ბულინგი ახალგაზრდებს შორის გამოვლენილი ძალადობის და აგრესიის ფორმაა. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც სკოლაში ვლინდება. ახალგაზრდების შემთხვევაში, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ასეთ თემებზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
ბულინგის პრობლემას პირველად ნორვეგიელი ფსიქოლოგი, დან ოლვეუსი შეეხო. სწორედ მას მიიჩნევენ პიონერად ამ სფეროში. 80-იან წლებში, მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო და საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვების ბულინგისაგან დაცვას და მოითხოვდა როგორც საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების გატარებას, ასევე, შესაბამისი პროგრამების შექმნას. სწორედ ოლვეუსმა აღმოაჩინა, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბულინგს და როგორ ეხება ის სკოლაში მომუშავე პერსონალსა და მოსწავლეებს. მისი კვლევების მიხედვით, სასკოლო კონტინგენტის 10% მუდმივად განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას თანატოლების მხრიდან, 30%-ს ერთხელ მაინც განუცდია ასეთი ჩაგვრა, ხოლო 60% ცხოვრობს შიშით - „დღეს ეს დაემართა სხვას, ხვალ შეიძლება დამემართოს მე“.
HSRA(High School Research Academy)-ს კვლევის თანახმად, ბულინგი აღიქმება საერთაშორისო ჯანმრთელობის პრობლემად, რომელიც ახალგაზრდებზე და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს. დაბულინგება ასოცირდება ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა: დეპრესია, პანიკური აშლილობა, თავისა და მუცლის ტკივილი, ძილის პრობლემები, მადის დაქვეითება.
ისეთმა კვლევებმა, როგორიცაა გენეტიკის კვლევა, ნეიროვიზუალიზაციის და სხეულის სტრესის რეაგირების სისტემის კვლევებმა აჩვენეს, რომ ბულინგი დაკავშირებულია საზიანო ბიოლოგიურ ცვლილებებთან. მაგალითად, ის გავლენას ახდენს სხეულის სტრესზე რეაგირების სისტემაზე, რომელიც შემდგომ აკადემიურ შედეგებზე მოქმედებს.
ბულინგის პრევენციისთვის, საჭიროა გატარდეს მისი საწინააღმდეგო პოლიტიკა, რომელიც იქნება ყველა სკოლაში. იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ბულინგის შემთხვევები, საჭირო წესები იქნება შემუშავებული მათ საწინააღმდეგოდ.
მოზარდი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს ვიზუალური, პიროვნული, აკადემიური თუ სხვა მახასიათებელი. თუ ბავშვი სხვებისგან განსხვავდება რაიმე ნიშნით, შეიძლება ესეც გახდეს ბულინგის მიზეზი, რაც ხშირად შეუმჩნეველიც რჩება. ბულინგის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ბაღისა და დაწყებითი კლასების ასაკობრივ ჯგუფებთან აქტიური მუშაობა, რადგან ხშირად შედარებით მარტივად აღმოფხვრადია ეს პრობლება მათ ასაკში და მათში ემპათიის გრძნობის გაჩენა.
ბულინგის გამომწვევ მიზეზებს შორის გამოიკვეთა სტერეოტიპები და განსხვავებულობის მიუღებლობა, მათ შორის რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის კუთხით.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავებული სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც სკოლის სოციალურ მუშაობას ეძღვნება, ბულინგის პრევენციის საუკეთესო პრაქტიკად ამ პრობლემის შესახებ ცოდნის ამაღლება ითვლება. ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირებულობა და ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სოციალური მუშაკის თანამშრომლობას სკოლის პერსონალთან, რათა შემუშავდეს ბულინგის პრევენციისა და ფაქტებზე რეაგირების პოლიტიკა.
ბავშვებს ხშირად არ აქვთ გააზრებული, რამდენად სერიოზულია ბულინგის შემთვევები. ხშირად, მათ უბრალოდ, ბავშვურ ხუმრობად, ახირებად მიიჩნევენ. უფროსების მხრიდან საკითხის მსგავსი იგნორირება ბავშვებს პრობლემის პირისპირ სრულიად მარტოს ტოვებს, შედეგი კი ძალიან მძიმეა. ბულინგზე მუშაობის საწყისი ნაბიჯი ჯერ პრობლემის აღიარება და იდენტიფიკაცია უნდა იყოს. საგანმანათლებლო სივრცეში ბულინგის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალებაა ანტი-ბულინგური პროგრამის დანერგვა და ბავშვების გაძლიერება სოციალური და ემოციური უნარებით. საჭიროა ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან, რომლის დროსაც ისაუბრებენ ბულინგზე და მასთან გამკლავების გზებზე.
სკოლებში ბულინგის პრევენციისთვის აუცილებელია ეფექტური მექანიზმის შემუშავება, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. ეს მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს ჩაგვრის ფორმების შემეცნებას და ზუსტი ტერმინების განმარტებას. სატრენინგო მასალის შემუშავებისა და მეთოდოლოგიის შემდეგ, შესაძლებელი იქნება სკოლებში ამ თემაზე საუბარი.
ბულინგის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლის ფსიქოლოგებისა და მშობლებისთვის ტრენინგები უნდა ჩატარდეს, რომლის მიზანიც მოზარდებში ძალადობის პრევენციისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება იქნება.
საბოლოოდ, ბულინგის შემთხვევებზე მუშაობა შეიძლება დავყოთ რამდენიმე ეტაპად: ბულინგის პრევენციაზე მუშაობა, ანტი-ბულინგური პროგრამების დანერგვა და ბულინგის შემთხვევების ინტერვენცია (კრიზისული ჩარევა და მეორადი პრევენცია). თუმცა, გადამწყვეტი საკითხის სისტემური ხასიათის გაცნობიერებაა, რადგან შესაძლებელი გახდეს სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე ბულინგის შემთხვევებზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიის დაგეგმვა/განხორციელება. იქნება ეს ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ დონეზე ჩარევა, საგანმანათლებლო სივრცეში საკორდინაციო ჯგუფების შექმნა, საზოგადოების სწორად ინფორმირება. ამისათვის შეიძლება სკოლის პერსონალისა და მშობლების საერთო ჩართულობა ბულინგის დაძლევაზე ორიენტირებულ პროგრამებში, ბულინგთან დაკავშირებულ ფსიქოგანათლების საკითხებზე ტრენინგების ჩატარება და პროფესიული ინსტრუმენტებით მათი აღჭურვა.