საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის განმარტების ფარგლები
GeoEng

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის განმარტების ფარგლები

როგორ ხდება კონსტიტუციის განმარტება? როგორია ამგვარი განმარტების ფარგლები?

 

ინტერპრეტაციის საფუძვლად გვევლინება ორი დოქტრინა: სუბიექტური(სტატიკური) და ობიექტური(დინამიური) ანდა მექანიკური და კონსტრუქციონისტული.

 

მექანიკური მიდგომა თვლის, რომ მთავარია „დამფუძნებელი მამების“ განზრახულობათა გამოვლენა. ე.ი. იგი მიუთითებს კონსტიტუციის ზედმიწევნით განმარტებაზე. მექანიკური მეთოდის ძირითადი წესები ჩამოყალიბებულია აშშ-ის კონსტიტუციის კომენტარებში.

 

კონსტრუქციონიზმის მიხედვით კი კონსტიტუციის მუხლების ზუსტი მნიშვნელობის დაცვა მხოლოდ ბიძგს აძლევს შემდგომი ლოგიკური კონსტრუქციების შექმნას. ამ პოზიციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს ყოველთვის არ შეუძლია განსამარტი ნორმის ტექსტი ამ ტექსტის ფარგლებიდან გაუსვლელად განმარტოს.

 

ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის განმარტებისას უნდა შემოიფარგლოს კონსტიტუციის ტექსტით. მისი ხედვის საზღვრები კი განპირობებულია მისი ვალდებულებით: დაიცვას კონსტიტუცია. მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ განმმარტებელს შეიძლება უკეთ ესმოდეს კონსტიტუცია, ვიდრე მის ავტორებს. ამას ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წელს საფუძველი ჩაუყარა საკონსტიტუციო კონტროლის სრულიად ახალ მიმართულებას. საკუთარი საკონსტიტუციო მანდატის პირობებში, რომელიც მას ე.წ. „ნეგატიური კანონმდებლის“ სტატუსს ანიჭებს, შემოქმედებითად განმარტა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და სათავე დაუდო ნორმის ნორმატიული შინაარსის კონტროლის ინსტიტუტს. ნორმის ნორმატიული შინაარსის განსაზღვრა და მისი უშუალოდ ნორმის ფორმალური არსებობისგან აბსტრაგირება საკონსტიტუციო სასამართლომ მკაფიოდ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დააფიქსირა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო გავიდა კანონის ფარგლებიდან იმით, რომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა უფრო ადრეულ პროცესს ვიდრე ეს ნორმის წარმოშობის უშუალო ისტორიაა. მსგავსი ტენდენცია გამოვლენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში.

 

არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ორიგინალიზმი ამცირებს იმის ალბათობას, რომ არაარჩევითმა მოსამართლეებმა ძალაუფლება არჩეულ წარმომადგენლებს ჩამოართვან. ორიგინალიზმი, საბოლოო ჯამში, უკეთ იცავს, ინარჩუნებს სასამართლოს. ორიგინალიზმი უფრო სცემს პატივს, უფრო აფასებს კონსტიტუციას როგორც მავალდებულებელ ხელშეკრულებას.

 

ყველა სხვა მეთოდი, რომელიც ორიგინალიზმი არ არის, მორალური მსჯელობა იქნება ის, ეროვნული ეთოსი, სტრუქტურალიზმი თუ ისტორიული პრაქტიკები, ძალზე დიდ შესაძლებლობას იძლევა, რათა მოსამართლეებმა თავს მოგვახვიონ თავიანთი სუბიექტური და ელიტისტური ღირებულებები. მოსამართლეებს სჭირდებათ ნეიტრალური, ობიექტური კრიტერიუმები ლეგიტიმური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ნეიტრალურ კრიტერიუმებს იძლევიან კონსტიტუციური მუხლების პროექტის ავტორები, კონსტიტუციის შემქმნელები და რატიფიკატორები.

 

გათვალისწინებულ უნდა იქნას ის, რომ ადამიანებისთვის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის შესაძლებლობის მიცემა ბიძგს აძლევს სერიოზულ საჯარო დებატებს მთავრობასა და მის შეზღუდვებზე. კონსტიტუციის ინტერპრეტაციის არცერთ მეთოდს არ აქვს აბსოლუტური უპირატესობა. ყველა მათგანი შეიცავს ე.წ. ჰერმენევტიკულ წრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რისი განმარტებაც გვინდა გარკვეულწილად უკვე წინასწარაა განმარტებული.

 

სტრუქტურალიზმი - ეს თვალსაზრისი თვლის, რომ კონსტიტუციის სტრუქტურამ დასაბამი დაუდო ისეთ ფენომენს როგორიცაა გაწონასწორება და დაბალანსება. კონსტიტუციის ინტერპრეტაციის მეთოდები კონსტიტუციის სტრუქტურიდან ამოდიან. ეს კარგად ჩანს აშშ-ის კონსტიტუციის მაგალითზე. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სწორედ კონსტიტუციამ დაადგინა ის მიმართებები, რომელთაგან ერთი ძალაუფლების დანაწილების პრინციპის სახელითაა ცნობილი; მეორე ფედერალურ და შტატის ხელისუფლებას შორის მიმართებას გულისხმობს, მესამე კი ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობას.

 

ისტორიული პრაქტიკა - ითვლება, რომ იურიდიული პრეცედენტები არ არის ერთადერთი პრეცედენტი, რომელსაც ანგარიშს უწევს კონსტიტუციის ინტერპრეტაცია. პრეცედენტებად, ასევე, ითვლება ხელისუფლების შტოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათი გრძელვადიანი ისტორიული პრაქტიკები, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიონ მოსამართლეებმა და იურიდიული ნორმის ყველა ინტერპრეტატორმა.

 

სასამართლოები ითვალისწინებენ ამგვარ პრაქტიკებს კონსტიტუციის საზრისის დადგენისას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ფედერალიზმსა და ინდივიდუალურ უფლებებს.

 

მიზნობრივი ინტერპრეტაცია - სახელწოდებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მიზნობრივ ინტერპრეტაციაში მთავარია მიზნის ცნება. საქმე ეხება იმ მიზანს, რომელიც მასში კონსტიტუციის შემქმნელმა თუ შემქმნელებმა ჩადეს. მიზნობრივი ინტერპრეტაცია გამოხატავს კონსტიტუციის უნიკალურობას, რაც სუბიექტურ და ობიექტურ მიზნებს შორის წონასწორობას განაპირობებს. ინტერპრეტატორი ამ მიზნებს კონსტიტუციის ტექსტიდან კითხულობს. ამ პროცესში უპირატესობა ენიჭება ობიექტურ მიზანს. რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციის სხვა წყაროებიც არსებობს, მაგრამ კონსტიტუცია ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და უაღრესად სანდო წყაროა. ობიექტური მიზანი არის სისტემის მიზანი, რომელიც კონსტიტუციის ტექსტში სისტემას შეაქვს. ის აბსტრაქციის სხვადასახვა დონეზე არსებობს. ყველაზე დაბალი დონე არის ე.წ. წარმოსახვითი რეკონსტრუქცია. აბსტრაქციის უმაღლეს დონეზე საქმე ეხება სამართლის სისტემის ღირებულებებსა და პრინციპებს.

 

კონსტიტუციის განმარტებისას სხვა მიზნობრივ ელემენტებთან ერთად აუცილებელია კონსტიტუციის ტექსტის ჰერმენევტიკული ბუნების გათვალისწინება. იგი გულისხმობს, რომ ინტერპრეტაცია არის წრის, წრიული სტრუქტურის მქონე: ის, რისი ინტერპრეტირებაც უნდა მოხდეს, რაღაცნაირად უკვე ინტერპრეტირებულია.