იტვირთება...
სამართლის სუბიექტი და სამართლებრივი პირი - რეალური ავტონომიიდან იურიდიულ ფიქციამდე
GeoEng

სამართლის სუბიექტი და სამართლებრივი პირი - რეალური ავტონომიიდან იურიდიულ ფიქციამდე

კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, კერძოდ კი, გერმანული სამართლის დოქტრინა, (და არამხოლოდ), ერთმანეთისაგან მიჯნავს სამართლის სუბიექტსა და სამართლებრივ პირს. ამ თეორიის ფუძემდებლად ითვლება თანამედროვეობის გამოჩენილი ცივილისტი: ჰერჰარტ ჰუსერლი, ე.წ. ჰუსერლის თეორია“; ამ თეორიის მიხედვით, სამართლის სუბიექტის გამიჯვნა სამართლებრივი პირისგან, ჰყოფს რამოდენიმე ნიშანი: სამართლის სუბიექტობა დამოკიდებულია რეალურ სივრცესთან მჭიდრო კავშირში, ე.ი. სუბიექტის ფიზიკური არსებობა რეალურ გარემოში. რომელიც არ წარმოადგენს ე.წ. „ფიქციას“. რაც შეეხება სამართლებრივი პირის კავშირს გარე-სამყაროსთან, მკვლევარი თვლიდა, რომ ის წარმოდგენილია აბსტრაქტული ფორმით. ე.ი. „სამართლებრივი პირის ჩამოყალიბება ხორციელდება ფორმალურ/სამართლებრივ გარემოში. სამართლებრივი პირის, როგორც შემდგომში სამართლებრივი სუბიექტობას საფუძვლად უდევს მისი ბუნებრივი ხასიათი, კერძოდ თვითცნობიერება და თვისი პიროვნული იდენტობა. ძალიან საინტერესოა ჰუსერლის თეორიის მიხედვით სამართლებრივი პირის ცნების განხილვა, რომლსაც ავტორი მიაკუთვნებს ხელოვნურ კონსტრუქციათა ჯგუფს, რომელსაც სამართლის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სწორედ ამის საფუძველზე, გერმანული დოქტრინა, ამ ცნებას მიაკუთვნებს ფიქციას, რომელიც შექმნილია სამართლებრივი სისტემის მიერ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ქართველი ცივილისტისა და სამართლის პროფესორის მ. ბიჭიას მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, კიდევ რა ნიშანი ახასიათებს სამართლის სუბიექტს: ქართველი მეცნიერი თვლის, რომ სამართლის სუბიექტი ხასიათდება „ინტენციონალურობით“ (ე.ი. ცნობიერი აქტის მიმართულება რაღაც ობიექტისკენ), ბიჭია თვლის, რომ სამართლის სუბიექტი მიმართულია საკუთარი შეგნებისკენ, ხოლო რაც შეეხება მის გარდაქმნას სამართლებრივ პირად - გარე სამყაროსკენ. ის ძირითადი, რაც გამოარჩევს სამართლებრივ პირს, არის სწორედ მისი ფუნქციონალური დატვირთვის უნარი, რადგან მისი მოქმედება მიმართულია კონკრეტულ სამართლებრივი მიზნის მისაღწევად, ასე, მაგალითად: სიტყვა „შენ შეგიძლია“, თავისთავად არ მოიაზრებს პერსონის კანონით აღიარებულ და დაცულ სფეროს. ქართველი პროფესორი აგრეთვე ამატებს, რომ ასეთ დროს ნორმას დაქვემდებარებულმა სუბიექტმა შეიძლება თქვას, რომ არ ვეთანხმები და შესაბამისად არ ვაღიარებ კანონის ნორმით დაწესებულ იმ შეზღუდვას, რომელიც განსაზღვრავს ჩემი მოქმედების თავისუფლებას, მაშასადამე, ვემხრობი ჩემი საკუთარი ნების ავტონომიას, რომელიც გარანტირებულად მაქვს და ვერავინ შეეხება. რომ დავუბრუნდეთ ჰუსერლის თეორიას, სამართლის სუბიექტი ავტონომიურია. სამართლის სუბიექტს აქვს უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რაც არ აქვს სამართლებრივ პირს, რომლის ავტონომია შეზღუდული სახით გვევლინება, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხორციელდება წინასწარ დადგენილი წესებით. სამართლის სუბიექტის დამახასიათებელი ნიშანია მისი მორალური პასუხისმგებლობა, რაც ვლინდება საკუთარი ქმედებების მორალური შედეგების გაცნობიერების შესაძლებლობაში. განსხვავებით სამართლის სუბიექტისაგან, სამართლებრივი პირის პასუხისმგებლობა