მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა: COVID 19-მა, ომმა უკრაინაში და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ, საბანკო სექტორი სერიოზულად დააზარალა. ფინანსურ ინსტიტუციებს უწევთ ისეთ სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ინფლაციის ზეწოლა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნორმალიზაციისთვის ზრუნვა და მზარდი ფრაგმენტაცია.
ბოლო წლებში გამოქვეყნებული საბანკო სექტორის ტრანსფორმაციის რუკები, ასახავენ იმ ტენდენციებს და შოკებს, რომლებსაც უმკლავდებიან ბანკები სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
საბანკო სექტორის შედარებითი სტაბილურობა COVID 19 - ის პანდემიის აფეთქებით დასრულდა. ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ზიანი უკრაინის ომმაც მიაყენა, რასაც მოყვა მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა.
2023 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გლობალური რისკების ანგარიშში გვაუწყა იმის შესახებ, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები და იაფი ვალის ხელმისაწვდომობის ერა დასრულდა. ჩვენ შევედით ახალ მიკროეკონომიკურ ეპოქაში, რომელიც ხასიათდება ზრდის დაბალი ტემპით, დაბალი ინვესტიციებით და თანამშრომლობის დაბალი დონით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურ ინსტიტუტებზე.
ამჟამად, ფინანსურ სექტორს უწევს დაძლიოს ინფლაციური და მზარდი ფრაგმენტაციის ზეწოლა, ასევე მოახდინოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია.
საბანკო ინდუსტრიაში ბოლო წლებში ჩამოყალიბებულმა ტენდენციებმა, იქნება ეს ტექნოლოგიური რევოლუცია, მდგრადი განვითარება თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა, განაპირობა ახალი სტრატეგიების საჭიროება და მათი გააზრება.
ამჟამინდელმა რისკებმა დამატებითი მასშტაბი შეიძინა. ფინანსური სტაბილურობის ახალმა საფრთხეებმა, რაც დასტურდება Silicon Valley Bank - ის კოლაფსით და Credit Suisse ის იძულებით გაყიდვით, აიძულა მარეგულირებლები გადახედონ არსებულ პოლიტიკას.
ანალიტიკოსები გამოყოფენ ხუთ ძირითად ტენდენციას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ბანკებმა ორმაგი ამოცანები - გაუმკლავდნენ მოკლევადიან შოკებს და არასტაბილურობას, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი სტაბილურობა და ზრდა. ეს ტენდენციებია:
1. ფინანსური რისკი
რბილი ფულადი-მონეტარული პოლიტიკის ერა დასრულდა. ბანკები უნდა გადაეწყონ სტაბილური დაფინანსების წყაროებზე და აღადგინონ სანდო ურთიერთობები დეპოზიტორებთან. გარდა ამისა უნდა გადაიხედოს მარეგულირებელი პრაქტიკა.
მკვლევრების აზრით დიდი ბანკებისთვის დადგენილმა კაპიტალიზაციის მაჩვენებლებმა და მარეგულირებელმა გეგმებმა სათანადოდ ვერ იმუშავა, რის საფუძველზეც გაჩნდა კითხვები ბიზნეს მოდელების სირთულის, მასტიმულირებელი სტრუქტურების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დამდგარი შედეგები, ბანკებისა და კაპიტალის ბაზრის მდგრადი ფუნქციონირებისათვის გამოიწვევს მოთხოვნების გამკაცრებას, როგორც კაპიტალთან ისე საზედამხედველო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გადაიხედება არსებული პოლიტიკა და მარეგულირებელი რეფორმებით გაფართოვდება სფერო, რომელიც მოიცავს ფინანსურ ორგანიზაციებს და ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიებს
(ფინტექკომპანიები). ხოლო მოსალოდნელი რეფორმები აუცილებლად გამოიწვევს გარდაქმნებს ფინანსურ ინდუსტრიაში.
ათწლეულების განმავლობაში ბანკები განუხრელად იცავდნენ გლობალიზაციის კონვერგენტულ (დამთხვევა, ერთი ცენტრისკენ გადახრა) მოდელს, მაგრამ ახლა მთელი ინდუსტრია დგას დაყოფის, შევიწროების და იდეოლოგიური ნეიტრალიტეტის წინაშე. ტექნოლოგიურმა ომებმა, ცივმა ომებმა და ერთმა ცხელმა ომმა, გლობალური ტრანსნაციონალური კომპანიები შეიძლება აიძულოს დაიჭიროს რაიმე მხარე. აღნიშნულმა შესაძლოა ზოგიერთი ბიზნეს მოდელი არასიცოცხლისუნარიანი გახადოს და საჭირო გახდეს ახალი ბიზნესმოდელების შექმნა, რომელიც გამოიწვევს დაყოფას გლობალურ, რეგიონალურ და ნაციონალურ კრედიტორებს შორის. სფეროს მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დაძაბულობის ზრდა იქცა ინდუსტრიის ქრონიკულ დაავადებად, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც შემუშავებულ სტრატეგიებზე, აგრეთვე რისკების მართვაზე.
2. მდგრადი განვითარება და ფინანსები
ბოლო წლებში განვითარებული ეკოლოგიის, სოციალური პოლიტიკისა და კორპორაციული მართვის პრაქტიკა (ESG), განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამ პრაქტიკის დანერგვის კონტექსტში, აუცილებელია გადაიხედოს ბანკებისა და კაპიტალი ბაზრის როლი.
გავლენიანი წყაროების მხრიდან ESG - თან დაკავშირებულმა ნეგატიურმა დისკუსიამ პოლიტიკური და პოპულისტური მასშტაბები შეიძინა, რადგან მისმა დანერგვამ, შესაძლოა ბევრი დაბრკოლება შექმნას ბანკებისთვის.
