დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის შეფასება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან
GeoEng

დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის შეფასება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან

თანამედროვე მმართველობითი საქმიანობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია აღმასრულებელი ორგანოებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების გარეშე. თავისთავად დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობენ სახელმწიფო ორგანოები ადმინისტრაციული პრაქტიკის განხორციელების დროს არ არის შეუზღუდავი. კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტურია რომ დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმა და ასევე მისი გამოყენება არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ძირითად უფლებებს და კონსტიტუციურ პრინციპებს, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ საკითხებზე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. შესაბამისად სახელმწიფო ორგანოს დისკრეცია ობიექტური თვალსაზრისით შეზღუდულია ძირითადი უფლებებითა და თანაზომიერების პრინციპით. პრაქტიკულად მნიშვნელოვანია იმ საკითხის განხილვა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არის თუ არა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაში. ამ კუთხით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან იდენტური ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ერთნაირად შეაფასონ, თუ განსხვავებული მოპყრობა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არის გამართლებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კანონიერად გამოყენების შემოწმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ საერთო სასამართლოებს. საერთო სასამართლოები ამოწმებენ არა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობას, არამედ რამდენად თავისუფალი და კანონიერ ჩარჩოებში იყო მოქცეული ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ისეთი მაღალი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნის გამოცდილების გააზრება, როგორიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა.

 

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ საკმაოდ ადრე, 1959 წელს იმსჯელა დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობაზე თანასწორობის უფლების ჭრილში. განმცხადებელი ასაჩივრებდა იმპორტის ნებართვის შესახებ კანონის იმ მუხლს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას იმპორტის ლიცენზიის არ ქონის შემთხვევაში დაეჯარიმებინა შესაბამისი ადრესატი. შესაბამისად დაჯარიმების ვალდებულება არ ეკისრებოდა ორგანოს თუ ნებართვის პოტენციური მიმღები არ იყო ბრალეული ლიცენზიის არქონაში. ადმინისტრაციული სანქციის სახით ჯარიმის გამოყენება ან გამოუყენებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულების ფარგლებში იყო მოქცეული. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, შეზღუდული დისკრეციის დამდგენი ნორმა არის კონსტიტუციის და მათ შორის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის შესაბამისი. კანონმდებელი არ არის ვალდებული და ვერც გაითვალისწინებს საკანონმდებლო დონეზე ყველა შესაძლო შედეგის განსაზღვრას, კანონმდებელს უფლება აქვს ნორმა ჩამოაყალიბოს იმდაგვარად რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც მას პრაქტიკულად აღასრულებს, ჰქონდეს ინდივიდუალური შემთხვევის მიზანშეწონილად გადაწყვეტის საშუალება. თუმცა აღნიშნული დისკრეციის დამდგენი ნორმა პრაქტიკაში შეიძლება უთანასწორო მოპყრობის საფუძველი გახდეს თუ ადმინისტრაციული ორგანო არ მოახდენს დისკრეციული უფლებამოსილების მართლზომიერ და კანონის შესაბამის გამოყენებას. ხოლო ამის შემოწმება კი შედის ადმინისტრაციული სასამართლოების კომპეტენციაში ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის დროს. კანონმდებელს ზოგადად შეუძლია დაადგინოს ნორმის იმგვარი ფორმულირება, რომელიც აღმასრულებელ ორგანოს დაავალდებულებს შესაბამისი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს ჩარევა, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოს აბსოლუტური მოთხოვნა. როდესაც კანონმდებელი ჩარევის კომპეტენციას ფორმით - “შეუძლია“ ადგენს, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ეს უფლებამოსილება მის განკარგულებაშია, რომლის საშუალებითაც მან მასზე დაკისრებული სახელმწიფოებრივი ამოცანები უნდა განახორციელოს. თუმცა იგი არ ავალდებულებს მმართველობას, პირიქით უსაზღვრავს ჩარევის სფეროს, მასშტაბებს და მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების მართლზომიერად და კანონის შესაბამისად გამოყენებაზე, ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატური შეფასებისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით რომლითაც მიიღწევა მმართველობითი მიზანი. ასეთი ნეიტრალური დისკრეციის დამდგენი ნორმით ადმინისტრაციული ორგანოების აღჭურვა არ მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან წინააღმდეგობაში. იგი შეესაბამება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კანონის ჩარჩოებში მოქცეულ ურთიერთობას და ამით თავიდან იცილებს სამართლებრივი სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში არასაჭირო, არამიზანშეწონილ ჩარევას. თუმცა შეიძლება არსებობდეს ასევე იმის რისკი, რომ მოხდეს დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის უკანონო, მისი საჯარო ინტერესისა და თანასწორობის პრინციპის წინააღმდეგ გამოყენება. ასეთი შემთხვევები საერთო სასამართლოების სისტემაში, ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ექვემდებარება გადამოწმებას. შესაბამისად ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით დისკრეციის დამდგენი ნეიტრალური ნორმა არ არის არაკონსტიტუციური და იგი სრულ შესაბამისობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან. ცალკე აღებული ნეიტრალური ფორმულირების მქონე დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმა განსხვავებულად არ ეპყრობა ადრესატებს, რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უკვე მათი პრაქტიკაში კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენებას აქ უკვე შეიძლება არასწორმა პრაქტიკამ გამოიწვიოს მისი კონსტიტუციურ პრინციპებთან და ძირითად უფლებებთან წინააღმდეგობა (მათ შორის გერმანიის ძირითადი კანონის მე-3 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან), მაგრამ იგი ექვემდებარება საერთო სასამართლოების მხრიდან შემოწმებას. ამ მხრივ ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხორციელებული სასამართლო კონტროლი თუ განხილვა საკმარისი იქნება იმის დასადგენად დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის მიზნების და კანონის წინაშე ყველას თანაბარი მოპყრობის კონსტიტუციური მოთხოვნის დარღვევას.

 

ამდენად, ნეიტრალურად ფორმულირებული დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმა, შეუძლებელია თანასწორობის ჭრილში იყოს პრობლემური. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ მოსარჩელეებმა სწორად დააიდენტიფიცირონ მათი პრობლემა და საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლის წინაშე თანასწორობასთან მიმართებით სადავოდ გახადონ ის ნორმა, რომელიც იწვევს პირთა განსხვავებულ მოპყრობას და არა ისეთი, რომლსაც ყველა პირის მიმართ გენერალური მოქმედების ეფექტი გააჩნია. ამავდროულად, ისიც აღსანიშნავია, რომ საზოგადოდ, სახელისუფლებო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური და მიკერძოებული მოქმედების რისკი. უდავოა, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ დამოუკიდებელი ორგანოს მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამას ვერ გამორიცხავს, მათ შორის, კანონმდებლობით სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების ფარგლების, ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის რელევანტური კრიტერიუმებისა და წინაპირობების ზედმიწევნით ზუსტად გაწერა. საზოგადოდ, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დარღვევის გარკვეული ალბათობა ყოველთვის არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს უფლებამოსილების დამდგენი ნორმა, რომლის ბოროტად გამოყენებაც გამორიცხული იყოს პრაქტიკულად. თუმცა, როგორც აღინიშნა, ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებისთვის არსებობს საერთო სასამართლოების სიტემა და სწორედ იქ უნდა დააყენოს ადრესატმა მის მიმართ შესაძლო დიკრიმინაციული მოპყრობის საკითხი.