იტვირთება...
ელექტრონული ხელმოწერა სამართალში
GeoEng

ელექტრონული ხელმოწერა სამართალში

კერძო და კომერციული ურთიერთობების სწრაფმა დიგიტალიზაციამ ფუნდამენტურად შეცვალა მხარეთა შორის შეთანხმებების, მოლაპარაკების, ხელმოწერისა და მათი ძალაში შესვლის წესი. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ თანამედროვე სამართლებრივ სისტემაში, საკითხი აღარ დგას იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ელექტრონული ხელშეკრულებების დადება, არამედ საუბარია იმაზე თუ რა სავალდებულო კრიტერიუმები უნდა იქნას დაცული იმისათვის, რომ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს, ვინადაინ ელექტრონული ხელმოწერა ხშირად ეჭვქვეშ აყენებს მხარეთა ნების გამოხატვასა და ავთენტურობას. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კანონმდებლობა ამ მიმართულებით ადაპტირებულია და ელექტრონულ დოკუმენტები ტრადიციულ წერილობითი დოკუმენტებთან მიმართებით თანაბარ მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით საინტერესოა ელექტრონული ხელმოწერებისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. საერთაშორისო თვალსაზრისით, ელექტრონული წესით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ პირველ საერთაშორისო აქტს წარმოადგენს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის (UNCITRAL) 1996 წლის ელექტრონული ვაჭრობის შესახებ მოდელური კანონი. მითითებულს გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი, რომელიც მიმართულია ელექტრონული ხელშეკრულებების საერთაშორისო მასშტაბით აღიარებისთვის განსაკუთრებით ისეთი ხელშეკრულების მხარეთათვის, რომელთა სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემაც არ ითვალისწინებს ამ უკანასკნელს. სამოდელო კანონის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტების დამუშავება, რომელსაც ის ფუნქციური ეკვივალენტობის პრინციპით უდგება. აღნიშნული კანონი ხაზს უსვამს დოკუმენტის ფუნქციებს - როგორიცაა წერა, ხელმოწერა ან ორიგინალობა და შესაბამისად, ადგენს იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომელი ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა ელექტრონული დოკუმენტები ინტეგრირებული იყოს არსებულ სამართლებრივ სისტემებში. ცხადია, თუ ელექტრონულ დოკუმენტს შეუძლია იგივე ფუნქციის შესრულება და აქვს იგივე სამართლებრივი დანიშნულება, რაც მის ქაღალდის ანალოგს, მას იგივე სამართლებრივი ძალა უნდა მიენიჭოს. კანონის მე-5 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ინფორმაცია არ უნდა იქნეს მიჩნეული სამართლებრივი ძალის/მნიშვნელობის არმქონედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მონაცემთა შეტყობინების სახითაა წარმოდგენილი, რაც მოიცავს ელექტრონულ დოკუმენტებს, ელექტრონულ ფოსტას, სატელეფონო შეტყობინებებს, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლასა და ზოგადად, ციფრული კომუნიკაციის ნებისმიერ ფორმას. საინტერესოა კანონის დანაწესიც, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოებისა თუ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ელექტრონული დოკუმენტების უარყოფის აკრძალვას მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული არ არის წარმოდგენილი ტრადიციული მატერიალური ფორმით, რაც კიდევ უფრო ვალიდურსა და საფუძვლიანს ხდის ელექტრონული წესით სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ევროკავშირის eIDAS რეგულაცია, (N910/2014), რომელიც უკავშირდება ელექტრონულ იდენტიფიკაციას, ავთენტიფიკაციასა და ნდობის სამსახურებს, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც არეგულირებს ელექტრონულ ხელმოწერებს, ელექტრონულ დოკუმენტებს, ელექტრონულ ბეჭდებს, შტამპებს, ვებსაიტის ავთენტიფიკაციას და საზღვრისპირა ელექტრონულ იდენტიფიკაციას. იგი ადგენს მკაფიო, ერთგვაროვან წესებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის შიდა ბაზარზე ელექტრონული ურთიერთქმედება იყოს იურიდიულად უსაფრთხო და ურთიერთაღიარებული ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. აღნიშნულ რეგულაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოში მისი ეკონომიკური მისწრაფებების, ციფრული რეფორმებისა და მისი დიდი ხნის პოლიტიკური ამბიციის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ევროპულ სტრუქტურებთან უფრო ღრმა ინტეგრაციას.

 

eIDAS-ის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ელექტრონული ხელმოწერის სამ დონედ კლასიფიკაცია, ესენია მარტივი ელექტრონული ხელმოწერები (SES), გაფართოებული ელექტრონული ხელმოწერები (AdES) და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერები (QES). მითითებული კატეგორიები არ არის მხოლოდ ტექნიკურად განსხვავებებული, არამედ განსხვავდება მათი სამართლებრივი მნიშვნელობის დონეც. მარტივი ელექტრონული ხელმოწერა (SES) ელექტრონული ხელმოწერის ყველაზე ხშირი ფორმაა. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ ელექტრონულ მონაცემს, რომელიც წარმოდგენილია ან ლოგიკურად არის დაკავშირებული დოკუმენტთან და ახდენს ხელმომწერის იდენტიფიცირებას, სკანირებული ხელმოწერის სახით, ელ.ფოსტის ბოლოს აკრეფილი სახელით ან/და ონლაინ ფორმაში მარტივი დაწკაპუნებით ხელმოწერის სახით. მისი იურიდიული ძალა გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან სასამართლოს ან/და მხარეებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი მტკიცებულება მისი ავთენტურობის დასადასტურებლად. შესაბამისად, SES შესაფერისია დაბალი რისკის მქონე სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს. ამასთან შედარებით, გაფართოებული ელექტრონული ხელმოწერა (AdES) წარმოადგენს უსაფრთხოებისა და საიმედოობის უფრო მაღალ დონეს, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები, კერძოდ, მან უნდა ამოიცნოს ხელმომწერი, შეინარჩუნოს ერთპიროვნული კონტროლი ხელმოწერის შექმნის მონაცემებზე და უზრუნველყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნებისმიერი შემდგომი ცვლილების აღმოჩენა. რაც შეეხება, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას (QES), აღნიშნული წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერის უმაღლეს დონეს eIDAS-ის ფარგლებში, რომელიც აწესებს დამატებით მოთხოვნებს და სარგებლობს ავთენტურობის პრეზუმფციით. QES-ს ხელმოწერის კატეგორიას გააჩნია იდენტური იურიდიული ძალა, რაც მატერიალურად ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში.

 

მიუხედავად თანამედროვეობის მიღწევებისა, არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც მაინც არის დადგენილი სპეციფიკური ფორმა, რომლის ელექტრონულად შექმნაც არ ხორციელდება. მაგალითად, ნოტარიულად დამოწმების მოთხოვნის მქონე დოკუმენტები და სხვ. ცხადია, რომ თავის მხრივ, ეს ფორმალობები მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, ვინაიდან, ისინი იცავენ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე დაუცველ მხარეებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ელექტრონული წესით აძლიერებს ციფრულ კომერციას და ადმინისტრაციულ პროცედურებს, მათ არ შეუძლიათ სრულად ჩაანაცვლონ ტრადიციული ხელმოწერები ბოლომდე და არსებობს გამონაკლისებიც.