თუმცა ფინანსურ ინდუსტრიაში ESG - ის ფარგლებში არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები, იქნება ეს ნახშირბადით ვაჭრობა თუ „მწვანე“ (ფასიანი ქაღალდები, რომლის მიზანია ეკოლოგიური პროექტების დაფინანსება, მაგ: ნარჩენების მართვა; ენერგეტიკული ინდუსტრია; წყალმომარაგება და სხვა), და „ცისფერი“ (ფასიანი ქაღალდები, რომლის მიზანია ოკეანეების კონსერვაცია და მასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება) ობლიგაციებით ვაჭრობა, აგრეთვე დერივატივები (კონტრაქტები, რომლებიც აფიქსირებენ მომავალი ანგარიშსწორების პარამეტრებს) და სეკიურიზაცია (პროცესი, როდესაც გარკვეული ტიპის აქტივები გაერთიანებულია ისე, რომ მათი ხელახლა გამოცემა პროცენტიანი ფასიანი ქაღალდების სახითაა შესაძლებელი).
3. ფინანსური ტექნოლოგიები
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციამ, რომელიც გამორჩეულია ავტომატიზაციის გასაოცარი მიღწევებით სრულიად შეცვალა მომხმარებლის ქცევა და დაარღვია საბანკო ინდუსტრიის საზღვრები.
საბანკო სისტემების ინტერფეისის (ურთიერთქმედება ცალკეულ სისტემებს შორის) ნაწილი დამოუკიდებლად იმართება App-ების (პროგრამული მოწყობილობა, რომელიც შემუშავებულია მობილური ტელეფონებისთვის) გამოყენებით, ხოლო სერვერების ნაწილი cloud computing - ის (გამომთვლელი რესურსები, რომელთა მიწოდება ხდება ინტერნეტის საშუალებით) პროვაიდერების მიერ. ამავდროულად ჰორიზონტზე ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა კვანტური გამოთვლა, ამ ფონზე გრძელდება ბრძოლა ბლოკჩეინებს (ქსელში გაზიარებული ტრანზაქციების დეცენტრალიზებული ციფრული ჩანაწერი), ტოკენიზაციის (კონფიდენციალური ინფორმაციის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემებით ჩანაცვლება) და ჭკვიან კონტრაქტებისთვის (კომპიუტერული ალგორითმი, ხელშეკრულების ავტომატური მონიტპორინგის და შესრუელბისთვის) უფრო მეტი პრაქტიკული აქტუალობის შეძენის მიზნით.
დარგის მკვლევრების აზრით, ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა თეორიული ფუტუროლოგია, არამედ პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას. გეოპოლიტიკური დაძაბულობის კონტექსტში გაზრდილია კიბერშეტევების რისკი. აქედან გამომდინარე ბანკებს აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ კიბერშეტევის ადეკვატური დაცვა მაშინაც კი, როცა საქმე ეხება სოციალურ ინჟინერიას და არა მხოლოდ ტექნოლოგიებს. მათ უნდა იპოვონ შუალედი, ეფექტურობასა და მდგრადობას შორის.
4. საბანკო ბიზნეს მოდელები
გლობალურმა მაკროეკონომიკურმა ტენდენციებმა გამოიწვია ბიზნეს მოდელების მრავალფეროვნების ზრდა.
ბოლო წლებში ამერიკულმა ელიტარულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs - მა, უარი განაცხადა ძვირადღირებული და გრძელვადიანი სამომხმარებლო ბანკინგის განხორციელებაზე; შვეიცარიულმა ბანკმა UBS - იმ უარყო robo-adviser-ის შეთავაზება 1,4 მილიარდ დოლარად შეეძინა Wealthfront’-ი; შტატებში ბაზირებულმა Citigroup - მა გადაწყვიტა შეეზღუდა თავისი საქმიანობა სამომხმარებლო მომსახურების მიმართულებით, (მას რამდენიმე საბანკო წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთში); ხოლო HSBC - მა შეწყვიტა შტატების საბანკო ბაზარზე შეღწევის 40 წლიანი მცდელობა.
რეორიენტაციის ხშირ შემთხვევებში, გლობალურმა ბანკებმა უარი თქვეს თავიანთი ოფშორული ბიზნესები, ლოკალური და ადგილობრივი მოთამაშეებისთვის გადაეცათ.
დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებული შეუსაბამობები კვლავ გაგრძელდება და ერთ ერთი მიზეზი იქნება, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან კონკურენცია, რომელთა მიმართ არ არსებობს ბანკების მსგავსი ნორმატიული მოთხოვნები.
5. ნიჭიერი ფინანსისტები
ბანკების კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების შემუშავება. ეს მათ დაეხმარებათ თავიანთი მომავლის განსაზღვრაში.
მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ კანადაში 2020 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც საბანკო და სადაზღვევო საქმე წარსულის პროფესიებს მიაკუთვნა. ეს ნიშანდობლივი სიგნალია.
აგრეთვე ბანკებმა დასაქმებულებს უნდა შესთავაზონ მეტი შესაძლებლობები სწავლებისა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სექტორი სულ უფრო მეტად შევა კონკურენციაში ფინტექკომპანიებთან.
ბანკებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო, ბანკებსა და დარგის სხვა მოთამაშეებს შორის რთული იქნება სამართლებრივი ბალანსის მიღწევა, ამიტომ თანამშრომლების შერჩევისას, მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქციონ ლიდერის თვისებებსა და კომუნიკაციის უნარებს.