ევროკავშირის სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაცია
GeoEng

ევროკავშირის სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაცია

შედარებითი სამართლის ევროპულ ლიტერატურაში საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს დისკუსია, ევროპული კერძო სამართლის ჰარმონიზაციის აუცილებლობის შესახებ. აღნიშულმა დისკუსიამ მთავარი ბიძგი მისცა ევროპაში ზოგადი სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაციის სამუშაოებს. ჰარმონიზაციის მცდელობა ორიენტირებული იყო სახელშეკრულებო სამართლის ზოგად პრინციპებზე. ევროპულ დონეზე მას ახორციელებდა იურისტთა ჯგუფი, სახელწოდებით „ევროპული სახელშეკრულებო სამართლის კომისია“ (CECL), რომელიც შეიქმნა 1980 წელს. CECL არის არაფორმალური სამართლის კომისია და იგი არ იყო დანიშნული მთავრობის ან ინტერესთა ჯგუფის მიერ, მაგრამ ის სუბსიდირებული იყო ECY-ის მიერ. CECL-ის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებისთვის სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი პრინციპების კრებულის შემუშავება. დღესდღეობით, CECL ორიენტირებულია ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული პრინციპების შემუშავებაზე და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა უფლებების დაცვის საშუალებებზე.

 

1989 წელს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „წევრი სახელმწიფოების კერძო სამართლის ჰარმონიზაციის ქმედებების შესახებ“, ამ რეზოლუციაში პარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაზე ეფექტური გზა ჰარმონიზაციის მისაღწევად კერძო სამართლის სფეროში თანამეგობრობის სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის ამ კანონის ძირითადი ნორმების გაერთიანება“, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი. პარლამენტის დადგენილების მიზანია კერძო სამართლის საერთო ევროპული კოდექსის პროექტის შემუშავება. თუმცა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს მონაწილეობა მიიღოს თუ არა აღნიშნულ მცდელობაში. ამდენად, პარლამენტის რეზოლუციას, ალბათ, პრაქტიკული მნიშვნელობა არ ექნება. თუმცა, საილუსტრაციოდ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰარმონიზებული კოდიფიკაციის იდეები გამოხატულია და სერიოზულად განიხილება ევროკავშირში. პარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია შედარებითსამართლებრივი კვლევის საჭიროება საერთო ევროპული კოდექსის შექმნის მიზნის მისაღწევად. ევროპაში სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაციის შესახებ, ზოგადი წინადადებები შემუშავდა იურიდიულ მეცნიერთაგან, სადაც იურიდიული ლიტერატურა ხაზს უსვამს შედარებითსამართლებრივი კვლევის როლს, როგორც ევროპული კერძო სამართლის ჰარმონიზაციის საშუალებას. „ევროპული სამართლის რევიზიის“ შემუშავება, კერძოდ, სახელშეკრულებო სამართლის სფეროში, წარმოდგენილია იურიდიული მეცნიერების ამოცანად. „ჰარმონიზაციისკენ მიმავალი პროგრესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ევროპული სამართლებრივი განათლებისა და ევროპული ზოგადი კერძო სამართლის სახელმძღვანელოებით“.

 

მიუხედავად მცდელობისა, ევროპაში ზოგადი სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მეტ-ნაკლებად იდენტური წესების მიღწევას, რთულად მიღწევადია. აღნიშნული სირთულე უკავშირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის კანონის ნორმების დიდ სხვაობას. ვინაიდან CISG-მ აჩვენა, რომ განსხვავებების გადალახვა შესაძლებელია, გარკვეულწილად, პრაქტიკაზე ორიენტირებული რეგულირების გზით. ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ, რომ თანამეგობრობის კანონმდებლებს არ აქვთ უფლება მიიღონ კანონმდებლობა წევრი ქვეყნების სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაციის მიზნით. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რომის ხელშეკრულების მე-100 მუხლი, რომელიც უფლებას აძლევს საბჭოს გამოსცეს დირექტივები ეროვნული ნორმების დაახლოების შესახებ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს საერთო ბაზრის შექმნაზე ან ფუნქციონირებაზე, არ იძლევა საკმარის საფუძველს სტანდარტული სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაციისთვის. დებატები აჩვენებს, რომ თანამეგობრობის კანონმდებლის უფლებამოსილებები შეზღუდულია სახელშეკრულებო სამართლის სფეროში. დღეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზოგადი სახელშეკრულებო სამართლის ჰარმონიზაცია შესაძლებელია ევროკავშირის კანონმდებლობით. აგრეთვე ევროკავშირის დირექტივები, რომლებიც დღემდე შეიქმნა, სრულად არ არის დანერგილი ეროვნულ კანონმდებლობაში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი ევროპული სამართლებრივი წესრიგისკენ მიმავალი გზა, უდავოდ ძალიან გრძელი და რთულია.