საბანკო ტექნოლოგიები
GeoEng

საბანკო ტექნოლოგიები

თანამედროვე კომუნიკაციის სამყაროში დიდ ადგილს იკავებს საბანკო ტექნოლოგიები, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთობლიობას.

 

საბანკო ტექნოლოგიები მოიცავს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, შიდა პროცედურებს და რისკების მართვის სხვადასხვა მოდელს. მთელს ამ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სისტემები. როგორც წესი, საბანკო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება კრიპტოგრაფიის მეთოდები (ინფორმაციის დაცვის მეთოდი კოდირებული ალგორითმების, ჰეშების და ხელმოწერების გამოყენებით). გარდა ამისა ფინანსურ დაწესებულებებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო კომპონენტების უსაფრთხოებას. ამ მიზეზით აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს საკრედიტო ბარათების, ბანკომატებისა და სალარო კვანძების საიმედო დაცვას.

 

ტექნოლოგიური რევოლუცია, საბანკო საქმინობის გლობალიზაცია, მომხმარებელთა მუდმივად მზარდი და ამავე დროს ცვალებადი მოთხოვნები, აგრეთვე სხვა გლობალური ტენდენციები აიძულებს ბანკებს გამოძებნონ კონკურენტული უპირატესობის ახალი წყაროები და დანერგონ თანამედროვე ინოვაციები, რათა მოიპოვონ ანგარიშების მფლობელთა ლოიალობა და გაზარდონ მომხმარებელთა ბაზა. ტერმინი თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიები გულისხმობს ორგანიზაციის საქმიანობის მეთოდების ანალიზს, რაც ხელს უწყობს მატერიალური სტაბილურობის ზრდას და მომხმარებელთან ეფექტურ ურთიერთობას.

 

ინფორმაციული, დოკუმენტური და კომპიუტერულ ტექნოლოგიური ინოვაციების რეალიზაცია, უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას. აგრეთვე იძლევა კლიენტთან შედეგიანი დიალოგის ორგანიზების საშუალებას.

 

საბანკო ტექნოლოგიები არის იმ ქმედებების ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მომხმარებელთა საჭიროებები და უზრუნველყოფილია მომსახურე ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა: საინფორმაციო (დოკუმენტური, ოპერატიული, ობიექტური); ვიზუალიზაციის (ვიდეოკომუნიკაცია კლიენტთან); საკომუნიკაციო (IP - ტელეფონი, იგივეა რაც სატელეფონო კომუნიკაცია ტელეფონით ინტერნეტის მეშვეობით) და ელექტრონული (ინტერნეტ ბანკინგი, გადახდის მიღების სისტემები) მეთოდებით.

 

საქართველოში განვითარებული საბანკო ტექნოლოგიების ანალიზი, საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ის სფეროები სადაც პოზიტიური დინამიკა აშკარაა. ამგვარ სფეროებს მიეკუთვნება დისტანციური მომსახურება და ინოვაციური გადახდის მეთოდები.

 

ფინანსურ ბაზარზე დანერგილი დისტანციური მომსახურების არხებით, აქტიურად სარგებლობენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციებს ბანკში ფიზიკურად გამოცხადების გარეშე ახორციელებენ.

 

დისტანციური მომსახურების არხებია:

 

ინტერნეტ ბანკინგი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტს საშუალება ეძლევა აწარმოოს სხვადასხვა ოპერაციები მათ კომპიუტერზე წინასწარ დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ინტერნეტის გამოყენებით.

 

ბანკი-კლიენტი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტებს საშუალება ეძლევათ აწარმოონ სხვადასხვა ოპერაციები მათ კომპიუტერზე წინასწარ დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით სატელეფონო ხაზების, მოდემის ან ინტერნეტის გამოყენებით.

 

მობაილ-ბანკინგი - მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის და სხვა ოპერაციები.

 

ვიდეო-ბანკინგი - შემუშავებული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ვიდეო ზარის საშუალებით მომსახურების მიღებას ხდის შესაძლებელს.

 

სატელეფონო ბანკინგი - სატელეფონო ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით მომსახურების მიღება. მომხმარებლის ავთენტიფიკაციისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერები განსხვავეულ მეთოდ იყენებენ. სატელეფონო ბანკინგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურებები: ზოგადი საინფორმაციო სერვისი, ასევე მის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა: ანგარიშზე არსებული ნაშთი და ბრუნვა, ანგარიშის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, სესხის გრაფიკი და სხვა. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საგადახდო ბარათის დაბლოკვა, თანხის კონვერტაცია, ანგარიშებს შორის გადარიცხვა, სწრაფი გზავნილების განაღდება და სხვა.

 

SMS-ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორიცლეებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდი ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საგადახდო ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა.

 

საქართველოში განხორციელებული გადახდის ახალი მეთოდებიდან, აღსანიშნავია, რომ პირველად 2018 წელს დაინერგა ინოვაციური გადახდის მეთოდი - QR გადახდები, მათ შორის განვადებაც. ამავე წელს წარდგენილ იქნა ღია ბანკინგის სტრატეგია, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. შეიქმნა ციფრული ბარათები. კიდევ უფრო გამარტივდა სესხის განაცხადის შევსებისა და ლიმიტის დამტკიცების პროცესი. მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა მობაილბანკში, ინტერნეტბანკსა და ბანკის ვებ გვერდზე გაიგოს რა შესაძლებლობები აქვს საკრედიტო ჭრილით ნებისმიერ პროდუქტზე და სურვილის შემთხვევაში თავადვე გააქტიუროს შესაბამისი საბანკო პროდუქტი ონლაინ. დაინერგა ონლაინ განვადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ტექნიკის, ტანსაცმლის თუ სხვა ტიპის პროდუქტების ონლაინ შეძენისას, მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა მარტივად, ვებგვერდის დატოვების გარეშე, განვადებით შეიძინოს სასურველი ნივთი და სხვა. კვების ობიექტებში ხელმისაწვდომი გახდა ე.წ. „თიფის“ დატოვება გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

2021 წლიდან შესაძლებელი გახდა ქართულ ენაზე აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ ბანკის მეშვეობით - ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოვიდა საცალო ინვესტორი, აქამდე მხოლოდ საინვესტიციო ფონდები და ინსტიტუციური ინვესტორები ვაჭრობდნენ. პლათფორმად იქნა გამოყენებული საქართველოს მობაილბანკი, რომელშიც ჩაშენებულია შესაბამისი სავაჭრო პროგრამა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელი დავასკვნათ, რომ საბანკო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მასზე დაფუძნებული მომსახურება აისახება მომხმარებელთა ლოიალობასა და კმაყოფილებაზე, აგრეთვე უზრუნველყოფს ბანკის მომგებიანობას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.