არღვევს თუ არა ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ადვოკატის მეწარმეობის თავისუფლებისა და თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებას
GeoEng

არღვევს თუ არა ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა ადვოკატის მეწარმეობის თავისუფლებისა და თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებას

ადვოკატის როლი და დანიშნულება განუზომლად დიდია სამართლებრივ სახელწიფოში. ადვოკატი, მისი საქმიანობიდან და პროცესუალური როლიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განუყოფელი რგოლია. იგი მარწმუნებლისთვის არის სამართლებრივი რჩევის მიმცემი პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობისას თუ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კლიენტის იურიდიულ ბედს. ამასთან, იგი პასუხს აგებს კლიენტის ინტერესების ხარისხიან დაცვაზე, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკუთრივ მართლმსაჯულების ხარისხსაც.

 

მართალია ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, თუმცა საკუთრივ საადვოკატო საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგულირებადი პროფესია. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატი აუცილებლად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ამ თვალსაზრისით საუბარია ასოციაციაში სავალდებულო წევრობაზე. ხშირად აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი პროტესტის გრძნობას იწვევს პრაქტიკოს ადვოკატებში. მათი მოსაზრებით კანონმდებლობით დადგენილი ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობა ლახავს მათ მეწარმეობის თავისუფლებას ისევე როგორც თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებას. ამ საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 4 ნომებრის გადაწყვეტილებაში და გამოკვეთა რელევანტური კონსტიტუციური სტანდარტები.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ადვოკატისთვის ერთი კონკრეტული ასოციაციის სავალდებულო წევრობის დადგენა გამორიცხავს მის მიერ სხვა ასოციაციის შექმნას და, შესაბამისად ლახავს მისი მეწარმეობის თავისუფლებას. ამასთან სავალდებულო წევრობის დადგენით გამოირიცხება სხვა ასოციაციების არსებობა, რაც ადვოკატთა ასოციაციას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს. დამატებით სავალდებულო წევრობის მოთხოვნა გაუმართლებლად ზღუდავდა ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებასაც. ამასთანავე, მოსარჩელე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატის საქმიანობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გაიგივებული უნდა იქნეს მეწარმის საქმიანობასთან. მას სურს, შექმნას საკუთარი გაერთიანება ადვოკატებისთვის და ამ გზით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა სადავო ნორმა სავალდებულოდ ადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას და ამ ფორმით გაუმართლებლად უზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელე უთითებს, რომ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება მოიცავს ადვოკატის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს და ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ პროფესიულ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მას უნდა გააჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ გაწევრიანდეს ისეთ ასოციაციაში, რომლის საქმიანობის ძირითად პრინციპებსაც ეთანხმება და საქმიანობა განახორციელოს თავისი სურვილის შესაბამისად. სადავო ნორმა, ამის საპირისპიროდ, მას აიძულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, რაც აფერხებს მის საქმიანობას და უფლებების განხორციელებას.

 

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ადვოკატის, ისევე როგორც, სსიპ ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საკუთრივ მათი საქმიანობის შინაარსის/მიზნების მხედველობაში მიღებით, არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე მეწარმეობის თავისუფლებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის დანაწესი არ ზღუდავს ადვოკატის უფლებების შეუფერხებლად განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას. იგი არ გულისხმობს ჩარევას ცალკეული ადვოკატის ინდივიდუალურ, ისევე, როგორც ადვოკატთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების ფარგლებში არის დაცული. მოპასუხემ, დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის ვალდებულების დადგენა მიზნად ისახავს ადვოკატის საქმიანობის, პროფესიაში შესვლის, პროფესიული ეთიკის ნორმების და ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხის ერთიანი წესების საფუძველზე რეგულირებას, რაც, მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე საქმის ფარგლებში რელევანტური კანონმდებლობის, ისევე როგორც, სამართლებრივ სახელმწიფოში ადვოკატის/ადვოკატთა ასოციაციის როლის, შინაარსის გაცხადებული მიზნებისა და ფუნქციური დატვირთვის უპირატესად მხედველობაში მიღებით მიუთითა, რომ მათი მხრიდან არ ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მონოპოლიები საქართველოს კონსტიტუციის გაგებით შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობის მონოპოლიად, ისევე როგორც, ადვოკატთა ასოციაცია - მონოპოლისტად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არ ხდება მეწარმეობის თავისუფლებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული სფერო და აღნიშნა, რომ ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კონსტიტუციურ დონეზე რეგლამენტირება კი, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს არა ინდივიდუალური ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას, არამედ ადვოკატთა კორპუსის/ერთობის კოლექტიურ უფლებას, თვითრეგულირების ფარგლებში შექმნან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოსაგან ჩარევისა და დიქტატის გარეშე გადაწყვეტს ადვოკატის პროფესიასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების ნაწილში მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არანაირად არ ხდება ხსენებულ უფლებრივ ასპექტში ჩარევა, კერძოდ ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისთვის აუცილებელი გარანტიები სწორედ ადვოკატის სტატუსის მიღებიდან იწყებს მოქმედებას, სადავო ნორმა კი ეხება ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწვერიანებას, შესაბამისად ეხება ამ ეტაპამდე წარმოშობილ ურთიერთობას. ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ მისგან ამოკითხვადია არა ინდივიდუალური ადვოკატის უფლება, თავისი საადვოკატო საქმიანობა დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი შეხედულებების, სურვილებისა და პრიორიტეტების მიხედვით, არამედ ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლება, დამოუკიდებლად მოახდინოს ადვოკატის პროფესიისა და საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმის ფარგლებში მოსარჩელე იმას კი არ დავობს, რომ ადვოკატთა ასოციაციას, რომლის ნაწილიც თავად არის, სადავო ნორმით შეეზღუდა თვითრეგულირების უფლება ან მისი რომელიმე კომპონენტი, არამედ სადავო ნორმის გასაჩივრებით, რეალურად აპელირებდა იმაზე, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობით, შელახულია მისი ინდივიდუალური ინტერესები, რაც ცდება დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დაცული უფლებრივი სფეროს ფარგლებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა არათუ ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, არამედ, პირიქით, იგი ხელს უწყობს მის პრაქტიკაში რეალიზაციას, ვინაიდან ადვოკატთა ასეთი სავალდებულო თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა იმ მიზნების მიღწევა, რასაც ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება ემსახურება. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა არ აბრკოლებს მოსარჩელეს და ზოგადად ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის პარალელურად, მათთვის პრიორიტეტული ინტერესების გათვალისწინებით, თავად დააარსონ ამა თუ იმ პროფილის ადვოკატთა ორგანიზაცია და განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ასევე არ ხორციელდებოდა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ უფლებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს, ისევე როგორც 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებას.

 

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია საადვოკატო საქმიანობის როლის, მისი დანიშნულების სწორად გააზრება როგორც საზოგადოებისთვის ასევე უშუალოდ ადვოკატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის შემოსავლის მიღების წყაროა, ეს საქმიანობა უპირატესად საჯარო (და არა კერძო) ინტერესებით არის დატვირთული.