობა მედიაციის განხორციელებაზე, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა. მედიაციის დაწყება ფორმდება სამედიატორო შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი ნოტარიუსი. სამედიატორო შეთანხმებით მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის დროსა და ადგილზე, მედიაციის ვადებსა და სესიების რაოდენობაზე, კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებსა და წესზე, დამსწრე პირებზე, მედიაციის პროცესში მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, მედიაციის ხარჯების განაწილებისა და გადახდის წესზე, აგრეთვე, მედიაციის პროცესის სხვა საკითხებზე.

 

სანოტარო მედიაციის პროცესი სანოტარო ბიუროში მისვლით იწყება. მედიაციის ჩასატარებლად მედიატორი ნოტარიუსი მონაწილე მხარეებს იწვევს დახურულ სხდომაზე. ნოტარიუსი უფლებამოსილია, აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან. მედიაცია, როგორც წესი, ტარდება ზეპირი ფორმით. ყველა მხარის თანხმობით, ნოტარიუსს უფლება აქვს, სხდომაზე მოიწვიოს მოწმეები და სპეციალისტები, განახორციელოს დოკუმენტებისა და ნივთების დათვალიერება. ამ მოქმედებების ჩატარების ხარჯები ეკისრებათ მხარეებს. მედიაციის განხორციელების სხვა პროცედურებს მედიატორი ნოტარიუსი განსაზღვრავს თავისი შეხედულებისამებრ, მედიაციის წარმოების პრინციპების დაცვით.

 

მოქმედი კანონმდებლობით მედიაციის პროცესი შეწყდება, თუ:

ა) მედიატორი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება უპერსპექტივოა და დავა ვერ მოგვარდება შეთანხმების მიღწევის გზით;

ბ) მედიატორმა ნოტარიუსმა განაცხადა თვითაცილება (ნოტარიუსი ვალდებულია, მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ მედიატორობის განხორციელება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს, ან შესაძლოა, არსებობდეს ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ);

გ) რომელიმე მხარე უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მას შეუძლია, განაცხადოს მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე, მოტივის მითითების გარეშე.

დ) თუ მედიატორ ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, მედიატორი ნოტარიუსი ან ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია, ყველა დაინტერესებული პირის თანხმობით, საქმე მედიაციისათვის გადასცეს სხვა ნოტარიუსს. თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მედიაციის პროცესი წყდება.

 

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ ნოტარიუსი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას და მას შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

სანოტარო მედიაციის აღსრულება - კანონის თანახმად (მუხლი 381), სანოტარო მედიაციის წარმატებით გადაწყვეტის შემთხვევაში მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმება აისახება მორიგების აქტში. ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ადასტურებს სანოტარო წესით (საჯარო აქტის ფორმით). ინსტრუქციის შესაბამისად, მედიატორმა ნოტარიუსმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების სამართლებრივი შედეგები. მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მორიგების აქტის დადასტურებაზე, თუ მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსი არ აკმაყოფილებს გარიგების ნამდვილობის პირობებს.

 

მოქმედი კანონმდებლობით, მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით, შეიძლება გაიცეს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც იძულებითი აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, აღმასრულებელი სასამართლო წარმოების გარეშე კანონმდებლობით დადგენილი წესით აღასრულებს მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებითაც აუცილებელია კანონმდებლობაში შესაძლო პრობლემატური საკითხები დარეგულირდეს.

 

მნიშვნელოვანი საკითხია, სანოტარო მედიაციის ვადის განსზაღვრა. ესეც ასევე მხარეებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიაციის პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს, მედიაციის ერთ-ერთი მთავარი არსი ისაა, რომ ის სასამართლო პროცესებზე ნაკლებ დროს მოითხოვს, ამიტომ მართებული იქნება თუ მისი ხანგრძლივობა, როგორც წესი, ორი ან სამი კვირის ვადას არ გასცდება (მიუხედავად იმისა, რომ აქაც მხარეების გადაწყვეტილებაა პრიორიტეტული, ევროსაბჭოს 2008 წლის დირექტივის მიხედვით, ვადები სკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ მედიაციის პროცესი ფარგლებს არ გასცდეს. ქვეყნებში სადაც მედიაცია მაღალ დონეზეა განვითარებული მედიაცია 2-3 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება როგორც წესი).

 

რთულია ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს სანოტარო მედიაციის, როგორც ნოტარიუსის მიერ განხორციელებული მომსახურების საფასური. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საზღაურის გადახდისაგან თავისუფლდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი სანოტარო მოქმედებები.

 

2016 წლის 03 ივნისს იქნა მიღებული ზემოაღნიშნული კანონი და სანოტარო მედიაციამაც გაცილებით მეტი აქტუალობა შეიძინა. სახელმწიფომ დაიწყო მიწის რეგისტრაცია გამარტივებული წესით, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის გამარტივებასა და წახალისებას. აღნიშნული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განსაზღვრული იქნა მედიატორი ნოტარიუსის სავალდებულო ჩართულობა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციამდე, მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში.

 

მოქმედი კანონმდებლობით, მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები არჩევენ საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ შედგენილი, წინასწარი განსაზღვრული მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო. მედიატორ ნოტარიუსად შეირჩევა ნეიტრალური და მიუკერძოებელი ნოტარიუსი, რომელიც ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ. ხსენებული პროცედურა მხოლოდ პროექტის ფარგლებში მიმდინარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ დავებს ეხება.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კანონით გათვალისწინებული სანოტარო მედიაციის სტატისტიკა 2016 წლის ივნისიდან 2020 წლის ჩათვლით ასე გამოიყურება: სულ მოთხოვნილი იყო 43 366 მედიაცია, აქედან მორიგებით დასრულდა 1978 მედიაცია.

 

ხსენებული სტატისტიკა მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მოსახლეობის ფსიქოლოგია და სამართლებრივი ცნობიერება მისული იქამდე, რომ ნებაყოფლობით გადაწყვიტონ დავა სანოტარო მედიაციის საშუალებით. ამიტომ, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა, რომლებიც მხარეებს გაუადვილებს მოლაპარაკების პროცესს და დაეხმარება მათ ზედმეტი ფორმალობებისა და გართულებების გარეშე თავიანთი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში.

 

და ბოლოს: სანოტარო მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანთა სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების ეფექტური საშუალება, სრულიად ახალი მოვლენა და ნაკლებად განვითარებული ინსტიტუტია თანამედროვე ქართულ სამართალში. ამიტომ, ქართულ სინამდვილეში საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას და მეორე მხრივ, მხარეებს გაუჩენს სურვილს წარმოშობილი კონფლიქტი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის ხელშეწყობით მოაგვარონ. ჩვეულებრივი მედიატორისაგან განსხვავებით, ნოტარიუსი უფრო კარგად და სიღრმისეულად არის გაცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში (ამასთან, მიზანშეწონილია მედიატორი ნოტარიუსი გათვითცნობიერებული იყოს ფსიქოლოგიურ ასპექტებშიც). შესაბამისად, მას არ გაუჭირდება ისეთი შეთანხმების მიღწევისათვის ხელშეწყობა, რომელიც უპირატესად მხარის ინტერესებისა და კანონის შესაბამისი იქნება.

 

ყოველივე ზმოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. კერძოდ, მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, რაც უზრუნველყოფს სასამართლოების განტვირთვას სამოქალაქო საქმეების განხილვისგან, იხდის ნაკლებ გადასახადს, დავის გადაწყვეტა ხდება ეფექტურად, მცირე დროში და მხარეები ინარჩუნებენ სოციალურ ურთიერთობებს.