დემოკრატიული წესრიგი ეფუძნება თანასწორი პოლიტიკური უფლებების პრინციპს: თითოეულ მოქალაქეს აქვს თანაბარი სტატუსი და თანაბარი მონაწილეობის უფლება, კოლექტიური გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში. ეს პრინციპი უარყოფს მმართველობის მემკვიდრეობით, ქონებრივ ან სოციალური სტატუსით განსაზღვრას და პოლიტიკურ ძალაუფლებას აკავშირებს მოქალაქეობის უნივერსალურ ცნებასთან. თუმცა დემოკრატიის შიგნითვე ჩნდება რთული თეორიული პრობლემა: თუ პოლიტიკური მართვა მოითხოვს კომპეტენციას, სტრატეგიულ ხედვასა და პასუხისმგებლობის მაღალ დონეს, როგორ უნდა გავიგოთ თანასწორობა? ნიშნავს თუ არა თანასწორობა მართვის უნარის თანასწორობასაც?
მართვა არ არის მხოლოდ ნებელობის გამოხატულება. იგი გულისხმობს რესურსების განაწილების, კრიზისების მართვის, გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველყოფის უნარებს. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხშირად კომპლექსურია და მოითხოვს ინფორმაციის ანალიზს, რისკების შეფასებასა და შედეგების წინასწარ გათვლას. შესაბამისად, მმართველობა, როგორც პრაქტიკა, დაკავშირებულია არა მხოლოდ ლეგიტიმურ უფლებასთან, არამედ - უნართან.
თანამედროვე დებატებში ამ საკითხს რადიკალურად აყენებს Jason Brennan, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად არ ფლობს პოლიტიკურ კომპეტენციას. მისი არგუმენტი არ ეფუძნება მხოლოდ ამომრჩეველთა ინფორმირებულობაზე განხორციელებულ ემპირიულ დაკვირვებას; ისმევა უფრო ღრმა ნორმატიული კითხვა: თუ არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები აზიანებს საზოგადოებას, არის თუ არა სამართლიანი - თანაბარი პოლიტიკური ძალა? ბრენანისთვის მმართველობითი უნარი მორალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა - ცუდი გადაწყვეტილება მხოლოდ შეცდომა კი არა, ზოგჯერ კოლექტიური ზიანის წყაროცაა.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მართვის უნარის პრივილეგირება დემოკრატიულ თანასწორობას უპირისპირდება. დემოკრატიის საფუძველი არის ის, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ყველას და არა მხოლოდ „უკეთესებს“. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას განსხვავებას მონაწილეობასა და მართვას შორის. მონაწილეობა გულისხმობს უფლებას გავლენა იქონიო ხელისუფლების ფორმირებაზე; მართვა კი გულისხმობს უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას. დემოკრატიული სისტემა, როგორც წესი, აღიარებს მონაწილეობის თანასწორობას, მაგრამ მმართველობის პროცესში უკვე მოქმედებს პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და ინსტიტუციური კომპეტენციის კრიტერიუმები.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია კლასიკური ლიბერალური ხედვაც, რომელიც ჩამოყალიბებულია John Stuart Mill-ის მიერ. მილი აღიარებდა, რომ მმართველობა მოითხოვს განსჯის უნარსა და პასუხისმგებლობას. თუმცა მისთვის გამოსავალი არ იყო თანასწორობის შეზღუდვა, არამედ ისეთი წარმომადგენლობითი მექანიზმების შექმნა, რომლებიც ამცირებს არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების რისკს. აქ მართვის უნარი განიხილება არა როგორც ელიტარული პრივილეგია, არამედ როგორც ინსტიტუციური პასუხისმგებლობის ნაწილი.
ამრიგად, დემოკრატიული პარადოქსი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: მართალია პოლიტიკურ თანასწორობას არ ახლავს უნარების თანასწორობაც, თუმცა მმართველობითი ფუნქცია სწორედ ამ უნარებზეა დამოკიდებული. აღნიშნული საკითხის გაუაზრებლობა იწვევს ორი სახის რეალობას: ერთ შემთხვევაში - ტექნოკრატიულ ელიტიზმს, სადაც ლეგიტიმაცია სუსტდება; მეორე შემთხვევაში - გაუკონტროლებელ ნებელობითობას, სადაც გადაწყვეტილების ხარისხი იკლებს.
მაგალითისათვის, განვიხილოთ მერიტოკრატია, რომლის მიხედვით გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ყველაზე კომპეტენტურმა მოქალაქეებმა. თუმცა ეს მიდგომა ქმნის დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრობლემას: ვინ განსაზღვრავს კომპეტენციის სტანდარტს? და ხომ არ აძლიერებს ამგვარი მიდგომა უკვე არსებულ სოციალურ უთანასწორობას? მერიტოკრატია ეფექტიანობისკენ მიუთითებს, მაგრამ დემოკრატიის ეთიკურ საფუძველს უპირისპირდება.
საპირისპირო უკიდურესობაა პოპულიზმი, რომელიც ხალხის ნებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებები გააზრებულ განსჯასა და პასუხისმგებლობას უნდა ეფუძნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რთული პოლიტიკური საკითხები გამარტივებულ დაყოფებად გადაიქცევა და გაიზრდება უპასუხისმგებლო მმართველობის რისკი.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე დემოკრატია შეიძლება გავიგოთ როგორც სისტემა, რომელიც ორი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული პრინციპისგან შედგება: ლეგიტიმაცია მოდის თანასწორი მონაწილეობისგან, ხოლო ეფექტიანობა - ინსტიტუციური კომპეტენციისგან. მართვის უნარი ამ მოდელში არ ცვლის თანასწორობას, მაგრამ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის სტანდარტს მათთვის, ვინც ძალაუფლებას ახორციელებს. ძალაუფლება აქ აღარ არის მხოლოდ უფლებრივი სტატუსი; იგი არის ეთიკური ვალდებულება.
ამგვარად, კითხვა „მართვის უფლება თუ მართვის უნარი?“ არ არის მარტივი არჩევანი. იგი გამოხატავს დემოკრატიის შიდა, მუდმივ დაძაბულობას - თანასწორობასა და კომპეტენციას შორის. დემოკრატიის მდგრადობა სწორედ ამ ორ განზომილებას შორის ბალანსის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.
ბიბლიოგრაფია
Brennan, J. (2016). Against democracy. Princeton University Press.
Mill, J. S. (1861/1991). Considerations on representative government. Prometheus Books.