მოიცავს, მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებს, ერთგვარი მორალური პასუხისმგებლობის შეგრძნებების გარეშე. პროფესორი მ. ბიჭია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლის სუბიექტს გააჩნია დამოუკიდებელი და ინდივიდუალური ნება, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიზნებსა თუ სურვილებს. სამართლებრივი პირის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა საქმე, რადგან ინდივიდუალურ ნებას ანაცვლებს საზოგადოებრივი/ კოლექტიური გადაწყვეტილება. მ. ბიჭია თავის ნაშრომში „ფენომენოლოგიური ძიებანი გერჰარტ ჰუსერლის სამეცნიერო ნაშრომში „სამართლის სუბიექტი და სამართლებრივი პირი“ აღნიშნავს, რომ პირის ღირებულებები და ინტერესები სახელმწიფოს მიერ აღიარებულია და დაცულია მისი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ეფუძნება მის თავდაპირველ პიროვნულ თავისუფლებას. სამართლის სუბიექტს გააჩნია უნარი სხვა პირებთან დაამყაროს სოციალური კავშირები, რომელიც საფუძველია პირადი ურთიერთობების შექმნისა. სამართლებრივ პირს ძალუძს დაამყაროს მხოლოდ ფორმალური ურთიერთობები, ისიც მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს სამართლებრივი ჩარჩო. ყოველივე ზემოთ განხილული საკითხები გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სამართალი ითვალისწინებს რა, სამართლის სუბიექტის რეალურ, ფენომენოლოგიურ ხასიათს, ხოლო სამართლებრივ პირს მიიჩნევს კონკრეტული მიზნების მისაღწევად დადგენილ, ერთგვარ სამართლებრივ ინსტრუმენტს. გერმანელმა გამოჩენილმა იურისტმა და სამართლის ფილოსოფოსმა, ერიკ ვულფმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პერიოდში თავის ნაშრომში აღნიშნა, რომ სამართლებრივი პირი სამართლებრივ საზოგადოებაში გაწევრიანებული ინდივიდია, რომელსაც აქვს გარკვეული ქმედების განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა და სამართლებრივი უფლებამოსილება. ვულფი თვლიდა, რომ ვისაც სამართალი აძლევს მხოლოდ სოციალური ნებადართულობის სივრცეს სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე, წარმოადგენს სამართლის სუბიექტს, თუმცა არა სამართლებრივ პირს. სამართლებრივი პირის თვისება არის მისი შესაძლებლობა, განკარგოს სამართლის ობიექტები, ბუნებრივია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონმდებლობით ან/და სხვისთვის გადაცემული სამართლებრივი უფლებამოსილებით. სამართლებრივი პირის უფლებამოსილებაშია კანონშესაბამისი ქმედებების განხორციელება, სწორედ ეს გარემოებები ცვლიან იმ ძირითადი ცნებების სტრუქტურას, რასაც წარმოადგენენ ქმედუნარიანობა, იურიდიული პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. სწორედ სამართლებრივად მოქმედი პირების პერსონალურმა სტრუქტურებმა გაყვეს სამართლებრივი აქტები ორ ძირითად სახედ: ა) როდესაც ინდივიდი მოქმედებს სამართლებრივი საზოგადოების წარმომადგენლად, ე.ი. ის მოიაზრება სამართლებრივი სისტემის ნაწილად და მისი ნების გამტარებლად, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - პიროვნულზე დაფუძნებული ქმედება. ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი სუვერენიტეტით აღჭუვილი პირის ქმედება (ე.ი. ის შემთხვევა, როდესაც პირის ქმედებანი ხორციელდება დამოუკიდებლად). პირველი იდეა არ არის თანხვედრაში მეორე კონცეფციასთან. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ფორმა განსაზღვრავს მართლწესრიგს, დაკავშირებულია საკოორდინაციო სამართალს ან სუბორდინაციულ სამართალს.

 

ყოველივე ზემოთ მიმოხილული საკითხებიდან გამომდინარე, სამართლის სუბიექტი წარმოადგენს სრულფასოვან, დამოუკიდებელ ინდივიდს, რომელიც მოქმედებს სამართლებრივ სივრცეში. ის არ უნდა იქნას მიჩნეული სამართლებრივი ნორმების პასიურ მიმღებად, უფრო მეტიც, ის აქტიური მონაწილეა, რომელსაც შეუძლია, მოახდინოს ზეგავლენა სამართლებრივ პროცესებსა ან/და ურთიერთობებზე. სამართლის სუბიექტს ძალუძს საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს ე.ი. მას აქვს ე.წ. „ავტონომიური შეგნება“; მისი შესაძლებლობები აგრეთვე მიმართულია სოციალურ და სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებისაკენ. ეს მოცემულობები არასრული ფორმით გვხვდება სამართლებრივი პირის არსებობისას (მაგ. როდესაც საკითხი ეხება იურიდიულ პირს); სამართლებრივი პირი წარმოადგენს სამართლებრივი საზოგადოების წევრს, რომელიც აღჭურვილია კონკრეტული უფლება-მოვალეობებით. ეს იმთავითვე საფუძველია, სამართლის სუბიექტის პიროვნული თვისებების ფლობის უნარისა, რაც ანსხვავებს სამართლებრივი პირისაგან, რომლიც, მხოლოდ სამართლით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მფლობელია. სამართლებრივი პიროვნულობის (პირის იურიდიული სტატუსის) დაკარგვის შემდეგაც, სამართლის სუბიექტი მაინც რჩება სამართლებრივი საზოგადოების წევრად, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ პირს, თუ ის დაკარგავს სამართლებრივ სტატუსს - ის შეწყვეტს არსებობას.

 

ეს ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სამართლის სუბიექტსა და სამართლებრივ პირს შორის დიფერენცირება (განსხვავება) განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამართლებრივ პირთა არეალი არსებითად შეზღუდულია (უფრო შევიწროებულია), ვიდრე სამართლის სუბიექტების ზოგადი წრე. ამის განმსაზღვრელი ფაქტორია ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებიც სუბიექტის სტატუსის გარდა, აუცილებელია სამართლებრივ პირად (იურიდიული პიროვნების) მისაღწევად. სამართლის სუბიექტობა წარმოადგენს საბაზისო და იმპერატიულ (აუცილებელ) სამართლებრივ მდგომარეობას (სტატუსს), რომელსაც სამართალსუბიექტობასთან ერთად ემატება სამართლით სანქცირებული უფლება-მოვალეობები. სამართლის სუბიექტი განისაზღვრება, როგორც პიროვნება, რომელიც მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში თავისი პიროვნული თვისებებით, ხოლო სამართლებრივი პირი წარმოადგენს ერთგვარ იურიდიულ „კონსტრუქციას“, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები. სამართლებრივი პირის ქმედებები ხორციელდება და გადაწყვეტილებები მიიღება წარმომადგენლების ან ორგანოების მეშვეობით. სამართლის სუბიექტის არსი განისაზღვრება პიროვნული იდენტობით, გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარით. ქმედუნარიანობა გულისხმობს პიროვნების უნარს, იყოს სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე, ხოლო წარმომადგენლობისას, სამართლებრივი პირი თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სამართლის სუბიექტი აღჭურვილია მორალური განზომილებით, მას ძალუძს მორალური არჩევანის გაკეთება, სამართლებრივი პირისაგან განსხვავებით. სამართლის სუბიექტს შეუძლია სხვადასხვა სოციალური როლის შესრულება, ხოლო სამართლებრივ პირს - არა. სამართლის სუბიექტი მოქმედებს საკუთარი ინტერესბიდან, ხოლო სამართლებრივი პირი მოკლებულია დამოუკიდებელი ინტერესების ქონას. სამართლებრივი სუბიექტი გვევლინება, როგორც რეალური, ავტონომიური არსება, ხოლო სამართლებრივი პირი მოიაზრება, როგორც აბსტრაქტულ კონცეფციად იურიდიულ სისტემებში.

