გონიერ ხელშეკრულებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო
GeoEng

გონიერ ხელშეკრულებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო

დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიასა და ტრანზაქციის კონცეფციას შორის კავშირი გარდაუვალია. გერმანული დოქტრინა ტრანზაქციასა და ტექნოლოგიას შორის შესაძლო კავშირის შესახებ საუკუნეზე მეტია არსებობს. ამ ფორმით ტექნოლოგიების განვითარება, ადამიანის თავისუფალი ნების შედეგია. მაშასადამე, ტრანზაქციის ტექნოლოგიურ ეტაპზე გადასვლა, ასევე ლოგიკური განვითარებაა. გონიერი იურიდიული ხელშეკრულება ეხება ხელშეკრულებას, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის წარმოდგენილი და/ან შესრულებული კომპიუტერული პროგრამით. „გონიერი ხელშეკრულებების“ კონცეფცია თავდაპირველად შემოიღო ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, სამართლისა და კრიპტოგრაფიის სპეციალისტმა ნიკ საბომ, 1994 წელს.

 

გონიერი ხელშეკრულებების, ავტომატური აგენტებისა და მომხმარებელთა დაცვის ამ კონცეფციასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს. მომხმარებელთა დაცვის კანონებს ორი ძირითადი მხარე ჰყავს. ეს არის მომხმარებელი და მისი საპირისპირო - მეწარმე. მომხმარებლის ცნება განსაზღვრულია შესაბამის აქტებში, მათ შორის ევროსაბჭოს 1993 წლის 5 აპრილის 93/13/EEC დირექტივაში „სამომხმარებლო ხელშეკრულების უსამართლო პირობების შესახებ“, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც „მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მონაწილეობა დირექტივით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში არ არის დაკავშირებული მის კომერციულ, სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან.“ ამასთან, მეწარმე, რომელსაც კონკრეტული დირექტივის კონტექსტში შეიძლება ეწოდოს მეწარმე, კრედიტორი, მიმწოდებელი ან გამყიდველი, არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას მომხმარებელთან, როგორც მისი ვაჭრობის, ბიზნესის ან პროფესიის ნაწილი. მომხმარებლის გამოუცდელობა და „სისუსტე“ მოითხოვს ურთიერთობის მხარეებს შორის ძალთა თანაფარდობას. საკანონმდებლო ორგანოები და სასამართლოები ხშირად ცდილობენ დაიცვან მომხმარებლები არათანაბარი „სათამაშო მოედნისაგან“. მოსალოდნელია, რომ ასეთი დაცვა გავრცელდება მომხმარებლებზე, რომლებიც არიან გონიერი ხელშეკრულების მხარეები. ამჟამად ევროკავშირს აქვს სხვადასხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ევროკავშირის სამომხმარებლო სამართლის ოთხი ძირითადი სფერო შეიძლება განვასხვავოთ: ზოგადად მომხმარებელთა უფლებები, არასამართლიანი ხელშეკრულების პირობები, არასამართლიანი კომერციული პრაქტიკა და დეფექტური და არასერტიფიცირებული საქონელი. თითოეული ემსახურება მომხმარებლების დაცვას კონკრეტული გამოწვევისგან, რომელთაგან თითოეული დამოკიდებულია სხვადასხვა სახით გონიერი ხელშეკრულების გამოყენებაზე განსხვავებით ტრადიციული ხელშეკრულებისა.

 

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი, რომელიც გათვალისწინებულია კანონის პირველ მუხლში, არის მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა და პატივისცემაზე დაფუძნებული ქცევის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ არ შეიცავს გონიერი ხელშეკრულების განმარტებას. საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, ვრცელდება თუ არა მომხმარებელთა უფლებების კანონი გონიერ ხელშეკრულებაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ევროკავშირის პრაქტიკა და მომხმარებელთა უფლებების დირექტივის ინტერპრეტაცია, ვინაიდან საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ შექმნილია ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მიზანია მხარეთა უფლებების განსაზღვრა. შესაბამისად, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი მომხმარებელთა დაცვის სტანდარტები უნდა გავრცელდეს გონივრული გარიგებების ფარგლებში წარმოშობილ მომხმარებელთა ურთიერთობებზე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა წინაპირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული გონიერ ხელშეკრულებებში, რათა დაცული იყოს მომხმარებლთა უფლებები.