როგორ ათეთრებენ ბანკებიდან მოპარულ ფულს კიბერკრიმინალები
GeoEng

როგორ ათეთრებენ ბანკებიდან მოპარულ ფულს კიბერკრიმინალები

ფულის გათეთრება არის პროცესი, რომლის მეშვეობით „შავი“ ფული გადაიქცევა ისეთ სახსრებად, რომელიც კანონიერი ჩანს და ამიტომ შეიძლება ისე დაიხარჯოს, თითქოს ლეგალური წყაროებიდან იყოს მიღებული. ფულის გათეთრება ლეგიტიმურს ხდის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს და საშუალებას აძლევს კრიმინალურ დაჯგუფებებს სარგებელი მიიღონ თავიანთი საქმიანობებიდან. შეფასებულია, რომ ფულის გათეთრების პოტენციური წლიური მასშტაბი შეიძლება აღემატებოდეს 1 ტრილიონ აშშ დოლარს გლობალურ დონეზე. (გაეროს ნარკოტიკებთან და სხვა დანაშაულთან ბრძოლის ოფისი).

 

საქართველოს კანონმდებლობა სისხლისამართლებრივად დასჯად ქმედებად აკვალიფიცირებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, იგივე ფულის გათეთრებას. აღნიშნული ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და მის მოთხოვნებს, კერძოდ: 1988 წლის გაეროს ვენის კონვენციას „ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და ევროპის საბჭოს 1990 წლის სტრასბურგის კონვენციას „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმინობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ.“

 

ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს სპეციალური კანონი „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ,“ რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშვალდებულებას, ასევე გასატარებელ საზედამხედველო, პრევენციულ და მაკონტროლებელ ღონისძიებებსა და მათი განხორიცლეების სპეციფიკას. ხოლო, როდესაც პრაქტიკაში გვხვდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შემთხვევები, ძირითად სახელმძღვანელო ნორმად გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 - ე მუხლი, რომელიც განმარტავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის არსს.

 

ყველაზე რისკის შემცველად, ფულის გათეთრების კუთხით ამ ეტაპისთვის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მიჩნეულია ბანკები და შემდეგი კერძო სექტორის წარმომადგენლები - ბუღალტრები, აუდიტორები, ადვოკატები.

 

ბანკებში დანერგილია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობის პროგრამები. მიუხედავად აღნიშნულისა კიბერდამნაშავეები მსოფლიოს მასშტაბით ახერხებენ საბანკო სისტემებში შეღწევას და ფულის მოპარვას.

 

ამ გვარად მოპარული ფული რთულ მარშრუტს გადის. ამ ბლოგის მიზანი კი აღნიშნული მარშრუტის აღწერაა.

 

ცნობილია, რომ კიბერდამნაშავეების მიერ მოპარული თანხების თვალყურის დევნება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ყველას არ ესმის რატომ. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა BAE Systems - ის და SWIFT - ის საგადახდო სისტემის მკვლევართა კომენტარები.

 

ბანკებზე თავდასხმა შეიძლება განხორციელდეს ორი სცენარით - პირდაპირ ბანკის ინფრასტრუქტურაზე და ანგარიშებზე, ან ბანკომატებზე და მასთან დაკავშირებულ სისტემებზე. რა თქმა უნდა ფულის ამოღების და მისი გათეთრების სქემები ოდნავ განსხვავებულია, თუმცა არსი ერთია - დამნაშავეები ცდილობენ უკანონო შემოსავლებით მიღებული ფული ეკონომიკაში ჩააბრუნონ.

 

ტრადიციულად ფულის გათეთრების პროცესიდან სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

 

განთავსება - გულისხმობს პირველ გადარიცხვას მსხვერპლის ანგარიშიდან დამნაშავის ანგარიშზე, ან მოპარული ფულადი სახსრების დეპოზიტზე;

 

მრავალშრიანი გადარიცხვა - გულისხმობს მრავალი ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მიზნად ისახავს ფულადი სახსრების წარმოშობის და მათი რეალური მფლობელის დამალვას;

 

ინტეგრაცია - გულისხმობს გათეთრებული ფულის ინვესტირებას ლეგალურ ან კრიმინალურ ბიზნესში.

 

იმისთვის, რომ მოპარული თანხები სწრაფად გადაირიცხოს, ბოროტმოქმედები წინასწარ ემზადებიან და ხსნიან სხვადასხვა ანგარიშებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების სახელზე. ანგარიში შეიძლება ეკუთვნოდეს უდანაშაულო პირს, რომლის პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ბოროტმოქმედისთვის; პირს, რომელიც თაღლითურ ოპერაციაში ჩაერთო მოტყუებით; ან პირს, რომელიც ნებაყოფლობით ეხმარება დამნაშავეს. ამ უკანასკნელს თანამედროვე ტერმინოლოგიით „მული“ ეწოდება.

 

მული ხსნის ანგარიშებს მოპარული ან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. (აღნიშნულის განხორციელება ადვილი არაა - იმისათვის, რომ ბანკებმა ვერ გამოიცნონ სიყალბე, კრიმინალებს უნდა ჰყავდეთ ინსაიდერი). ზოგჯერ მულები რეკრუტირდებიან სპეციალურ სააგენტოებში, ხოლო მათი შეთავაზებები შეფუთულია ბუნდოვანი ფორმულირებებით მაგ: „ინვესტიციების მოსახერხებელი მეთოდით განხორციელების ორგანიზაცია.“ მულებს კარგად ესმით, რომ ჩართული არიან უკანონო საქმიანობაში, მაგრამ მომგებიანი შემოთავაზების გამო ამჯობინებენ თვალი დახუჭონ. სტატისტიკურად მულებს ყველაზე ხშირად ატყუებენ.

