იტვირთება...
დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება
GeoEng

დისკრიმინაციის სამართლებრივი რეგულირება

„ადამიანთა თანასწორობა“ ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში განიხილებოდა სამართლის ფუძემდებლურ პრინციპად. დემოკრატიული ათენის პოლიტიკური ლიდერის პერიკლეს სიტყვებით, „ათენის კანონები... თანასწორ სამართლიანობას ანიჭებდა ყველას, მათი პრივატული განსხვავებების მიუხედევად“ (ჩვ. წ. აღ. 431 წ.).

 

ეს სწორედ ის იდეაა, რომელიც პოზიტიურ სამართალზე ადრე წარმოიშვა და შემდგომ საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა შესახებ არა ერთ სამართლებრივ დოკუმენტს.

 

დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვა არ არის ახალი მოვლენა ჩვენი სამართლებრივი სისტემისათვის, ის დაგმობილი იყო ჯერ კიდევ 1921 წლის პირველი ქართული კონსტიტუციით, რომელიც თავისი იდეური ფასეულობებით ევროპის მოწინავე ქვეყნების კონსტიტუციების გვერდით იდგა და ზოგიერთი უფლების აღიარებაში მათზე მოწინავეც კი იყო

  • ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
  • საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
  • სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
  • სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

 

საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის ეს ჩანაწერი ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს იმის გარანტიას, რომ მიუხედავად რაიმე ნიშნით განსხვავებულობისა, მას მოეპყრობიან თანასწორად. 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა იმ დროინდელი კონსტიტუციის მე-14 მუხლის კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე: “კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.”

 

საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით, დარღვეული უფლების სამართლებრივი საშუალებებით ეფექტური დაცვა აუცილებლად გულისხმობს პირის შესაბამის რეპარაციას, ეფექტური სასამართლოსა და ადმინისტრაციული მექანიზმების არსებობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება თანასწორობის დარღვეული უფლების აღდგენა. ამას ემსახურებოდა 2014 წელს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მიღება. კანონის მიზანია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლს დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას მისცემს.

 

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის პირველი მუხლის შესაბამისად: „ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად”.

 

კანონის მიხედვით არსებობს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ან რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. ირიბი დისკრიმინაცია კი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით.

 

მნიშვნელოვანია თანასწორობა გაიმიჯნოს გათანაბრებისგან, ეს უკანასკნელი თავად ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, ვინაიდან თანასწორობა ნიშნავს შესაძლებლობების თანასწორ უზრუნველყოფას, რაც ადამიანებს მისცემს ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციის საშუალებას. თანასწორობის იდეის თანახმად, სახელმწიფო არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა მოეპყრას თანასწორად. აღნიშნულის დარღვევაც წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას.

 

აღნიშნულმა კანონმა კიდევ უფრო განავრცო დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციური დებულებები, კერძოდ, პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით როგორებიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

დისკრიმინაცია აიკრძალა როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში, შემუშავებულია დისკრიმინაციის პრევენციისა და გამოვლენის ეფექტური მექანიზმები.

 

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველი, რომელიც აღჭურვილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტური მექანიზმებით. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღებამდე სახალხო დამცველს არაერთხელ გამოუცია რეკომენდაცია დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრის შესახებ. მაგრამ სახალხო დამცველს არსებობის მანძილზე შეზღუდული ჰქონდა კომპეტენცია, კერძოდ, მას არ შეეძლო კერძო პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების შესწავლა და რეკომენდაციის გაცემა. ამავე კანონით დადგენილია სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა, გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრების წესი, ასევე სახალხო დამცველის მიერ სპეიალური ანგარიშის შემუშავების ვალდებულება ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

 

კანონში დღემდე რამოდენიმე ცვლილებაა შეტანილი. 2019 წლის ცვლილებები განამტკიცებს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. მანვე დაადგინა აკრძალვა პირისთვის მითითების მიცემის შემთხვევაში, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია.  გაითვალისწინა რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე 2000 წლის 29 ივნისის ევროსაბჭოს 2000/43/EC დირექტივისა და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივის მოთხოვნებიც.

 

2020 წლის ცვლილებებით კი მოხდა „გონივრული მისადაგების“ ცნების დანერგვა რაც გამოიწვია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზების რეალური გარანტიების არსებობის აუცილებლობამ. შედეგად  სახელმწიფოს გაუჩნდა შესაბამისი ვალდებულება - მიიღოს ყველა შესაძლო ზომა შესაბამის სფეროებში გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოხდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებაც, რაც ემსახურებოდა კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობას.

 

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონით, თუ პირი მიიჩნევს თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლება აქვს მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს. სახალხო დამცველი შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტებს საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის არსებობისას, რაც ცალსახად პოზიტიური მექანიზმია.  მოიწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და დისკრიმინაციის შესაძლო განმახორციელებლ პირს და შეეცდება საქმე დაასრულოს მორიგებით. მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად და მოითხოვს შესაბამისი აქტის ბათილად ცნობას, ახალი აქტის გამოცემას თუ მოქმედების შეჩერებას. ამავდროულად, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, საქმის ყველა ეტაპზე, მიმართოს სასამართოს და მოითხოვოს, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება დისკრიმინაციის ჩამდენისაგან. ცალსახად დადებითია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველს ენიჭება მედიატორის, შემრიგებლის როლი. დავის ალტერანტიული მოგვარების მეთოდებები, როგორიც არის მედიაცია, სამოქალაქო დავებისას აქტიურად გამოიყენება მსოფლიოში. თუმცა, მედიაციის ინსტიტუტი სამართლის სხვა სფეროებშიც აქტიურად იკიდებს ფეხს, მაგალითად, სამართლებრივად მოწინავე ქვეყნებში, სადაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება აღდგენითი მართლმსაჯულება, მედიაციას საკმაოდ დიდი როლი ენიჭება. როგორც სახალხო დამცველისთვის მიმართვის შემთხვევაში, ასევე სასამართლო დავისას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. მსგავს მიდგომას, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე, შრომის კოდექსიც იყენებს. ამგვარი მიდგომა გამართლებულია, რადგან სხვა შემთხვევაში, ასიმეტრიული ინფორმაციის გამო, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა დისკრიმინაციის ფაქტის დასაბუთება დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მიერ. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სუბიექტის შეცვლით კანონმა უფრო რეალური გახადა დისკრიმინაციის მსხვერპლის მიერ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვა.

 

დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

 

დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს:

  • დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთა;
  • იმ პირობებში აღდგენა, რაც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებამდე არსებობდა;
  • დისკრიმინაციის შედეგად დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

სახალხო დამცველის გარდა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციას კანონმდებლობა აკისრებს სასამართლოს, რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც.

 

ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების გატარება არ არის მხოლოდ სახალხო დამცველისა და სასამართლოს კომპეტენცია. ამ კუთხით გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ სხვა სახელმწიფო ორგანოებს. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას.

 

აღნიშნული  კანონის მიღება არის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებებისა და კერძოდ დისკრიმინაციის წინააღდეგ ბრძოლის კუთხით. მიუხედავად მისი პრაქტიკაში იმპელემენტაციისას არსებული რიგი ხარვეზებისა, რომლებიც ვფიქრობ აუცილებლად დარეგულირდება, კანონის მიზნების მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი რესურსების გამოყოფა და ადეკვატური ძალისხმევა არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებაში. ამ პროცესში მთავრობასა და საზოგადოებას უაღესად დიდი როლი ენიჭება.

 

თეა ედიშერაშვილი,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  პროფესორის ასისტენტი,

სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი.