დღევანდელობაში, როდესაც ფინანსური დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური პრიორიტეტები განსაზღვრავს თანამედროვე ურთიერთობებს, წყვილები სულ უფრო ხშირად ეძებენ სამართლებრივ სიცხადესა და პიროვნული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საშუალებებს ქორწინებამდე, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია სწორედ ქორწინების ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს როგორც ქორწინების დროს, ასევე მისი შეწყვეტის შემთხვევაში. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო ქორწინების ხელშეკრულების დადების რიცხვი არც ისე მაღალია. აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად კულტურებისა და სამართლებრივი ტრადიციების განსხვავებისა, საერთო საერთაშორისო სამართლებრივი ტენდენციის მიხედვით, წყვილები სულ უფრო ხშირად იყენებენ მითითებული ხელშეკრულების ფორმას, ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ქორწინების ხელშეკრულება გამჭვირვალობის, სტაბილურობისა და ურთიერთპატივისცემის პრაქტიკული ინსტრუმენტია.
საერთო სამართლის ქვეყნები ქორწინების ხელშეკრულებებს სასამართლო დისკრეციის პრიზმით უდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებამდელი ხელშეკრულებები აქტიურად გამოიყენება, მათი აღსრულება დამოკიდებულია პროცედურულ ნაწილზე. სასამართლოები, ძირითად შემთხვევაში აფასებენ იმას, რამდენად გაცნობიერებულად მიიღო ორივე მხარემ გადაწყვეტილება და რამდენად ნამდვილი იყო მათ მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების დადებისას. ამ კუთხით, აღსანიშნავია საქმე Radmacher v. Granatino (2010), რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი როლი ითამაშა დიდი ბრიტანეთის საოჯახო სამართლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით საქორწინო ხელშეკრულებასთან მიმართებით, რადგან მითითებულ საქმემდე დიდ ბრიტანეთში საქორწინო ხელშეკრულებები ფაქტობრივად უსარგებლო იყო მისი სამართლებრივი უფუნქციობის გამო. ამ საქმემ ფაქტობრივად საფუძველი შეუქმნა შემდგომ სამართლებრივ პოლიტიკას საქორწინო ხელშეკრულებებთან მიმართებით. ამერიკაში თითქმის ყველა შტატი უშვებს ქორწინებამდელ ხელშეკრულებებს, ხშირად ერთიანი ქორწინებამდელი ხელშეკრულების აქტის პრინციპების დაცვით (Uniform Premarital Agreement Act). ამერიკული კანონმდებლობაც პატივს სცემს ინდივიდების თავისუფლებას, განსაზღვრონ ქონების, აქტივებისა და ფინანსური პასუხისმგებლობების გაყოფა როგორც ქორწინების დროს, ასევე მის შემდეგ. აშშ-ში საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ბიზნეს ინტერესებს, მემკვიდრეობას, ვალების განაწილებასა და მეუღლის მხარდაჭერის ვალდებულებას. ევროპის უმეტეს ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქორწინო ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას. ყველაზე გავრცელებული საქორწინო ხელშეკრულების სტანდარტული სისტემებია საერთო საკუთრება, როდესაც ქორწინების დროს შეძენილი მთელი ქონება საერთო საკუთრების საგანს წარმოადგენს, ასევე შემთხვევა, როდესაც თითოეული მეუღლე ინარჩუნებს საკუთრებას საკუთარ აქტივებზე, როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების დროს შეძენილ ქონებაზე და შეძენებში მონაწილეობა (Zugewinngemeinschaft გერმანიაში, participation aux acquêts საფრანგეთში) ანუ ჰიბრიდული სისტემა, როდესაც ქონება არის გაყოფილი მაგრამ ქონებიდან წარმოშობილი მოგება ან/და შენაძენი ექვემდებარება გაყოფას ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში.
ქართული სამართლის ისტორია ამ მიმართულებით დაიწყო მაშინ, როდესაც 1982 წელს გამოიცა „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსი.“ უშუალოდ საქორწინო ხელშეკრულების ცნება კი დამკვიდრდა 1997 წლიდან, მაშინ როდესაც შეიქმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი. დსთ-ს ფარგლებში საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი ოფიციალურად დაამკვიდრა და მას საკანონმდებლო ძალა მიანიჭა. დღევანდელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე-1181-ე მუხლები აწესრიგებენ საქორწინო ხელშეკრულების საკითხს. 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება როგორც ქორწინებაში, ასევე განქორწინების შემდეგაც. ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ საქორწინო ხელშეკრულებით მხარეთა ქონებრივი რეჟიმის რეგულირება აპრიორი არ გულისხმობს იმავე საგანთან დაკავშირებით სხვა გარიგების დადების შეზღუდვას. დადგენილი სამართლებრივი რეგულირება მეუღლეებს ორ ვარიანტს უდგენს, კერძოდ, პირველი რომ არ დადონ მითითებული ხელშეკრულება და იმოქმედებს საერთო ქონების კანონისმიერი რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მეუღლეთა საერთო ქონებად მიჩნევას და მეორე ვარიანტი, დადონ ზემოთ მითითებული მუხლების შესაბამისად საქორწინო ხელშეკრულება და თავად შეიმუშავონ და შეთანხმდნენ ქონებრივი რეჟიმის პირობებზე.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, საქორწინო ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ქორწინების რეგისტრაციამდე და მის შემდეგ. ცხადია, ქორწინების გაუქმებას მოსდევს ხელშეკრულების დამთავრება ან/და მისი გამაუქმებელი ხელშეკრულების დადება, რომელიც მეუღლეებს შეუძლიათ, რომ ნებისმიერ მომენტში დადონ. ამასთან, აუცილებელ პირობას წარმოადენს ის რომ, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები იყვნენ დანიშნული, სხვა შემთხვევაში მოქმედებს 56.1 მუხლი. თავის მხრივ ქორწინების ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი და დადასტურდეს სანოტარო წესით, იგივე წესი მოქმედებს წინარე საქორწინო ხელშეკრულებასა და გაუქმების ხელშეკრულებაზეც. საინტერესოა კოდექსის 1175-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქორწინო ხელშეკრულების დადებას შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ვერ იქნება ქორწინებაში, კანონმდებელი მას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, საქორწინო ხელშეკრულების დადების საშუალებას მაინც აძლევს, რაც სავარადუდოდ კანონმდებლობის ხარვეზია.
აღსანიშნავია კოდექსის 1179-ე მუხლი, რომელიც აწესებს იმ კონკრეტულ მოვალეობებს, რომლის საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დაუშვებელია, კერძოდ, აღნიშნული გულისხმობს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, ალიმენტთან დაკავშირებულ ვალდებულებები და მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოში მიმართვის უფლება. გარდა მითითებულისა, დაუშვებელია ხელშეკრულებით განხორციელდეს ისეთი პირობის დადგენა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს. როგორც ნებისმიერი ხელშეკრულების შემთხვევაში, მეუღლეთა შეთანხმების საფუძველზე, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ან შეიცვალოს, რა დროსაც აუცილებელია მისი წერილობითი ფორმის დაცვა და სანოტარო წესით დადასტურება. ზოგადად, ხელშეკრულების შეწყვეტას და მხარეთა ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. გამონაკლისია მხოლოდ ისეთი ვალდებულებები, რომელთა თაობაზეც მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ განქორწინების შემთხვევაში. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლასაც პატივსადები მიზეზების არსებობისას, რაც გულისხმობს ისეთი პირობების შეცვლას, რომლებიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ერთ-ერთ მხარეს.
საერთო რესურსების მართვის წესების დადგენით, ქორწინების ხელშეკრულებები ხელს უწყობს დავების თავიდან აცილებას, სასამართლო დავების შემცირებასა და მეუღლეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობას. ცხადია, აუცილებელია მოხდეს აღნიშნულის წახალისებაც, რადგან მეტად უფრო მარტივად გადასაწყვეტია იმ საოჯახო საკითხების მოგვარება, რომელიც განქორწინების პროცესს მოსდევს თან.