 

მულს გააჩნია მოქმედების მეთოდოლოგია და თამაშში შედის მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი სოციალური ინჟინერიის ან ინსაიდერის გამოყენებით მოახერხებს ფულის მოპარვას.

 

მეთოდი ერთი - სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კვალის არევის მიზნით;

მეთოდი ორი - სხვადასხვა საქონლის შეძენა და შეკვეთა წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე (შეიძლება იყოს მათი პირადი მისამართი ან მათთვის ხელმისაწვდომი მისამართი);

მეთოდი სამი - ხსნიან თანხას ბანკომატებიდან;

მეთოდი ოთხი - ხსნიან კომპანიებს და ქირაობენ პირებს რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იძენენ საქონელს იმ მაღაზიებიდან, რომლებიც თითქოს საქონლის გაგზავნას საზღვარგარეთ არ ახორციელებენ და ამანათების აგზავნიან საერთაშორისო ფოსტით. ასეთი ორგანიზაციები როგორც წესი რამდენიმე თვით მუშაობენ, რადგან მათი გაშიფრა სწრაფად ხდება.

 

მულების დახმარებით მოპარული ფულის ლეგალიზება ხდება წინასწარ დამუშავებული დანაშაულებრივი სქემის მეშვეობით. ნაღდი ფულის შემთხვევაში გადახურდავება ხდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში (ხშირად აშშ დოლარი), ნივთების შემთხვევაში (ყველაზე ხშირად ელექტრონიკა) ბარდება შემსყიდველებს. ცხადია გადამცვლელ პუნქტები და ტექნიკის შემსყიდველი მაღაზიები საქმიანობენ წინასწარ დადგენილი რეგულაციების ფარგლებში, თუმცა რეგულაციების გვერდის ავლა ხდება ხოლმე დაუდევრობით ან ქრთამით.

 

მოპარული თანხა, მესამე მხარის მეშვეობით გადაეცემა სქემის ორგანიზატორებს. სტატისტიკის მიხედვით მულის დაკავება შესაძლებელია, თუმცა თითქმის შეუძლებელია მოპარული რესურსის ძირითადი ნაწილის ან დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორის პერსონალური ინფორმაციის დადგენა.

 

ნაღდი ფულის გათეთრების კლასიკურ მეთოდად მიიჩნევა ანტიკვარიატის, ძვირფასი ქვების და ძვირფასი ლითონის შეძენა (აღნიშნული ბიზნესი დღემდე უპირატესობას ანიჭებს ნაღდი ფულით მუშაობას), ან კაზინოს ფიშკების შეძენა მათი შემდგომ გაყიდვის მიზნით.

 

თუ მოპარული ფულის გათეთრება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პროცესში ჩართული არიან შელ კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი კომპანიები იხსნება ისეთ ქვეყნებში სადაც ფინანსურ ტრანზაქციებზე სუსტი კონტროლია ან ძალზე მკაცრი კანონებია კომერციული საიდუმლოების დაცვის თვალსაზრისით. საკმარისია რამდენიმე დანაწევრებული გადარიცხვა, სხვადასხვა ვალუტაში კონვერტაცია და ფულის კვალი იკარგება. ამგვარ საქმიანობაში შეიძლება ჩართული იყოს ლეგალური კომპანია, რომელშიც მოპარული ფული შეუმჩნეველ ნაკადად მიედინება.

 

ამ კონტექსტში კიბერკრიმინალებისთვის კრიპტოვალუტაც საინტერესოა, რადგან ტრანზაქციის განხორციელების დროს მომხმარებელს პერსონალური მონაცემების მიწოდება არ სჭირდება. თუმცა ანონიმურობის გასწვრივ ბლოკჩეინზე არსებული ვალუტა სრულიად გამჭვირვალეა, ამიტომ საჭიროა უამრავი ტრანზაქციის განხორციელება. 2018 წელს ჯგუფმა სახელწოდებით Lazarus-ი კრიპტოვალუტის ბირჟის გატეხის შემდეგად, მოიპარა 30 მილიონი აშშ დოლარი, რის შემდეგაც განახორციელა 68 გადარიცხვა სხვადასხვა საფულეებში ოთხ დღეში.

 

როგორც ვხედავთ კიბერდამნაშავეებმა ფულის გათეთრების რთული და მრავალსაფეხუარიანი სქემა შექმნეს. ამ პროცესში ისინი ბევრჯერ ცვლიან ანგარიშებს, კომპანიებს, წარმომადგენლობის ფორმას, ვალუტას და იურისდიქციას. ამ ყველაფერს სულ რამდენიმე დღე სჭირდება, ხოლო ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი კომპანია ვერც კი ამჩნევს, რომ მას თავს დაესხნენ.

 

აქედან გამომდინარე გონივრულია ბანკებმა საკუთარ თავზე აიღონ კიბერუსაფრთხოების სისტემების შექმნა, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ფინანსური სისტემების გატეხვის და მათი კონტროლი რისკი.