ხელოვნური ინტელექტის ტერმინი პირველად გამოიყენეს აშშ-ში 1956 წელს ნიუ ჰამფშირში გამართულ დარტმუთის კონფერენციაზე. ტერმინის ავტორი გახლდათ ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, პროფესორი - ჯონ მაკარტი. ინგლისურ ენაზე ამ ცნებას „Artificial Intelligence“ ეწოდება. ინგლისური ენის სემანტიკის პოზიციიდან, ქართულად განსაზღვრება არ არის ინგლისურის პირდაპირი ავთენტური. სიტყვა „intelligence“ ინგლისურად ნიშნავს, როგორც „გონივრულად მსჯელობის უნარის მქონეს“, ხოლო სიტყვას „ინტელექტი“ ინგლისურ ლექსიკონში აქვს თანამჟღერი გამოთქმა „intellect“. „ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის აზროვნების უნარს, გონებრივ საწყისს“. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქართულ და ინგლისურ დეფინიციებში რაიმე წინააღმდეგობა არ არის და ისინი შინაარსობრივად წარმოადგენენ მსგავს ცნებებს. თუმცა, ქართულ განსაზღვრებაში აქცენტი კეთდება უპირველეს ყოვლისა ადამიანის ინტელექტსა და მის აზროვნების უნარზე, ხოლო ხელოვნური ინტელექტის კოგნიტიური ფუნქციები აშკარად შემოიფარგლება ალგორითმების ნაკრებით, რომელთა საფუძველზეც ის ფუნქციონირებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაზე განვითარებულ ნეიროქსელებსაც კი აქვთ ხუთი-ექვსი შრე: შემავალი, ერთი ან რამდენიმე ფარული და ერთი გამომავალი შრე, მაშინ როცა, ადამიანის ტვინი შეიცავს მილიარდობით ნეირონს, მათ შორის არსებული ამდენივე კავშირით, რომლებიც, ნეიროქსელის შრეებისგან განსხვავებით (რომლებიც თანმიმდევრულად მოქმედებენ), ერთმანეთთან მუშაობენ როგორც პარალელურად, ისე ასინქრონულად.
ამ ბლოგის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს მორჰატის შესანიშნავი სამაცნიერო ნაშრომი „სამართალი და ხელოვნური ინტელექტი“; ასე მაგალითად, მორჰატი ხელოვნური ინტელექტის შემდეგნაირ განსაზღვრებას გვთავაზობს: „ხელოვნური ინტელექტი არის ადამიან-კომპიუტერის ინტერფეისის მქონე პროგრამულ-აპარატული საშუალებების ავტონომიური კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ გამომთვლელ სისტემას ან „ტექნიკური“ ხედვის, (გრძნობის ორგანოთა, სენსორულ ელექტრონულ ანალოგებზე ზემოქმედების (სიგნალების, აღქმის) საშუალებებითა და ფიზიკურ რეალობასთან, აგრეთვე, ციფრულ რეალობასთან უშუალო დამოუკიდებელი ურთიერთქმედების საშუალებებით აღჭურვილ კიბერფიზიკურ სისტემას, რომელსაც გააჩნია ბიომსგავსი კოგნიტიური და ანთროპომორფულ-ინტელექტუალური მეტყველება-აზროვნების, სწავლებისა და თვითსწავლების, თვითორგანიზებისა და თვითტესტირების, შემოქმედებითი (ევრისტიკული) საქმიანობის პროგრამულ-ტექნიკურად და მათემატიკურად ემულირებული და უზრუნველყოფილი უნარები, მათ შორის დაგროვებული და „ისტორიული“ მონაცემებისა და მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე“. გამოდის, რომ ფართო გაგებით, ხელოვნური ინტელექტი სხვა არაფერია, თუ არა - ადამიანის ტვინის სიმულაცია, მცდელობა, ტექნიკური ალგორითმებისა და მათემატიკური ფორმულების ნაკრების მეშვეობით, კომპიუტერს მიენიჭოს (პროექცირდეს მასზე) აზროვნებისა და განვითარების უნარი, იმ სხვადასხვა ფორმის (ტექსტური, გამოსახულებითი, აუდიოვიზუალური და სხვ.) მონაცემებისა და ობიექტების დამუშავების გზით, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია, აღქმის დონეების შეზღუდული სპექტრიდან გამომდინარე.
რა არის ნეიროქსელი? მორჰატი აღნიშნავს „ხელოვნური ნეირონული ქსელის“ ცნების ორ განსაზღვრებას, რომელთა გაერთიანებითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მათემატიკურ მოდელზე, აგრეთვე მის პროგრამულ ან აპარატულ განხორციელებაზე დაფუძნებული პროცესორული ელემენტების პარალელურად განაწილებული სისტემა, რომელიც აგებულია ბიოლოგიური ნეირონული ქსელების, ცოცხალი ორგანიზმის ნერვული უჯრედების ქსელების, ორგანიზებისა და ფუნქციონირების პრინციპით, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემთა უმარტივესი დამუშავების შესრულება და საკუთარი პარამეტრების მორგება ემპირიულ მონაცემებზე სწავლების პროცესში. ხელოვნური ინტელექტის და ნეიროქსელის დეფინიციებს აქვთ როგორც საერთო ასპექტები, ისე განსხვავებები. ამ ორი მოვლენის მთავარი საერთო ნიშანია: ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციების სიმულაცია მისი განვითარების მიზნით, მოცემული ობიექტისთვის ხელმისაწვდომი ციფრული მატარებლებისა და ინფორმაციის მატერიალური მატარებლების მონაცემთა შეგროვებისა და კომპილაციის საფუძველზე. თუმცა, ამ განსაზღვრებით, ნეიროქსელის მიზანია მონაცემთა შეგროვება და დამუშავება განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მათი შემდგომი გამოყენების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ავიწროებს მის ფუნქციონალს ხელოვნურ ინტელექტთან შედარებით.
შემდგომი „სუბიექტის“ განხილვისათვის (საკმაოდ რთულია ხელოვნურ ინტელექტს ვუწოდოთ „ობიექტი“, ვინაიდან სემანტიკის თვალსაზრისითაც კი მას გააჩნია აქტიური, ცოცხალი არსების ნიშნები, რომელსაც შეუძლია მოქმედებების გარკვეული რიგის შესრულება); განსაზღვრისას, უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ჩვენ განვიხილავთ ნეიროქსელის საქმიანობის იმ შედეგებს, რომლებიც de facto წარმოადგენენ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის შედეგებს. ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ ნეიროქსელებზე, რომლებიც არა მხოლოდ ემპირიული მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით არიან დაკავებულნი (რაც თავისთავად უკვე მეტყველებს კომპიუტერის განვითარების გარკვეულ უნარზე), არამედ ასევე შეუძლიათ შექმნან რაიმე ახალი იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც ოპერირებს ხელოვნური ინტელექტი.
მას შემდეგ, რაც დავადგინეთ ხელოვნური ინტელექტის ცნება და მისი დამახასიათებელი ნიშნები, არანაკლებ საინტერესოა და იწვევს დისკუსიებს ფართო მასებში საკითხი: წარმოადგენს თუ არა შემოქმედებას ნეიროქსელის მიერ შექმნილი ობიექტები, თანამედროვე სამართლისა და იურიდიული მეცნიერების თვალსაზრისით?...
რა არის შემოქმედება? სიტყვა „შემოქმედების“ სემანტიკა გვეუბნება, რომ ეს არის „ჩანაფიქრით ახალი კულტურული ან მატერიალური ღირებულებების შექმნა“; ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი თვისება, იქნება ეს ნახატის, მუსიკალური კომპოზიციის თუ ახალი ტექნოლოგიური ნაწარმოების შექმნა, არის კრეატიულობა. ნეიროქსელების ალგორითმებში კრეატიულობის არსებობა – წარმოადგენს სადისკუსიო საკითხს. არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ხელოვნური ინტელექტი უპირველეს ყოვლისა, არის ალგორითმების ნაკრები, რომელიც ახდენს ადამიანის ნეირონული ფუნქციების სიმულაციას, ხოლო კრეატიული პროცესი შეუძლებელია ახალი ცოდნით ოპერირების უნარების გარეშე. ეს უნარი სხვა არაფერია, თუ არა აღმასრულებელი შემადგენლობებისა და ცოდნის შეძენის კომპონენტების ახალ ინფორმაციაზე გამოყენების შესაძლებლობის შედეგი: „ინტელექტი ვლინდება აქტივობის სხვადასხვა სახეობაში, რაც პირველ რიგში მოიცავს ინფორმაციის შერჩევის, რეზერვირების, მართვის, ასევე ახალი საინფორმაციო პროდუქტების შექმნის ოპერაციებს“. თუმცა, მოდით უფრო ღრმად შევხედოთ ადამიანის შემოქმედებით საწყისს – განსხვავდება თუ არა ის ნეიროქსელის შემოქმედებისგან? ადამიანი, ხელოვნური ინტელექტისაგან განსხვავებით, ფლობს აზროვნების უნარსა და ფიზიოლოგიურ წინასწარგანწყობას, სწორედ ის განსაზღვრავს მისი შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების შექმნის უშუალო პროცესს და იმ მეთოდებს, რომლებსაც იგი იყენებს. არსებობს შემოქმედების, უფრო სწორად კი, ობიექტში გამოხატული მისი საბოლოო შედეგის სხვა ასპექტიც, რომელიც მან შექმნა: ავტორის აზრით, სავარაუდოდ, ის ობიექტი, რომელიც ადამიანმა აწარმოა, სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული დაკვირვების და შესწავლის შედეგების კომპილაცია. მხატვრული, მუსიკალური, აუდიოვიზუალური, თეატრალური და ხელოვნების სხვა დარგებში ხშირად გვხვდება ცნება „რეფერენსი“ (ინგლ. „reference“ მითითება; დამოწმება). ხშირად მხატვრები, კომპოზიტორები, დამდგმელები და ა.შ. შთაგონებას იღებენ ინტელექტუალური საქმიანობის უკვე არსებული შედეგებიდან, სესხულობენ იქიდან ცალკეულ ელემენტებს და ქმნიან საკუთარ ნაწარმოებებს, ამ ასპექტში ადამიანის საქმიანობის შემოქმედებითი ხასიათი დიდად არ განსხვავდება ხელოვნური ინტელექტის კრეატიულობისგან, ხოლო ზოგჯერ კიდეც ჩამორჩება მას. მიუხედავად ადამიანის უპირატესობისა ნეირონებისა და მათი კავშირების რაოდენობაში ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით, ინფორმაციის დამუშავებისა და შეგროვების სიჩქარე კომპიუტერს გაცილებით მაღალი ექნება, და რაღაც ორიგინალურის შექმნის შესაძლებლობა ნეიროქსელსაც აქვს; ავიღოთ თუნდაც „ედმონდ ბელამის პორტრეტი“, რომელიც მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და ნახატის ინსპირაციის წყარო იყო მე-14-ე დან მე-20 საუკუნემდე შექმნილი დაახლ. 14 ათასი ნახატი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული ნამუშევარი. აუქციონზე მისმა ფასმა შეადგინა ხუთასი ათას დოლარამდე. გარდა ნეიროქსელის ფრაგმენტული შესაძლებლობებისა მიღებული ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გარდაქმნის სფეროში, არსებით ხარვეზს წარმოადგენს სამყაროს აღქმის ამა თუ იმ სისტემის არარსებობა. ადამიანი საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებაში (განსაკუთრებით შემოქმედებითში) ექვემდებარება თავისი მსოფლმხედველობის შინაგანი საბაზისო ინფორმაციის გავლენას; ინდივიდთა სოციალური განვითარების საფუძველზე ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ ხელოვნურ ინტელექტს, ახალი მოვლენების წვდომის, მათი გააზრებისა და ამა თუ იმ ფორმით რეპროდუცირების საკითხში. ამ გაგებით, შესაძლებელია გავაკეთოდ დასკვნა, რომ გრძნობის, გააზრებისა და ემოციების განცდის ფიზიოლოგიური უნარის არქონა იწვევს ნეიროქსელის „უუნარობას“ შემოქმედების თვალსაზრისით, რადგან ასრულებს მხოლოდ პროგრამისტების მიერ მისთვის განსაზღვრულ ალგორითმულ ფუნქციებს. ხელოვნურ ინტელექტს, აზროვნების სიმულაციას გააჩნია შეზღუდული სპექტრი, მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის დახურული ჩამონათვალის, ასევე მის წინაშე დაყენებული ამოცანების შედეგად. მაგალითისთვის ავიღოთ სემანტიკური ნეიროქსელი ConceptNet, მოცემული ხელოვნური ინტელექტის პრინციპი აგებულია კონცეპტუალური წერტილების ქსელზე, რომელთაგან თითოეული შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას; ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ბუნებრივ ენაზე არსებული მცირე ფრაზებით, ასევე ერთმანეთს შორის ნიშნების სახით არსებული ურთიერთმიმართებებით (ფაქტობრივი მონაცემები, მოვლენები); ამ ხელოვნური ინტელექტის საინფორმაციო ბაზა აგებულია დაახლოებით 300 000 კონცეფციაზე, რომლებსაც იგი ალაგებს გარკვეულ ლოგიკურ მსჯელობებში, პირობითად: „A გამომდინარეობს B-დან“, „C არ შედის A-ში“ და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ ნეიროქსელს ნამდვილად შეუძლია გარკვეული ამოცანების შესრულება და მათ წარმატებით ართმევს თავს, თუმცა ასეთი ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ვერ უმკლავდება ისეთ მიზნებს, რომლებიც მოითხოვს ადამიანის კონკრეტულ ემპირიულ გამოცდილებასა და რაციონალურ აზროვნებას, ე.ი. (ცოცხალ ინდივიდს აღქმის სპექტრი უფრო მაღალი ექნება).
მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების საკითხების გარდა, რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც შემოქმედებითი პროცესის თვალსაზრისით აჯამებს წინა ორ ეტაპს, რაც არის - კომპოზიცია. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის მისაღებად აუცილებელია ასეთი ობიექტის სიახლე, რაც თავის მხრივ შეუძლებელია დამუშავებული ინფორმაციის სწორად და შემოქმედებითად დაკომპლექტების უნარის გარეშე. მაგალითად, თუ ადამიანს სურს სკანდინავიურ თემატიკაზე სურათის დახატვა, ის ნახავს რამდენიმე ფილმს, წაიკითხავს სპეციალურ მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას, დაათვალიერებს უკვე არსებულ გამოსახულებებს, შემდეგ კი, აზროვნების პროცესების გამოყენებით, ადგენს საკუთარ და, რაც მთავარია, ახალ კომპოზიციას, რომელშიც თემატიკა გამოსახული იქნება ორიგინალურად, უკვე არსებული ობიექტების სრული ან ზედმეტად აშკარა გამეორების გარეშე. ასეთ პარადიგმაში შეიძლება ვთქვათ, რომ ნეიროქსელები იქნებიან, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი ახალი კომპოზიციების გამოსავლენად, რომლებიც ადამიანმა ვერ დაინახა რაიმე მიზეზების გამო (ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე და მოცულობა, ხელისშემშლელი ყოფითი გარემოებები და ა.შ.), თუმცა ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. შემოქმედებითი პროცესის კომპოზიციურ სტადიას აქვს რიგი ძირითადი სტრატეგიული პრინციპებისა, რომელთა შორისაა: „1) საპირისპირო თვისებების კომბინაცია ერთ ელემენტში; 2) არსებული ელემენტის შევსება სრულიად ახალი, მანამდე უცნობი თვისებით; 3) გარეგანი ნიშნებით განსხვავებული ელემენტების შერევა; 4) ცნობილი ელემენტის დისპოზიცია უცნობ გარემოში; 5) უცნობი ელემენტის დისპოზიცია ცნობილ გარემოში“; ასეთი კომპოზიციის ყველაზე რეპრეზენტატიული მაგალითია თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციების შექმნა. ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით „აივა“ (Virtual Artist) ასრულებს კინემატოგრაფის, ვიდეოთამაშების, სარეკლამო რგოლებისა და ა.შ. საჭიროებისთვის დიდი რაოდენობით მუსიკალური პარტიების ჩაწერისა და რეპროდუცირების ფუნქციებს. აღნიშნული ნეიროქსელი ეფუძნება ღრმა ანალიზისა და შესწავლის ალგორითმებს; ეს არის მანქანური სწავლების ტიპი, რომელშიც ნეირონული ქსელების რამდენიმე შრე დაპროგრამებულია შემავალი და გამომავალი ინფორმაციის დამუშავებაზე, ხოლო თავად ხელოვნური ინტელექტი დაფუძნებულია ტვინის ნეირონების პრინციპზე, რაც აზროვნების პროცესების იმიტირების საშუალებას იძლევა (მაგალითად, მელოდიების პატერნების გარჩევა). ამ ნეიროქსელის ფუნქციონალის ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს წარმოადგენს არა მხოლოდ ინსტრუმენტს საზოგადოების წევრებისა თუ ადამიანის საქმიანობაში გარკვეულ სფეროში, არამედ ის გვევლინება „დამოუკიდებელ მმართველად“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ძალუძს შექმნას მუსიკალური კომპოზიცია კონკრეტული კლიენტის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ანუ, ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ალგორითმებისა და პრინციპების ცოდნით, იურისტების პოზიციიდან შესაძლებელია განისაზღვროს შემოქმედებითი ხასიათის არსებობა, მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, თუმცა ჯერჯერობით ასეთი კომპიუტერის ავტორობაზე საუბრის გარეშე. ყველა ნეიროქსელი როდი შეესაბამება მსგავს მაგალითს. რასაკვირველია, არსებობს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კატეგორია, რომლებშიც საბოლოო პროდუქტში შემოქმედებითი წვლილის დონე შემთხვევიდან შემთხვევამდე განსხვავდება. ყოველივე მიმოხილული საკითხებიდან გამომდინარე, შესაძლოა გავაკეთოთ მცირე შეჯამება:
ა. მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის საქმიანობის ალგორითმული ხასიათისა, ობიექტები, რომელთაც ის ქმნის, შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც ინტელექტუალური საკუთრება. მიმაჩნია, რომ ეს დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ თავად შემოქმედების ბუნების შესახებ დოქტრინალური მსჯელობებიდან, არამედ ფორმალური განსაზღვრებებიდანაც: ისევე როგორც ცივილიზებული სამყაროს, ქართული დოქტრინაშიც განმტკიცებულია შემოქმედების თავისუფლების პრინციპი, რომელიც გარანტიაა ყველა „მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, მიუხედავად მათი დანიშნულების, ღირსებისა და გამოხატვის ხერხისა“. აღნიშნული მიდგომა გადმოტანილია ქართულ კანონმდებლობაშიც: კერძოდ კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (მე-5 მუხლი) ადგენს „საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს. კანონში არ არის დაკონკრეტებული შემოქმედებითი შრომის კრიტერიუმები, რათა არ შეზღუდოს იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება მიენიჭოს დაცვა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მხრიდან; კერძოდ, ეს ეხება საავტორო უფლების ობიექტებს.
ბ. ხელოვნური ინტელექტის საქმიანობის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქტისა და მის შექმნაში ნეიროქსელის წვლილის კომპლექსური ანალიზი. ყველა ნეიროქსელი არ ფლობს ალგორითმებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულიად ნულიდან შექმნან ინტელექტუალური საქმიანობის შედეგი, უფრო ხშირია მოვლენა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს მხოლოდ ჩაშენებულ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ადამიანს, როგორც ავტორს, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნაში. ხელოვნური ინტელექტის დამოუკიდებელი მუშაობის მაგალითი შეიძლება იყოს ნეიროქსელი „MidJourney“, რომელმაც შექმნა ახალგაზრდული წვეულების პოლაროიდული ფოტოები.
აქედან გამომდინარეობს, რომ დოქტრინალური და ლეგალური მიდგომების თვალსაზრისით, არასწორია მტკიცება ნეიროქსელებში შემოქმედებითი საწყისის სრული არარსებობის შესახებ. საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ იმ შემთხვევაზე, როდესაც საჭიროა განისაზღვროს ხელოვნური ინტელექტის საქმიანობის შედეგების სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი; ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საუბარი ინტელექტუალური სამართლის მიერ სამართლებრივი დაცვის დასაშვებობაზე, ხოლო სხვა შემთხვევებში, ასეთმა მიდგომამ, ეფექტური საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, შესაძლოა - „იმუშაოს“ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.