კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ფორმები
GeoEng

კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ფორმები

სიტყვა კონსტიტუციის ტექსტის სტრუქტურული ელემენტია. ვინაიდან კონსტიტუციის მუხლები და დებულებები თავიანთი ბუნებით ლინგვისტურია. ისინი აგებულნი არიან გონების არგუმენტებისგან. ამ აზრით კონსტიტუცია შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ენა, რადგანაც ნორმატიული მუხლი სიტყვებითაა კონსტრუირებული, ყოველთვის ხდება მისი განმარტება მისი საზრისის დასადგენად და რეალური შემთხვევისთვის მისასადაგებლად. განმარტება კი ბევრი ხელსაწყოსა და ბევრი მიდგომის საშუალებით ხდება. პირველ განმარტებას აკეთებს კანონმდებელი, როცა ის განმარტავს კონსტიტუციას, რათა ნორმები შექმნას. კანონს ასევე განმარტავენ მოსამართლეები, რათა გადაჭრან სადავო შემთხვევები. იურისტები განმარტავენ კანონს, როცა ისინი დაცვას ახორციელებენ. პიტერ ჰებერლემ ჩამოაყალიბა თეზისი, რომელიც გვთავაზობს კონსტიტუციის საჯარო ინტერპრეტაციას. ის კონსტიტუციას განიხილავს როგორც „საჯარო პროცესს”.

 

ამ თეზისის მიხედვით კანონმდებლობას და განსაკუთრებით კონსტიტუციას უნდა განმარტავდნენ არა მარტო პროცესის მონაწილე მხარეები, არამედ დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ყველა წევრი. საქმე ის არის, რომ დემოკრატიულ და კრიტიკულ საზოგადოებას უპრიანია ჰქონდეს თავისი საკუთარი კანონის განმარტების შესაძლებლობა. ამ აზრით კონსტიტუცია ინტეგრაციის ღია ინსტრუმენტია.

 

როცა საქმე სასამართლოში, მათ შორის კონსტიტუციურ სასამართლოში, მიდის მხარეებს უკვე ინტერპრეტირებული აქვთ კანონი და ამ აზრით გარკვეული პოზიცია უკავიათ. მომჩივანს წინასწარ აქვს ინტერპრეტირებული ის, რომ დარღვეულ იქნა გარკვეული ნორმა, რამაც მისი ინტერესები დააზიანა. სასამართლოს მოვალეობაა იმის შემოწმება, არის თუ არა ეს ინტერპრეტაცია სწორი. მხარეების პოზიციები ე.ი. მათ მიერ კანონის განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია. მოსამართლე განმარტავს კანონის ენას მაგ. ის განმარტავს ენას იურიდიული საშუალებებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასამართლებლად. კონსტიტუციის განმარტება კომპლექსური პროცესია, რომელშიც ზოგჯერ ადგილი აქვს განმარტების დადგენილი ფარგლების რღვევას.

 

„ინტერპრეტაციას“ სამართალში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აუცილებელია თვითონ „ინტერპრეტაციის“ განმარტება. აარონ ბარაქი ინტერპრეტაციას შემდეგნაირად განმარტავს: იურიდიული ინტერპრეტაცია არის რაციონალური აქტივობა, რომელიც ასაზრისიანებს იურიდიულ ტექსტს. რაციონალურობა მთავარი მოთხოვნაა. ინტერპრეტაცია ინტელექტუალური აქტივობაა, რომელსაც ტექსტიდან მომდინარე ნორმატიული საწყისი აინტერესებს. არის თუ არა ტექსტი ვარგისი, სწორედ ამ შეკითხვას უნდა უპასუხოს ინტერპრეტაციამ. ეს პროცესი ემყარება ვარაუდს, რომ არსებობს ვარგისი იურიდიული ტექსტი. მთავარი ის არის, თუ რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოცემულ ტექსტს. ინტერპრეტაცია აყალიბებს ნორმაში „მოქცეულ“ შინაარსს. ტექსტი, რომელიც არის ინტერპრეტაციის საგანი შეიძლება იყოს ზოგადი(კონსტიტუცია) ან ინდივიდუალური (როგორც კონტრაქტი ან ანდერძი). ის შეიძლება იყოს დაწერილი (როგორც დაწერილი კონსტიტუცია ) ანდა ზეპირი(როგორც ზეპირი ანდერძი ან ხელშეკრულება, რომელიც იგულისხმება ფაქტის ძალით). სიტყვა ტექსტი არ შემოიფარგლება მარტო წერილობითი ტექსტით. ინტერპრეტაციის მიზნისთვის ტექსტია ნებისმიერი ქცევა, რომელიც ქმნის ნორმას. მაგრამ კონსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი ნორმა. ის სუპერნორმაა. კონსტიტუცია არის იურიდიული ტექსტი, რომელიც აფუძნებს იურიდიულ ნორმებს. ამიტომ მისი განმარტება სხვაგვარად უნდა მოხდეს და არა ისე როგორც განიმარტება ხოლმე სხვა იურიდიული ტექსტები. კონსტიტუცია პოზიტიური სამართლის იერარქიის სათავაში დგას. ის აყალიბებს საზოგადოების ბუნებას და მის მისწრაფებებს ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად ამისა კონსტიტუცია ჩვეულებრივი ენითაა დაწერილი; იმ ენით, რომელზეც ესა თუ ის ხალხი მისი შექმნის დროს ლაპარაკობდა. თუმცა კონსტიტუციიის ენას ბუნდოვანება და გაურკვევლობა ახასიათებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კონსტიტუციას ეკისრება ეროვნული თანხმობის უზრუნველყოფა. ამგვარი კონსენსუსის მისაღწევად კი აუცილებელია აბსტრაქციის მაღალი დონე. ამგვარად, კონსტიტუცია ადგენს ერის ძირითად პოლიტიკურ შეხედულებებს. ის აფუძნებს სოციალურ ღირებულებებს, განსაზღვრავს მის მიზნებს, ვალდებულებებსა და ტენდენციებს. კონსტიტუციის ინტერპრეტაციის, მისი განმარტების ფორმებიდან ყველაზე გავრცელებულია ტექსტუალიზმი და ორიგინალიზმი.

 

ტექსტუალიზმი - არის იურიდიული ინტერპრეტაციის ნაირსახეობა, რომელიც ფოკუსირებულია იურიდიული დოკუმენტის ტექსტის შინაარსზე. ტექსტუალიზმი ხაზს უსვამს იმას თუ როგორ იქნებოდა გაგებული კონსტიტუციის მუხლები და კონტექსტი, იმ ეპოქაში, როცა მათი რატიფიკაცია მოხდა. ტექსტუალისტებს, როგორც წესი, სჯერათ, რომ ტექსტს აქვს ობიექტური საზრისი და ჩვეულებრივ მათ არ აინტერესებთ კონსტიტუციისა თუ მისი დამატებების შემდგენელთა, მომხრეებისა თუ რატიფიკატორთა ჩანაფიქრები, როცა ტექსტიდან საზრისი გამოჰყავთ. მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარია კონსტიტუციის ტექსტის აშკარა საზრისი. ტექსტუალისტებს არ აინტერესებთ გადაწყვეტილების პრაქტიკული შედეგები, პირიქით, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ სასამართლოს მიერ კონსტიტუციის ტექსტის დახვეწისა თუ გადასინჯვის აქტებს.

 

მართლმსაჯულება, განმარტების სხვა მეთოდებთან ერთად ხშირად ტექსტსაც ემყარება. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ტექსტში იხედება ვიდრე სხვა შესაძლო წყაროებს გაითვალისწინებდეს, რათა მასში არსებული ბუნდოვანება გაფანტოს ანდა უპასუხოს კონსტიტუციური სამართლის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც ტექსტში მოცემული არ არის.

 

ტექსტუალიზმის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომის სიმარტივე და გამჭვირვალობა, რომელიც მხოლოდ ობიექტურად გაგებულ ენობრივ მნიშვნელობას ეფუძნება დამოუკიდებელია იდეოლოგიისა და პოლიტიკისგან. ისინი ამტკიცებენ, რომ ტექსტუალიზმი საშუალებას არ აძლევს მოსამართლეებს, რომ მათ გადაწყვეტილებები პირადი შეხედულებით მიიღონ. ამ პოზიციის მომხრეები ასევე ამტკიცებენ, რომ ტექსტუალიზმი მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებს, ვინაიდან ის ეფუძნება კონსტიტუციის სიტყვებს, რომლებიც ხალხმა მიიღო იმისდა მიუხედავად თუ რას ფიქრობდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები.

