მინიმალური ხელფასი შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. ის მუშავდება ეროვნული ან პროფესიული ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებების საფუძველზე. მინიმალური ხელფასის მნიშვნელობა არა მხოლოდ დამსაქმებლებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით შესაძლებელია გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, სიღარიბის დონე.
მინიმალური ხელფასი, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებასთან მიმართებით, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ის მჭიდროდ დაკავშირებულია შრომის ბაზრის რეგულაციებთან და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებთან. ის უზრუნველყოფს სამუშაო ძალის ღირსეულ ანაზღაურებას.
1999 წლიდან დამსაქმებლები საქართველოში მინიმალური ხელფასის ყოველთვიურ ოდენობად მხოლოდ 20 ლარს იხდიდნენ. 1996 წლის №351 ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა 2006 წლის 26 დეკემბერს, რომლის მიხედვით, განიმარტა მინიმალური ხელფასის არსიც და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა 40 ლარით განისაზღვრა. ეს ცვლილება ეხებოდა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ ჯარიმებს, სანქციებს და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებს, რაც ითვალისწინებდა მის განხორციელებას საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანამდე.
მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური ხელფასი ყოველთვის არ გამოხატავს ქვეყნის საშუალო ხელფასს ან სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, მაგრამ მისი არსებობა მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ შრომის ბაზარზე ადამიანები არ აღმოჩნდნენ ძალიან დაბალ ან უთანასწორო პირობებში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში (ICESCR) მოიაზრება თანასწორი და ღირსეული შრომის ანაზღაურების უფლება. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ყველა დასაქმებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი ანაზღაურებით თანაბარი შრომისთვის.
ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების 80% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოში მინიმალური ხელფასის რეგულაციას. მინიმალური ხელფასი დამსაქმებელს ღირსეულ ანაზღაურებას სთავაზობს და ასევე მოტივაციას აძლევს იმისთვის, რომ უკეთ იმუშაოს. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრება, რომ მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს და მისი დაწესება გააქრობს ახალგაზრდებისთვის იმ სამუშაოს, რომელიც სიმბოლური თანხით ფასდება.
მინიმალური ხელფასის არსებობას, თან ახლავს გარკვეული ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს გეგმის შემუშავებას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და ასევე დასაქმებული პირების გადახარისხებას. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად იქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. პირველ ეტაპზე, განხილულია განსხვავებული მინიმალური ხელფასის დაწესება რეგიონებსა და დედაქალაქში, რადგან სტატისტიკურად დედაქალაქში საშუალო ხელფასის ოდენობა მეტია რეგიონებთან შედარებით.
მინიმალური ხელფასი წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება. მისი სწორად დარეგულირება ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას, სოციალური უთანასწორობის გაკონტროლებას და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას, მაგრამ, ერთდროულად, მისი გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.
ეკონომისტების აზრი ამ მიმართულებით ორად იყოფა. ერთი ნაწილი აპელირებს იმ საფრთხეებზე, რასაც იწვევს მინიმალური ხელფასის დაწესება და უმთავრესი მათ შორის არის სამუშაო ადგილების შემცირება, პროდუქტებზე ფასის ზრდა, ასევე ხელშეკრულების გარეშე პირების დასაქმება, რათა ოფიციალურად არ აღირიცხოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება. რა თქმა უნდა აღნიშნული საფრთხეები რეალურია, ის მართლაც გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, რადგან ის სამუშაო ადგილები სადაც აჟამად შრომის ანაზღაურება შეადგენს პირობითად 100 ლარს, იძულებული გახდება შეამციროს მუშახელი რათა არ გაეზარდოს შესაბამისი ხარჯები. საფრთხეები მინიმუმამდე დადის, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე დაბალია, საქართველოში უმუშევრობის დონის ნიშნული კიდევ უფრო აიწევს, თუ მინიმალურ ხელფასის ოდენობა გაიზრდება.
საბოლოო ჯამში, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ეს არის ერთგვარი ბერკეტი, რომ სწორად იქნეს შეფასებული ადამიანის შრომა. იმისათვის რომ ადეკვატურად ჩაითვალოს შრომის ანაზღაურების მინიმუმი, ის რამდენჯერმე უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, არათუ ჩამორჩებოდეს მას.