 

მიმოხილული საკითხის ანალიზი ცხადყოფს, რომ კონტინენტური სამართლის დოქტრინაში, განსაკუთრებით კი გერმანულ და ქართულ იურიდიულ აზროვნებაში, სამართლის სუბიექტისა და სამართლებრივი პირის ცნებებს შორის ფუნდამენტური და კონცეპტუალური ზღვარი გადის. გერჰარტ ჰუსერლის თეორიის თანახმად, სამართლის სუბიექტი განისაზღვრება, როგორც რეალურ სივრცესთან მჭიდრო კავშირში მყოფი, არაფენომენოლოგიური ბუნების მქონე ავტონომიური ინდივიდი, რომლის საფუძველია თვითცნობიერება და პიროვნული იდენტობა. საპირისპიროდ, სამართლებრივი პირი წარმოადგენს „ფიქციას“ და ხელოვნურ კონსტრუქციას, რომელიც აბსტრაქტული ფორმით არსებობს და მისი ჩამოყალიბება ფორმალურ/სამართლებრივ გარემოში ხორციელდება; ის არის სამართლის მიერ კონკრეტული მიზნების მისაღწევად დადგენილი ინსტრუმენტი. ამასთან, ქართველი მეცნიერის, მერაბ ბიჭიას ნაშრომი ხაზს უსვამს სუბიექტის ინტენციონალურობას და მის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ნებას, რაც განასხვავებს მას სამართლებრივი პირისგან, რომლის ქმედებებიც კოლექტიური გადაწყვეტილებებით და წინასწარ დადგენილი წესებით არის შეზღუდული. ეს დიფერენციაცია ყველაზე მკვეთრად პასუხისმგებლობის სფეროში ვლინდება: სამართლის სუბიექტი აღჭურვილია მორალური პასუხისმგებლობით და მორალური არჩევანის უნარით, ხოლო სამართლებრივი პირი მოკლებულია ამ მორალურ განზომილებას და მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ იურიდიულ ასპექტებს მოიცავს. ე. ვულფის კონცეფცია აძლიერებს ამ გამიჯვნას, როდესაც აცალკევებს პიროვნულზე დაფუძნებულ ქმედებას და ინდივიდუალური სუვერენიტეტით აღჭურვილი პირის ქმედებას, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს მართლწესრიგის ფორმას, იქნება ეს საკოორდინაციო თუ სუბორდინაციული სამართალი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამართლის სუბიექტი არის სრულფასოვანი, ავტონომიური და რეალური არსება, რომლის ღირებულებები პიროვნულ თავისუფლებას ეფუძნება, ხოლო სამართლებრივი პირი მოიაზრება იურიდიულ კონსტრუქციად, რომლის არსებობა და მოქმედება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი სისტემის მიერ მინიჭებულ ფორმალურ სტატუსზე.