გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტთა ომბუდსმენად, ერთი წლის ვადით, კონკურსის წესით, აირჩევა სამართლის სადოქტორო, სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. მას ეხმარებიან ომბუდსმენის მოადგილე და ომბუდსმენის ოფისის სხვა წევრები. დებულების მიხედვით, ომბუდსმენად, მხოლოდ სტუდენტები იქნებიან არჩეულნი, რაც კიდევ უფრო გაზრდის სტუდენტთა ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ, მით უფრო, იგი მოქმედებს სრული დამოუკიდებლობის, სამართლიანობის, კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიმართოს ომბუდსმენს, თუ იგი თვლის, რომ მისი კანონიერი უფლებები ნებსით თუ უნებლიეთ ილახება. ამისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული ფორმატით და შეავსოთ ეს განაცხადი ან პირადად შეხვდეთ მას, ოფისის წევრებს და აუხსნათ საკუთარი პრობლემის არსი. ომბუდსმენი ვალდებულია წერილობით განაცხადზე წერილობითვე გიპასუხოთ საქმის დეტალურად შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, რისთვისაც მას გარკვეული დრო დასჭირდება - არა უმეტეს 30 დღისა.