შესავალი
ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიული საქმიანობა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს.
ევროპული ტენდენციების მსგავსად, საქართველოში ექთნისა და მეან-ექთნის როლი თანდათან გადადის ახალი სამართლებრივი და პროფესიული ეპოქის ეტაპზე. წლების განმავლობაში ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებად რჩებოდა კვალიფიციური ექთნებისა და მეან-ექთნების რაოდენობრივი დეფიციტი, განსაკუთრებით ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტების ნაკლებობა, ასევე პროფესიული რეგულირების, პასუხისმგებლობისა და უწყვეტი განათლების ფორმალური სისტემის არქონა. შედეგად, ექთნის პროფესია სრულად ვერ სარგებლობდა იმ ავტონომიითა და აღიარებით, რომელიც თანამედროვე ჯანდაცვის სტანდარტებით მოითხოვება.
სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, 2024 წლის 21 თებერვალს მიღებული ცვლილებებით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი №4042) ჩამოყალიბდა ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობის ახალი მოდელი. მიმოვიხილოთ თუ როგორ იცვლება ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიის სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში 2024 წლის კანონით და რა ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა.
ცვლილებების მიზანია მდგრადი პროფესიული რეგულირების სისტემის შექმნა, რომელიც ეფუძნება განათლების ხარისხს, ეთიკის სტანდარტებსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რათა საქართველოს მოდელი შესაბამისობაში იყოს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან და ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა თანმიმდევრულად გადავიდეს იმ ევროპულ მოდელზე, რომლის მიხედვითაც ექთანი დამოუკიდებელი პროფესიული პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტია.
ახალი სამართლებრივი მოდელი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის დადგენილებით დამტკიცებულ „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიას“ და ეფუძნება ისეთ ფასეულობებსა და პრინციპებს, როგორიცაა კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს ახალი სამართლებრივი მოდელი
ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობის ახალი სამართლებრივი ჩარჩო მოიცავს განათლების, რეგულირებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის მექანიზმებს. კანონით განისაზღვრა ექთნისა და მეან-ექთნის ძირითად მოვალეობები, პროფესიული სტატუსი, რეგისტრაციისა და სერტიფიცირების წესი, უწყვეტი პროფესიული განვითარების ვალდებულება და სახელმწიფო ზედამხედველობის ფორმები („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი VI¹, მუხლები 52¹–52¹⁶).
ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი
ექთნისა და მეან-ექთნის დამოუკიდებელი პროფესიული როლი პირდაპირ არის დაკავშირებული პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადების პრევენციისა და მკურნალობის პროცესის ადვოკატირებასთან. ამგვარი ფორმულირება მნიშვნელოვნად აფართოებს ექთნის პროფესიულ კომპეტენციას და აყალიბებს მას, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულფასოვან სუბიექტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებს. პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცება ხაზს უსვამს თვითრეგულირების პრინციპის დანერგვას, რაც თანამედროვე სამედიცინო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია პროფესიული პასუხისმგებლობის განმტკიცების მიზნით.
პროფესიული განვითარების და რეგულირების ინსტიტუციური მექანიზმი
ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნა წარმოადგენს სახელმწიფო ზედამხედველობისა და პროფესიული ავტონომიის დაბალანსების მნიშვნელოვან ფორმას. საბჭო უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციისა და სერტიფიცირების პროცესს, ისე უწყვეტი პროფესიული განვითარების მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციისა და სერტიფიცირების სისტემა ეტაპობრივად იცვლება და 2026 წლიდან ამოქმედდება ერთიანი სახელმწიფო გამოცდის მექანიზმი, რომელიც პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების საერთო სტანდარტს ქმნის. აღნიშნული ცვლილება ნათლად ასახავს პროფესიული კომპეტენციის „ლიცენზირების მოდელის“ მიმართულებით განვითარებას, რომელიც დამახასიათებელია ევროპის ქვეყნების პრაქტიკისთვის.
გერმანიაში ექთნის პროფესიის რეგულირება ხორციელდება „Pflegeberufegesetz (PflBG)“-ის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 2005/36/EC-ისა და 2013/55/EU-ის დირექტივ(ებ)ის სრულფასოვან იმპლემენტაციას. კანონი ადგენს ექთნის პროფესიულ სტატუსს, განათლების სამწლიან სტრუქტურას, სახელმწიფო გამოცდის სავალდებულო წესს და უწყვეტი პროფესიული განათლების მოთხოვნას (Pflegeberufegesetz (PflBG), §§ 1–52, Bundesgesetzblatt I, 2017).
განათლების მრავალდონიანი სისტემა და უწყვეტი სწავლების ვალდებულება
ახალი მოდელი ეფუძნება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 და მე-6 დონეების განათლებას, რაც განსაზღვრავს როგორც პროფესიულ, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ექთნის განათლების შესაძლებლობას. კანონი ამყარებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ვალდებულებას და წარმოადგენს პროფესიული ლიცენზიის გაგრძელების აუცილებელი პირობას. აღნიშნული მიდგომა ასახავს ევროკავშირის 2005/36/EC-ის დირექტივის პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ექთნის კომპეტენცია დინამიურია და მოითხოვს ცოდნის რეგულარულ განახლებას. აღნიშნული დირექტივა წარმოადგენს პროფესიული კვალიფიკაციების აღიარების საერთო სამართლებრივ ჩარჩოს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ მობილობას და უზრუნველყოს განათლების სტანდარტების ჰარმონიზაცია. დირექტივა განსაზღვრავს ექთნის განათლების მინიმალურ მოთხოვნებს (სწავლების ხანგრძლივობა არანაკლებ სამი წელი და 4600 საათი), სადაც პრაქტიკული სწავლება მოიცავს მინიმუმ ნახევარ მოცულობას. ასევე, ავალდებულებს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ უწყვეტი პროფესიული განვითარება და პროფესიული რეგისტრაციის სისტემის შექმნა (ევროკავშირის დირექტივა 2005/36/EC, მუხლები 21, 31–33; დირექტივა 2013/55/EU).
საქართველოს ახალი მოდელი თანხვედრაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მიზნებთან, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია განახორციელოს კანონმდებლობის თანმიმდევრული დაახლოება ევროკავშირის სამართალთან, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სტანდარტების სფეროებში (Association Agreement, Art. 1(b), Art. 418).
პროფესიული პასუხისმგებლობა და სახელმწიფო ზედამხედველობა
ახალი სამართლებრივი ჩარჩო განსაზღვრავს ექთნის პროფესიული პასუხისმგებლობის ფორმებს, მათ შორის სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის შეჩერებისა და გაუქმების შემთხვევებს. ეს მექანიზმები მიზნად ისახავს არა მხოლოდ დისციპლინური რეაგირების უზრუნველყოფას, არამედ პროფესიული სტანდარტების დაცვისა და პაციენტის უსაფრთხოების გაძლიერებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხების განხილვა გადაეცემა ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნულ საბჭოს, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. ამ მოდელში სახელმწიფოსა და პროფესიული გაერთიანების ურთიერთქმედება ეფუძნება თანაზიარ პასუხისმგებლობას: სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლის ფუნქციას, ხოლო საბჭო - პროფესიული შეფასებისა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების ავტონომიას.
საქართველოს და გერმანიის ექთნისა და მეან-ექთნის რეგულირების შედარება
საქართველოს ახალი მოდელი (კანონი №4042, 2024) ქმნის მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობისთვის, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ პროფესიულ როლს, სერტიფიცირებასა და რეგისტრაციას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და სახელმწიფო ზედამხედველობას. ამ მოდელის მიხედვით ექთანი აღიქმება არა მხოლოდ ექიმის დამხმარედ, არამედ პაციენტის ინტერესების დამცველად, პროფესიონალად, რომელიც მონაწილეობს დაავადების პრევენციაში, მკურნალობის პროცესში და პაციენტის უფლებების დაცვაში.
გერმანიაში მსგავსი სამართლებრივი მოდელი უკვე დიდი ხანია მოქმედებს და პრაქტიკაში კარგად დამკვიდრდა. ექთნის საქმიანობა რეგულირდება Pflegeberufegesetz (PflBG, 2020) კანონით, რომელიც განსაზღვრავს ექთნის პროფესიულ კომპეტენციას, განათლების სტანდარტებს და სერტიფიცირების წესებს. გერმანიაში ექთნის პროფესიას აქვს ერთიანი სახელმწიფო სერტიფიკაცია, სავალდებულო უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები და განსაზღვრული პროფპასუხისმგებლობა. განათლება დაფუძნებულია ბაკალავრიატის და დიპლომისშემდგომი პროგრამების სტრუქტურაზე, რაც დიდად ემთხვევა საქართველოს ახალ მიდგომას.
ამ ორ სისტემას შორის განსხვავება ძირითადად მმართველობის ფორმაშია: გერმანიაში რეგულაცია ნაწილობრივ ფედერალურ დონეზე ხორციელდება, ხოლო ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურებით ხდება. საქართველოს მოდელი უფრო ცენტრალიზებულია: საბჭოს მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის ერთიან სტანდარტებს, მაგრამ ასევე აძლევს პროფესიული ავტონომიის დონეს.
დასკვნა
საქართველოს ახალი მოდელი:
- აერთიანებს განათლების, რეგულირების, ეთიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ურთიერთდაკავშირებულ სისტემას;
- უზრუნველყოფს პროფესიის ავტონომიურობას;
- ავითარებს თვითრეგულირების პრინციპს და აყალიბებს სახელმწიფოსა და პროფესიულ გაერთიანებებს შორის თანაზიარ პასუხისმგებლობას;
- ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიას აყალიბებს სამართლებრივად აღიარებულ, მაღალი სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე სფეროდ.
მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ჯერ კიდევ საჭიროა პრაქტიკაში იმ მექანიზმების გამართვა, რომლებიც უზრუნველყოფს რეგულაციების ეფექტიან აღსრულებას, განსაკუთრებით უწყვეტი პროფესიული განვითარების, ეთიკის კონტროლისა და ეროვნული საბჭოს ინსტიტუციური მდგრადობის მიმართულებით. ამ პროცესის წარმატებით განხორციელდება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებულ სისტემას, არამედ შექმნის ადგილობრივად მდგრად მოდელს, რომელიც იქნება პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროფესიული ღირსების დაცვაზე და ჯანდაცვის სისტემის მთლიანობაზე დაფუძნებული. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ექთნისა და მეან-ექთნის პროფესიის სამართლებრივი გაძლიერება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის ხარისხის შეფასების ახალ კრიტერიუმების დანერგვას და პროფესიული პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში.