იტვირთება...
ციფრული ტექნოლოგიები და მისი სამართლებრივი გამოწვევები
GeoEng

ციფრული ტექნოლოგიები და მისი სამართლებრივი გამოწვევები

ოცდამეერთე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარებამ საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობები რადიკალურად შეცვალა. გაჩნდა მრავალი „უტოპიური“ წარმოდგენა უნაკლო, უსაზღვრო და უპრობლემო ციფრულ სივრცეზე, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს მყისიერ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომს გახდიდა. თუმცა, როგორც ნიკოლაი ბერდიაევი აღნიშნავდა, „უტოპიები გაცილებით უფრო შესაძლებელი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, და მათი განხორციელება ახალ გამოწვევებსა და რისკებს აჩენს.

წინამდებარე ბლოგის მიზანია გააანალიზოს ციფრული გარიგების („ჭკვიანი კონტრაქტები“, „click-wrap“ შეთანხმებები) სამართლებრივი ბუნება, მათი ფორმალურ-მატერიალური თავისებურებები და შესაბამისობა ტრადიციულ სახელშეკრულებო სამართალთან, განსაკუთრებით ქართული კანონმდებლობის კონტექსტში. კვლევა ეყრდნობა შედარებით-სამართლებრივ, ანალიტიკურ და დოქტრინალურ მეთოდებს და აანალიზებს აშშ-ს, კანადის, ევროპის ქვეყნების (განსაკუთრებით გერმანიის) და საქართველოს კანონმდებლობ სასამართლო პრაქტიკას.

 

ციფრული რევოლუცია და მისი რეალური რისკები

ციფრული რევოლუცია ქმნის „უსაზღვრო ბაზარს“ (Amazon, Airbnb, Uber), სადაც ტრანზაქცია ერთი დაწკაპუნებით ხორციელდება. ლოურენს ლესიგის მიხედვით, ინტერნეტის „კოდი“ (არქიტექტურა) ხშირად უფრო ძლიერი მარეგულირებელია, ვიდრე თავად კანონმდებლობა.

თუმცა უტოპიური დაპირებების უკან დგას სერიოზული საფრთხეები:

  • შემოსავლების უთანასწორობა და დასაქმების დაკარგვა (Brynjolfsson & McAfee, 2014);
  • „მონიტორინგის კაპიტალიზმი“ და პერსონალური მონაცემების კომერციალიზაცია (Zuboff, 2019);
  • ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის რისკი ცენტრალიზებული პლატფორმების მიერ (Hayek, 1947).

ამიტომ ტექნოლოგიურ განვითარებას უსათუოდ უნდა თან ახლდეს ეფექტური სამართლებრივი რეგულირება, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებასა და ავტონომიას პრიორიტეტულ დონეზე დააყენებს.

 

ციფრულ სივრცეში დადებული ხელშეკრულებების ევოლუცია და სამართლებრივი ბუნება

  1. ჭკვიანი კონტრაქტები (smart contracts) ნიკ საბოს (1994) მიერ დანერგილი ტერმინი გულისხმობს კომპიუტერულ პროტოკოლს, რომელიც ავტომატურად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია:
  • ავტონომიური შესრულება (მაგ. Airbnb-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა);
  • პირობების კოდში ჩაშენება;
  • ადამიანური ჩარევის მინიმუმი.

მიუხედავად ტექნოლოგიური უპირატესობისა, ჭკვიანი გარიგებები კვლავაც ინარჩუნებენ სახელშეკრულებო სამართლის იმგვარ კლასიკურ მოთხოვნებს, როგორებიცაა: მხარეთა ნების გამოვლენა, ფორმა, იდენტიფიკაცია.

  1. Click-wrap შეთანხმებები XX საუკუნის ბოლოს აშშ-ში წარმოქმნილი ფორმა, რომლის დროსაც მომხმარებელი „აქლიქებს“ „ვეთანხმები“ ღილაკს. დოქტრინაში აზრთა სხვადასხვაობაა:
  • ნაწილი მიიჩნევს მათ ნამდვილ გარიგებად (აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა);
  • მეორე ნაწილი (განსაკუთრებით რუსი მკვლევარები – ვ. ვიტკო) ხედავს მთელ რიგ ხარვეზებს: ა) მხარის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა; ბ) პირობების ერთპიროვნული დაწესება; გ) ნების ინფორმირებული გამოვლენის არარსებობა; დ) დოკუმენტური ფორმის დაუცველობა.

 

Click-wrap შეთანხმება როგორც არათანმყოფ პირთა შორის გარიგება და ოფერტის დოქტრინა

ქართული დოქტრინა (ჭანტურია, ჯორბენაძე, რუსიშვილი) და საერთაშორისო პრაქტიკა აღიარებს, რომ ონლაინ-პლატფორმაზე დადებული click-wrap ტიპის გარიგება წარმოადგენს არათანმყოფ პირებს შორის გაფორმებულ გარიგებას. პლატფორმაზე განთავსებული პირობები ხშირად განიხილება როგორც საჯარო ოფერტი, ხოლო „ქლიქი“ – აქცეპტი. თუმცა საქართველოში არ არსებობს სპეციალური ნორმები, რის გამოც სასამართლოები იძულებულნი არიან გამოიყენონ ზოგადი დებულებები.

 

ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და გარიგების ფორმის სამართლებრივი რეჟიმი

ევროპული და გერმანული მიდგომა (BGB §126ა) მკაფიოდ ადგენს, რომ წერილობითი ფორმის ელექტრონული შემცვლელი მხოლოდ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერითაა შესაძლებელი. საფრანგეთში მოქმედებს „équivalence“ და „égalité“ პრინციპები, რომლებიც ელექტრონულ დოკუმენტს ტრადიციულთან თანაბარ ძალას ანიჭებს.

საქართველოში „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონი აღიარებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, მაგრამ სამოქალაქო კოდექსში არ არსებობს სპეციალური ნორმები ელექტრონული გარიგებების ფორმის შესახებ. შედეგად სასამართლოები მიმართავენ ზოგად წესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №AS-898-848-2015 (2015 წ.) ნათლად აჩვენებს პრობლემას: უძრავ ქონებაზე ელექტრონულ აუქციონზე დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის არარსებობის გამო. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ხელმოწერის გარეშე შეუძლებელია მხარეთა საიმედო იდენტიფიკაცია და ნების დადასტურება.

  1. ციფრული ტექნოლოგიები ხშირად მალავს სოციალურ და სამართლებრივ რისკებს.
  2. „ჭკვიანი კონტრაქტები“ და click-wrap შეთანხმებები შეიძლება იყოს სამართლებრივად ძალაში, მაგრამ მათი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები (განსაკუთრებით მხარეთა იდენტიფიკაცია და ნების ინფორმირებული გამოვლენა) რჩება საკამათოდ.
  3. საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონულ გარიგებებს არეგულირებს მხოლოდ ზოგადი ნორმებით, რაც იწვევს არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას და ძირს უთხრის სამართლებრივ სიცხადეს.
  4. უძრავი ქონების გარიგების მაგალითი ცხადყოფს, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა აუცილებელია ტრადიციული წერილობითი ფორმის ეკვივალენტურობისთვის.

რეკომენდაციები:

  • სამოქალაქო კოდექსში შევიდეს სპეციალური თავი/ნორმები ელექტრონული გარიგებების ფორმის შესახებ;
  • კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა გახდეს სავალდებულო იმ გარიგებებისთვის, რომლებიც კანონით წერილობით ფორმას მოითხოვს;
  • მიღებულ იქნას გერმანული და ევროკავშირის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული და წერილობითი ფორმის თანაფარდობასა და მხარეთა დაცვას.

 

მიგვაჩნია, რომ ასეთი რეფორმები დადებითად აისახება ქართულ სამართლებრივი სისტემის განვითარებასა და სრულყოფაზე, სადაც გარანტირებული იქნება უსაფრთხო და თანამედროვე ციფრული გარემო, ასეთ შემთხვევაში, ტექნოლოგიური პროგრესი ჰარმონიულად თანაარსებობს ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებასთან.