დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პლურალისტურ აზრთა ურთიერთჭიდილი ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც აქტიური მოქმედებით ისე კონკრეტული საკითხის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბოიკოტის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა საპარლამენტო საქმიანობაში, განსაკუთრებით ოპოციზიური ფლანგის მხრიდან. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება.
საპარლამენტო ბოიკოტის უფლების კონსტიტუციურსამართლებრივ ფარგლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც დავის საგანს წარმოადგენდა „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარეს მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ არეგულირებს საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და, შესაბამისად, არ არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამასთან, მისი აზრით, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა იმ ამომრჩეველთა ნება, რომლებმაც მოსარჩელის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და ისურვეს მისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში.
მოპასუხე მხარემ განმარტა რომ, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ბოიკოტის დეფინიციას ადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. დასახელებული რეგლამენტის მიხედვით, ბოიკოტი განიმარტება როგორც პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტასა და განხილვაზე უარის თქმის დაშვებული ფორმა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებიდან და პოზიციიდან გამომდინარე და იგი არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სუბიექტს უფლება აქვს, იმავე მოწვევის ფარგლებში, განუსაზღვრელი და, მით უფრო, მთელი უფლებამოსილების ვადით, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტის ყველა სხდომას და ზოგადად საპარლამენტო საქმიანობას. ამასთანავე, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის ცნების ფართო ინტერპრეტაციის პირობებშიც კი, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მხრიდან მასზე აპელირება ირელევანტური იყო, ვინაიდან მოსარჩელემ არ დაიცვა მისი გამოცხადებისთვის აუცილებელი ფორმალურსამართლებრივი პროცედურის მოთხოვნები, რასაც ექსპლიციტურად ადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, უპირველესად განმარტა პარლამენტის როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა და შინაარსი ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტის წევრის სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკუთარი კანონშემოქმედებითი საქმიანობით პრაქტიკულ დონეზე ასახავს ხალხის პოლიტიკურ ნებას საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში და აძლევს ამ ნებას შესაბამის იმპულსს იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად. ამასთან, აღამსრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლით ქმნის მყარ გარანტიებს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის პრაქტიკაში სათანადო ფუნქციონირებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტის მიერ ზემოხსენებული ფუნქციების განხორციელება შეუძლებელია საკუთრივ პარლამენტის წევრთა მიერ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის გარეშე, ვინაიდან სწორედ მათი თავისუფალი მანდატის გამოყენებით მიეცემა დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს მსვლელობა და ხელი ეწყობა საზოგადოების პოლიტიკური ნების პრაქტიკულ რეალიზაციას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ განმარტა, რომ პარლამენტის წევრთა მიერ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არმიღებით იმთავითვე საფრთხე ექმნება პარლამენტის ფუნქციაუნარიანობას, საფრთხის ქვეშ დგება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ეფექტიანად შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც წარმომადგენლობით და პლურალისტურ დემოკრატიაზე, ასევე ზოგადად საზოგადოებრივი ურთიერთობის ფართო სპექტრზე. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, არსებობს იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პარლამენტის წევრი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს ფაქტობრივად განახორციელებს, ხოლო მის განუხორციელებლობას კი მოჰყვება კონკრეტული პოლიტიკურსამართლებრივი შედეგი, მათ შორის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
საკონსტიტუციო სასამართლომ რელევანტური კანონმდებლობის მიმოხილვისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კერძოდ, მოსარჩელის მიმართ წარმოიშვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამაც სადავო დადგენილების მიღება განაპირობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის განმარტა საპარლამენტო ბოიკოტი, როგორც სხდომათა გაცდენის საპატიო მიზეზი და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ფარგლები. სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საპარლამენტო ბოიკოტი რიგ შემთხვევებში პოლიტიკური ბრძოლის დასაშვებ მექანიზმს წარმოადგენს საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ, რომელსაც პოლიტიკური აქტორები იყენებენ გარკვეული სტრატეგიული თუ ტაქტიკური კუთხით, გარკვეული საკითხების მწვავედ დაყენებისა თუ მათი რეზონანსულობის წარმოსაჩენად, თუმცა იგი არ გულისხმობს პარლამენტის წევრთა უფლებას მთელი ვადის განმავლობაში არცერთ სხდომაზე ბოიკოტის უფლებაზე დაყრდნობით არ მიიღონ მონაწილეობა. კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის ასეთ ფართო გაგებას არ ადგენს კონსტიტუციური მართლწესრიგი.
საკონსტიტიტუციო სასამართლომ მიუთითა რომ, კონსტიტუციის მიზნებისთვის ბოიკოტის უფლების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე განვრცობა დააზარალებს პლურალისტური პარლამენტის იდეას, საპარლამენტო ცხოვრებაში განსხვავებულ აზრთა ცირკულაციას, კანონმდებლობის კონკურენტულ, განსხვავებულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პირობებში მიღებას, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ამომრჩეველთა უფლებებზე, დემოკრატიულობისა და მთლიანად სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციურ პრინციპზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული რეგულაცია სამართლიან ბალანსს აწესებდა პარლამენტის წევრის მიერ პოლიტიკური ბოიკოტის გამოხატვის უფლებასა და მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შორის და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარლამენტის სადავო დადგენილება არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
შესაბამისდ, ერთი მხრივ უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალისტური მოსაზრებებისა და იდეების ცირკულაცია, ისევე როგორც საპირისპირო მოსაზრებების დაფიქსირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტის ფორმით თუმცა, მეორე მხრივ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სიკეთეები, რომელიც შეიძლება დაზიანდეს ამ უფლების უკონტურო და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან იზოლირებული გაგებით.