სამოქალაქო განათლება გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდების ინფორმირებულ და აქტიურ მოქალაქეებად გარდაქმნაში. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება სულ უფრო კომპლექსური, ურთიერთდაკავშირებული და მრავალფეროვანი ხდება, სკოლებში სამოქალაქო განათლების ძლიერი სასწავლო გეგმის საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სწორად ფუნქციონირებადი დემოკრატია დამოკიდებულია ინფორმირებულ მოქალაქეებზე, რომლებსაც ესმით მათი უფლებები, მოვალეობები და სახელმწიფოს ფუნქციონირების არსი. სამოქალაქო განათლება მოსწავლეებს აძლევს ცოდნას პოლიტიკური სისტემების, კონსტიტუციის, კანონებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. აცნობს მათ ძირითად ცნებებს, როგორიცაა სამართლიანობა, თანასწორობა და თავისუფლება, რომლებიც ქმნიან დემოკრატიული მმართველობის საფუძველს.
სამოქალაქო განათლება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მისი, როგორც ერთი კონკრეტული საგნის, მიზანი საკმაოდ დიდია. სამოქალაქო განათლების მეშვეობით შესაძლებელია მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და იმის გაცნობიერება, თუ რა უფლებები აქვს ადამიანს და როგორ შეუძლია მისი გამოყენება. იმის ფონზე, რომ კვლევების თანახმად, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არც კი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, სამოქალაქო განათლებას კიდევ უფრო დიდი როლი ეკისრება სასკოლო გარემოში.
ამ საგნის მეშვეობით შესაძლებელია მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა არის სახელმწიფოს დანიშნულება, როგორია ადამიანის უფლებები თუ თავისუფლებები. ადამიანმა თუ არ იცის მისი უფლებების თუ მოვალეობების შესახებ, ის ვერც მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, რომელსაც რაიმეს შეცვლა შეუძლია.
სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს სოციალურ ერთობას, როგორც ურთიერთგაგების ხელშეწყობის ინსტრუმენტი. მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ სხვადასხვა პერსპექტივები, განიხილონ სოციალური გამოწვევები და კულტურული მრავალფეროვნება. კრიტიკული აზროვნების და დიალოგის განვითარება მოსწავლეებს ეხმარება, რომ კონფლიქტებს კონსტრუქციულად მიუდგნენ, რაც ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პოლიტიკის შემუშავების მექანიზმების გაგება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მომავალში სოციალურ საკითხებზე იმუშაონ.
მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლება მეტია ვიდრე საგანი, როგორც თვითონ ამბობენ. მათ საგნის სწავლების დასაწყისში აქვთ მოლოდინი, რომ საგნის დახმარებით გაეცნობიან საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, რომ საჭიროებისამებრ დაიცვან ისინი ან სხვას დაეხმარონ.
მასწავლებელთა აზრით, სამოქალაქო განათლების, როგორც საგნის, დანერგვა სკოლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის საგანი, რომელიც მრავალფუნქციურია და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებისთვის გამოყენებადია ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც მოსწავლე მიიხურავს სკოლის კარს და გავა საზოგადოებაში, ის იქნება იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, რაც ჯანსაღად მოაზროვნე და აქტიურ მოქალაქეს სჭირდება. ის შეიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობით ფუნქციებს. სამოქალაქო განათლება უდიდეს როლს თამაშობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს მისი უფლებები, ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სახელმწიფო, რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მას, როგორც მოქალაქეს.
სამოქალაქო განათლება არ არის მხოლოდ საგანი. ეს არის დემოკრატიისა და საზოგადოების კეთილდღეობის ქვაკუთხედი. სამოქალაქო განათლებაში ინვესტირებით სკოლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს გახდნენ აქტიური, ინფორმირებული და პასუხისმგებელი მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ 21-ე საუკუნის გამოწვევების მოგვარება. მთავარი ღირებულება, რაც სამოქალაქო განათლებას მოაქვს არის იმ აქტიური, პროგრესული და თავისუფალი მოქალაქეების ჩამოყალიბება, რომლებიც ჩართული იქნებიან ქვეყნის განვითარებაში.