 

ტექსტუალიზმის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოსამართლეებს და სხვა ინტერპრეტატორებს უფლება აქვთ კონსტიტუციის ტექსტს განსხვავებული მნიშვნელობები მიაწერონ.

 

ორიგინალიზმი - ორიგინალისტური მიდგომის მიხედვით კონსტიტუციის საზრისი უნდა გავიგოთ ისე როგორც ის ესმოდა მოსახლეობის, სულ ცოტა, გარკვეულ სეგმენტს დაფუძნების ეპოქაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს ორიგინალიზმი ეწოდება, კონსტიტუციონალისტებმა ვერ მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს მოსამართლისთვის ამ მეთოდოლოგიის მიღება კონსტიტუციის ტექსტის კონსტრუირებისთვის.

 

უთანხმოება უპირველეს ყოვლისა ეხება იმ წყაროებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ სწავლულებმა კონსტიტუციის ზუსტი საზრისის განსაზღვრისას. ორიგინალისტები, საზოგადოდ, ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში, რომ კონსტიტუციას დაფუძნების ეპოქაში ჰქონდა ობიექტურად იდენტიფიცირებადი თუ საჯარო საზრისი, რომელიც დროში არ შეცვლილა და მოსამართლეებისა და მართლმსაჯულების ამოცანა სწორედ ამ ორიგინალური, თავდაპირველი საზრისის რეკონსტრუირებაა.

 

დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ცნობილი სწავლული (მაგ. Robert Bork) ამტკიცებდა, რომ კონსტიტუციის განმარტებისას უნდა მივყვეთ თავდაპირველ ჩანაფიქრს, რომლის მიხედვითაც შემუშავებულ და რატიფიცირებულ იქნა კონსტიტუცია, იმის დასადგენად თუ რისი თქმა უნდოდა ამ ხალხს. ამ თვალსაზრისის მიხედვით თავდაპირველი ჩანაფიქრი შეიძლება მოპოვებულ იქნეს ტექსტის გარეშე წყაროებში. ორიგინალისტები ეძებენ კოსტიტუციის თავდაპირველ საჯარო საზრისს. ეს მეთოდი კონსტიტუციის ტექსტის აშკარა საზრისს განიხილავს ისე როგორც ის გაგებული უნდა ჰქონოდათ ფართო საზოგადოებრიობას, ფართო პუბლიკას, მოქალაქეებს ანდა როგორც ის ესმოდა ჩვეულებრივ, საღი აზრის მქონე ადამიანს. ამ მეთოდს ბევრი საერთო აქვს ტექსტუალიზმთან, მაგრამ არ არის მისი იგივეობრივი. თავდაპირველი საჯარო საზრისის მიდგომა არ ემყარება მარტო ტექსტს, არამედ ტექსტის საზოგადოებრივ გაგებას, საზრისს როგორც უფრო ფართო გზამკვლევს, სახელმძღვანელო პრინციპს.

 

ორიგინალიზმის მომხრეები, გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ეს მიდგომა ზღუდავს იურიდიულ დისკრეციას, არ აძლევს მოსამართლეებს იმის საშუალებას, რომ მათ გადაწყვეტილება თავიანთი პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიიღონ.

 

ამ მხრივ საინტერესოა ამერიკელი მოსამართლის ანტონინ სკალიას „კონსერვატორული ორიგინალიზმი“, რომელსაც მიაჩნია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის თავდაპირველ საზრისს.

 

მეორე მხრივ ორიგინალიზმის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ორიგინალისტები, ფაქტობრივად, ორიგიანალური საზრისის კონსტრუირებას თავადვე ახდენენ. საზრისისა, რომელიც არასოდეს მიუღია იმ ხალხს, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუცია და მისი რატიფიცირება მოახდინა. კრიტიკოსთა აზრით ორიგინალიზმი ნაკლოვანი პოზიციაა, რადგან კონსტიტუციის თანამედროვეები ვერ გაითვალისწინებდნენ თანამედროვე სიტუაციებს. მაგ. ორიგინალიზმი ვერ დაიცავს უმცირესობათა უფლებებს, რადგანაც დაფუძნების დროს მათ არ ჰქონდათ იგივე უფლებები, რაც დღეს აქვთ.